მოდელი ქრისტინე ძიძიგური ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ყოველთვის ბევრს შრომობდა და ახლაც ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ რეალიზებული და მოთხოვნადი მოდელი იყოს. საფრანგეთში უკვე კარგად იცნობენ და ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის სახეც გახლავთ. ქრისტინეს ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.
- უკვე ოთხი წელია, რაც პარიზში ვცხოვრობ. შევეჩვიე აქაურობას, ფრანგულ კულტურას. პარიზული ცხოვრების სტილი ძალიან საინტერესო, განსხვავებული და მრავალფეროვანია. დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, მით უმეტეს, რომ მუშაობის პარალელურად, ვსწავლობ კიდეც. ვცდილობ, მეგობრებთან ერთად ხშირად წავიდე ამა თუ იმ გამოფენაზე, დავესწრო სპექტაკლს, კონცერტს ან ახალ ფილმს ვუყურო. აქ უამრავ წარმატებულ ადამიანს ვხვდები და მათგან ბევრ საინტერესო რამეს ვსწავლობ. ძალიან ბევრი ფრანგი მეგობარი მყავს. უცხოელებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა იციან, არასოდეს გიღალატებენ და შეშურდებათ შენი. მოკლედ, ფრანგები ძალიან მომწონს.
- ამ ეტაპზე, რომელ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობ?
- კონტრაქტი პარიზის ერთ-ერთ უძველეს სამოდელო სააგენტოსთან მაქვს დადებული. ამ სააგენტოს მოდის ბიზნესში 30-წლიანი გამოცდილება აქვს.
- რთულია კონტრაქტის პირობების დაცვა?
- კონტრაქტის პირობების დაცვა ადრე უფრო მეტად მიჭირდა. ახლა, როცა სამოდელო საქმიანობაში კარგად გავერკვიე და წესებს თუ მოთხოვნებს მივეჩვიე, კონტრაქტის პირობების დაცვა იოლი მეჩვენება.
- კონტრაქტის მიხედვით, დაოჯახება ხომ არ გეკრძალება?
- არა, კონტრაქტი გათხოვებას არ მიკრძალავს (იცინის), მაგრამ ჯერჯერობით თავად არ მაქვს დაოჯახების სურვილი. თუმცა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი: როცა დიდი სიყვარული მეწვევა, ყველაფერი თავისთავად გადაწყდება.
- უცხო ქვეყანაში კარიერის აწყობა არ გაგიჭირდა?
- ეს მართლაც, ძალიან რთულია. აქ შენგან მაქსიმუმს ითხოვენ, "ნორმალური" და "კარგი" კი არაფერს ნიშნავს; საუკეთესო უნდა იყო, რომ რაღაცას მიაღწიო. აუცილებელია ისიც, რომ ხალხმა გაგიცნოს და მათთვის თავის მოწონება შეძლო, სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა. ამბობენ, რომ პარიზი რჩეულთა ქალაქია და მართლაც, აქ გამორჩეული ხალხი ცხოვრობს და საკუთარი საქციელით შენც გიბიძგებენ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. პარიზში ჩამოსვლა ერთია და თავის დამკვიდრება - მეორე. კონკურენცია დიდია და ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება.
- მშობლები როგორ ეგუებიან შენგან შორს ყოფნას?
- თავდაპირველად, როცა შეიტყვეს, რომ სამოდელო კარიერა პარიზში უნდა გამეგრძელებინა, ძალიან გაუხარდათ. როცა წამოვედი, ეს სიხარული მონატრებაში გადაეზარდათ და მოიწყინეს. სიმართლე გითხრათ, პირველ ხანებში მშობლებისა და ოჯახის წევრების გარეშე ყოფნა თავადაც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე ამ გამუდმებულ მონატრებასაც შევეჩვიე... საბედნიეროდ, აქ ბევრი მეგობარი შევიძინე და მშობლებმა იციან, რომ არაფერი გამიჭირდება. ვცდილობ, საქართველოში ხშირად ჩამოვიდე და ოჯახის წევრებიც ხშირად მსტუმრობენ პარიზში.
- ბოლოს საქართველოში როდის იყავი?
- ახალ წლამდე ვიყავი ჩასული, ახალ წელს კი სამშობლოში დარჩენას ვერ შევძლებდი. სამაგიეროდ, შობას პარიზში დეიდა მესტუმრა. მან სიურპრიზი გამიკეთა, რითაც ძალიან გამახარა.
