წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერასთან ყინვისა და ნამქერის შედეგად წუხელ გზა იყო ჩაკეტილი. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ განაცხადა, წალკაში მოთოვა, ტემპერატურა ამ დროისთვის მინუს რვა გრადუსია, რამაც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემები შეუქმნა.
ძლიერი ქარის, ყინვისა და ნამქერის გამო გზა გადაიკეტა და სოფელ იმერასთან 40-მდე მიკროავტობუსი და ავტომანაქანა იყო ჩარჩენილი. გზა სპეციალური ტექნიკით გავწმინდეთ. სოფლებთან მისასვლელი გზები გაყინულია და მარილის დაყრას დილიდან შევუდექით. თოვლის საფარი დიდი არ არის სულ 10 სმ-მდე იქნება, მაგრამ გზებზე პრობლემებს ნამქერი და ყინვა ქმნის", - აღნიშნა ილია საბაძემ.
ძლიერი ქარი იყო წუხელ რუსთავში და ქვემო ქართლის მთელ ტერიტორიაზე. რუსთავში ძლიერმა ქარმა სახურავები დააზიანა და ხეები დაგლიჯა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვამ და ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, ღამით ელექტროენერგია გამოირთო და მისი აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, რიგ სოფლებში დენის მიწოდება დღის პირველ ნახევარში გახდება შესაძლებელი.
"ელექტროენერგიის ხაზები წუხელ ქარბუქმა დააზიანა, დილით მოვიდა შუქი, მაგრამ ისევ გაითიშა. ძლიერი ქარისა და თოვის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და დღის პირველ ნახევრამდე პრობლემა მოგვარდება", - აღნიშნა ბესიკ ბაუჩაძემ.
მისივე განმარტებით, ხულოს ზემო სოფლებში, მათ შორის დანისპარაულში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდეა, 30 სანტიმეტრი ფიქსირდება ბაკი-ბაკოს ხეობაში, ხოლო დაბა ხულოში 10 სანტიმეტრამდე ნალექია.
ბესიკ ბაუჩაძე აცხადებს, რომ თოვლს გადაადგილების მხრივ პრობლემები ჯერჯერობით არ შეუქმნია.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ხულოს მცხოვრებლებმა განაცხადეს, წუხელ ძლიერმა ყინვამ წყალი გაყინა. მათივე განმარტებით, ყინვა იმ ხეხილის მოყინვასაც გამოიწვევდა, რომელიც უკვე აყვავებული იყო.