ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტომასალას ავრცელებს. ადვოკატი თათუხაშვილის წამებაში ბრალს სამართალდამცველებს დებს. მისი განცხადებით, თითქმის არავინ ინტერესდება, ვინ და რატომ გაიმეტა სამშობლოსათვის თავდადებული, მრავალგზის ბრძოლაგამოვლილი გულადი ბიჭი. ამასთან, ირაკლი ზაქარეიშვილი ინტერესდება, თუ რატომ დუმან სახალხო დამცველი, საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, ვეტერანთა დეპარტამენტი და პოლიტიკური პარტიები.
"ნუთუ შალვა თათუხაშვილი გირგვლიანზე ნაკლები ვაჟკაცი იყო?! ცხონებული პრემიერ-მინისტრის ტუჩზე მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს და ლამისაა, დედამიწა შეძრან. ყველა იმის გარჩევაშია - რამ მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია და პირი რამ დაუზიანა, თათუხაშვილების ოჯახის ტრაგედია კი თითქმის არავის აინტერესებს. თითქმის არავინ სვამს შეკითხვას - საიდან გაჩნდა შალვა თათუხაშვილის სხეულზე მრავლობითი იარები, რომელთა ლოკალიზაცია უტყუარად მიუთითებს უსასტიკესი წამების ფაქტზე. მაინტერესებს, რა არის საყოველთაო დუმილის მიზეზი?! ნუთუ მხოლოდ პიარი, თვითრეკლამა და გამორჩენაა მთავარი, ხოლო სამართლიანობა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით - შერჩევითია?! ჩვენს მიერ სიტყვიერად აღწერილი და დოკუმენტიდან ციტირებული შალვა თათუხაშვილის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები თქვენს გამოსაფხიზლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა?! აგერ ბატონებო, ფოტომასალაც იხილეთ, ეგებ ახლა მაინც აღიქვათ მომხდარის არსი და მნიშვნელობა", - აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატმა, რამდენიმე ფოტო გაავრცელა, თუმცა ფოტოების სიმძიმიდან გამომდინარე, "ამბები.გე" მხოლოდ სამ ფოტოს ავრცელებს.