პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას "დედამიწის საათი" უერთდება. აღნიშნულის გამო, დღეს პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით - 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამოირთვება.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს გლობალურ გარემოსდაცვით აქციას "დედამიწის საათი", რომელიც უკვე ტრადიციულად, ყოველი წლის მარტში იმართება", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. 2014 წელს აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას 154 ქვეყანა იღებს.
"დედამიწის საათს" საქართველო მეექვსედ უერთდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).