- ამ ეტაპზე რა მნიშვნელოვანი სიახლეებია შენს ცხოვრებაში?
- რამდენიმე თვეა, რაც "კრისტიან დიორის" პარფიუმერიული სახლის მოდელი გავხდი. ასევე, ვარ "გოტიეს" სახლის მოდელიც. მუდმივად გადაღებები მაქვს, რაც ძალიან დიდ ენერგიასა და შრომას მოითხოვს.
- ფრანგულ ენას კარგად ფლობ?
- ფრანგულ ენას უკვე აკადემიურ დონეზე ვფლობ და სორბონის უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსებზე ვსწავლობ. მომავალში მინდა, ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, კულტურული მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩავაბარო.
- მომიყევი, როგორია შენი ერთი დღე პარიზში?
- დილით ყოველთვის ძალიან ადრე ვდგები და მთელ დღეს ვგეგმავ. ვცდილობ, დრო მაქსიმალურად კარგად გავანაწილო, რათა ყველაფერი, რისი გაკეთებაც იმ დღეს მიწევს, მოვასწრო. დღე იწყება გადაღებებით, მერე მაქვს ლექციები, კასტინგები, საღამოს კი დავდივარ "აქვა აერობიკაზე". შაბათ-კვირას შედარებით თავისუფალი დღის რეჟიმი მაქვს და ზოგჯერ ევროპის სხვა ქალაქებში წასვლასაც ვახერხებ ან დავდივარ ფრანგულ ბარებში, რესტორნებში.
- შეყვარებული თუ გყავს?
- ამჟამად შეყვარებული ნამდვილად არ ვარ, სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით ვარ დაკავებული (იცინის).
- რამდენად შესაძლებელია, რომ უცხოელ მამაკაცზე იქორწინო?
- რა თქმა უნდა, ამაში შეუძლებელი არაფერია. მთავარია, გიყვარდეს და უყვარდე, პატივს გცემდეს, გაფასებდეს... არ გამოვრიცხავ, რომ მაგალითად, ფრანგ მამაკაცზე გავთხოვდე.
- ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, არა?
- სხვათა შორის, უცხოელი მამაკაცები ძალიან ყურადღებიანები არიან, იციან ქალის პატივისცემა. მოსწონთ, როცა ქალს ყვავილებს ჩუქნიან და სიმართლე გითხრათ, ამით Yმეც ხშირად მანებივრებენ. მათ ძალიან ლამაზად იციან საჩუქრის გადმოცემა.
- პარიზში მარტო ცხოვრობ?
- აქ ერთ ფრანგ ქალთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც ჩემი ოჯახის ახლობელია. მინდა გითხრათ, რომ მასთან თავს კომფორტულად და ლაღად ვგრძნობ. საერთოდ, ფრანგები ზედმეტ პრობლემას არასოდეს შეგიქმნიან.
- საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებ?
- მიყვარს ჩემი სამშობლო და ვცდილობ, საქართველოს ხშირად ვესტუმრო, საყვარელი ადამიანები მოვინახულო... რაც შეეხება საცხოვრებლად დაბრუნებას, ამას ჯერ არ ვგეგმავ, რადგან ვფიქრობ, თუ აქ დავრჩები, უფრო დიდ კარიერულ წარმატებას მივაღწევ!
- ალბათ შოპინგი გიყვარს. საინტერესოა, როგორ სამოსს ანიჭებ უპირატესობას?
- არ შეიძლება, საფრანგეთში ცხოვრობდე და მოდას არ მისდევდე. შოპინგი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, მოდის ტენდენციებს მივყვე. მიყვარს ლამაზი ტანსაცმელი.
- პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ ბევრ დროს უთმობ საკუთარი თავის მოვლას. სასურველი ფორმების შესანარჩუნებლად დიეტაზე ყოფნა ხშირად გიწევს?
- დიახ, ჩემი პროფესია მოითხოვს, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო. ვერიდები ტკბილეულს, ცომეულს და ცხიმიან საკვებს. მკაცრ დიეტაზე არასოდეს ვარ, მაგრამ ბევრს ვვარჯიშობ... ვფიქრობ, საკუთარი თავის მოსავლელად დრო ნებისმიერმა ქალმა უნდა გამონახოს: მოვლილი თმა, სხეული, კანი და ა.შ. აუცილებელია იმისთვის, რომ თავდაჯერებულად გამოიყურებოდე.
სოფო ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)