მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოებაში მის მასწავლებლად ცნობილი და მის მიერვე რევოლუციის გზით "ჩამოგდებული" ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევს, რომ ის აუცილებლად უნდა დაიკითხოს და აქვე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავადაც მზად არის პროკურატურის კითხვებს უპასუხოს.
- ბატონო ედუარდ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაკითხონ და პასუხისგებაში მისცენ, როგორ ფიქრობთ, ჩამოვა თუ არა საქართველოში?
- მე ვფიქრობ, რადგან პროკურატურამ უკვე გადადგა ეს ნაბიჯი და სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა, ალბათ ამის სერიოზული მიზეზიც არსებობს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბატონმა სააკაშვილმა კითხვებზე უპასუხოს. რა ფორმით მოხერხდება ეს, ეს სხვა საკითხია, მთავარია ყველაფერი იყოს კანონის დაცვის ფარგლებში.
თუ დაუმტკიცდა სააკაშვილს ბრალი, რატომაც არ უნდა დაისაჯოს?.. ვნახოთ, რას იზამს, ჩამოვა თუ არა. მისი თანაგუნდელები უკვე რიხით ამბობენ, რომ მზად არის, პროკურატურის კითხვებს უპასუხოსო. საინტერესოა, რა ფორმით იზამს ამას.
- თქვენი აზრით, როგორი იქნება ამ შემთხვევაში, დასავლეთის პოზიცია? ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ეს მათთან ურთიერთობაში უარყოფითად აისახოს? მით უფრო, რომ პირველი მესიჯები უკვე წამოვიდა...
- დარწმუნებული ვარ, დაკითხავენ თუ არა სააკაშვილს, ეს დასავლეთთან ურთიერთობაზე არავითარ შემთხვევაში არ აისახება. შეიძლება იყოს ერთი-ორი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც მას ისევ ქომაგობს და მის პოზიციას იცავს, მაგრამ, ძირითადად ამას ისეთები აკეთებენ, ვინც პოლიტიკაში ამინდს ვეღარ ქმნიან.