საქართველოში "მეხუთე კოლონა" ნამდვილად არსებობს, თუმცა ის არ არის იმდენად ძლიერი, რომ რეალურ საფრთხეს შეიცავდეს - ამ მოსაზრებას იზიარებენ პოლიტოლოგები რუსეთისა და ევრაზიის კავშირის მომხრეების მიერ ბოლო დროს გამართულ აქციებზე საუბრისას და დასძენენ, რომ ამ ადამიანების უმეტესობას არა იდეოლოგია, არამედ ფული ამოძრავებს.
მათივე აზრით, დღეს საქართველო ევროპას ხელშესახებად დაუახლოვდა და "რბილი ძალის" ამოქმედება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს სწორედ ამიტომ დასჭირდა, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის მხარდაჭერა სამშობლოს ღალატია.
პოლიტოლოგ ირაკლი კიკიანის აზრით, "მეხუთე კოლონა", რომელსაც რუსეთი საქართველოში ათწლეულების მანძილოზე აყალიბებდა, არცთუ სერიოზული საფრთხეების შემცველია. ამის თქმის საფუძველს კი პრორუსულად მოაზროვნე ადამიანების მცირე რაოდენობა აძლევს.
"მსგავსი აქციები დემოკრატიის განმსაზღვრელი არ გახლავთ, ვინაიდან ჩვენ საქმე საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდასთან, მის განდიდებასთან და მისი პოლიტიკის გამართლებასთან გვაქვს. ეს კი მთელ სამყაროში დასჯადი ქმედებაა. ეს იგივეა, რომ აშშ-ში გარკვეულმა ჯგუფმა "ალ ქაიდას" მიმართ აქტიური მხარდაჭერა გამოხატოს. აქ უკვე სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და თავისი სათქმელი თქვას," - აღნიშნა კიკიანმა.
რამდენიმე ათეული ადამიანის მიერ გამართულ აქციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, თუმცა ფაქტს არასასიამოვნოდ მიიჩნევს. ამბობს, რომ მათი მიზანი სწორედ ყურადღების მიქცევა და ხმაურის ატეხვაა. თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ ამ ადამიანების გამოჩენა და ის, რომ მათ აქციას ვიღაცამ ორგანიზება გაუწია, "მეხუთე კოლონის" არსებობას ცხადყოფს.
"ჩვენს საზოგადოებაში მტრულად განწყობილი ქვეყნის თუნდაც ერთი მხარდამჭერი უკვე "მეხუთე კოლონის" არსებობაზე მეტყველებს. მით უმეტეს, როდესაც ეს ერთი კი არა, რამდენიმე ათეულია, როგორც ეს აქციაზე გამოჩნდა. გასაგებია, რომ მათ ორგანიზებაზე ვიღაცამ იზრუნა. ეს სერიოზულად მისაღები მოვლენა არაა, მაგრამ ყურადღების მიქცევა საჭიროა", - აცხადებს მენაღარიშვილი.
საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს უჭირს იმის ახსნა, თუ რატომ არ გამოდიოდნენ რუსეთის მხარდამჭერები წინა ხელისუფლების დროს და რატომ აიმაღლეს ხმა ახლა, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ მსგავსი შეკრებები მაშინაც მოწყობილიყო და ეს საზოგადოებას ვერ გაეგო, ვინაიდან, მისი თქმით, მაშინ საინფორმაციო სივრცე ბევრად უფრო დახურული იყო.
ნატოსა და ევროკაშვირთან საქართველოს დაახლოების მოწინააღმდეგეთა აქციების გამართვა პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს იმაში არწმუნებს, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი სხვაგან ვერ დასაქმდა და იძულებული გახდა მათთვის მისაღები წარმოშობის ფულს დათანხმებულიყო. ამბობს, რომ ე.წ. "რბილი ძალის" არსებობაში ყოველდღიურად დავრწმუნდებით, რადგან ეს მარტივად პროგნოზირებადი პროცესია.
პოლიტოლოგის აზრით, ასეთი პროვოკაციული ხასიათის აქციები განსხვავებული აზრის გამოთქმის ჩარჩოებს სცილდება და მხოლოდ ერთს ემსახურება - რუსეთს საკუთარი სურვილი შეასრულებინოს და საქართველო პრორუსული სახელმწიფო გახადოს. თუმცა, ცისკარიშვილის თქმით, ეს არ მოხდება და ამის დასტური მავე აქციების დროს გამოჩნდა.
"ვფიქრობ, ამაზე უშიშროებისა და უსაფრთხოების საბჭომ სერიოზულად უნდა იმსჯელოს და იმ ფინანსური წყაროებით დაინტერესდნენ, წვიმის მერე ამოსული სოკოების სიმრავლის მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ ასულდგმულებს. თუ კნაონიერი გზით ამ სიტუაციის დამშვიდება ვერ მოხერხდება, საზოაგდოების აქტიური ნაწილი იძულებული გახდება წესრიგის აღდგენას თავად შეეცადოს. ეს კი, რა თქმა უნდა, არასასურველია", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის მიზანი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა არ არის. ამბობს, რომ მათ დღევანდელი საქართველოს მუდმივი დისკრედიტაცია და ევროპისთვის იმის დანახვება სურთ, რომ საქართველო რუსეთზე ორიენტირებული სახელმწიფოა და მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს სხვაგვარად. არეულობა კი, ცისკარიშვილის აზრით, ჩვენს ქვეყანაში, რუსეთის ხელისუფლების ძირითადი მიზანია, რათა ქვეყანა არ იქნას წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიული გარდაქმნების ერთგული სახელმწიფო.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ დაპირისპირება პიკს 15-16 ივნისს მიაღწევს, რადგან რუსეთს არ სურს საქართველო კვლავ დემოკრატიული არჩევნების შემძლე იყოს. ამის თავიდან ასაცილებლად კი, მისი აზრით, ხელისუფლების შესაბამისი ქმედებაა საჭირო. მათ შორის კანონმდებლობის დახვეწის კუთხითაც.
"პროვოკატორებს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. კიდევ ვამბობ, რომ ეს განსხვავებული აზრის გამოხატვა არ გახლავთ. ეს საქართველოსთან საომარ ვითარებაში მყოფი სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რასაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში სამშობლოს ღალატი ჰქვია", - აცხადებს პოლიტოლოგი და დასძენს, რომ პრორუსული ძალების ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გააქტიურებას ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - "საქართველოს ევროპეიზაციის პროცესები დღეს ყველასთვის ბევრად უფრო დამაჯერებელია და ეს რუსეთისთვის მიუღებელია".
თაკო მათეშვილი
გაზეთი "რეზონანსი"