ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი 10 წელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. სოჭის ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ კი, თავს ცოტა ხნით დასვენების უფლება მისცა. ელენეს ამერიკაში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ.
- სოჭიდან რომ ჩამოვედი, ცოტა არ იყოს, დაღლილი ვიყავი. ახლა კარგად ვარ. თბილისში ყოფნა ძალიან მიყვარს. გუშინ ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ვიყავი. მინდოდა, ჩემი გულშემატკივარი ბავშვები მენახა. დედაქალაქში დადებითი ემოციებით დატვირთული, კარგ ხასიათზე მყოფი ჩამოვედი. სასიხარულოა, რომ ქართველ ბავშვებს ფიგურული სრიალი ასე უყვართ და მეც მგულშემატკივრობენ (იღიმის). პატარებთან ერთად ვისრიალე. მონდომებულები არიან. მინდა, ფიგურული სრიალის ფედერაციის წევრი გავხდე და ჩემი გამოცდილებით ბავშვებს და ფედერაციის პრეზიდენტს - მაკა გიორგობიანს დავეხმარო. მაკა ცდილობს, სპორტის ამ სახეობის გასაღვივებლად ბევრი რამ გააკეთოს. პირადად მეც ძალიან დამეხმარა.
- გვიამბე, სოჭის ოლიმპიადისთვის როგორ ემზადებოდი?
- ისე გამოვიდა, რომ ამერიკიდან ისევ კანადაში დავბრუნდი. ეს ცოტა რისკიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ მე და მაკა ბევრი ფიქრის შემდეგ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე.
- კანადაში დაბრუნების მიზეზი რა იყო?
- ბოსტონში მწვრთნელთან ურთიერთობა გამიჭირდა, თითქოს ვერ შევეწყვე. ალბათ ეს იმის ბრალიც იყო, რომ კანადაში დაბრუნება მინდოდა...
- ანუ სოჭის ოლიმპიადისთვის კანადაში მოემზადე?
- კი. ისე მოხდა, რომ ზაფხულში ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და ძალიან ცოტა ვისრიალე. შემდეგ ვარჯიში ბოსტონში გავაგრძელე და ლიცენზია მოვიპოვე, რომ ოლიმპიადაზე გამოვსულიყავი...
- კანადაში დაბრუნება შენთვის რისკიანი ნაბიჯი რატომ იყო?
- როცა შეჯიბრების დრო ახლოვდება, მწვრთნელს არავინ იცვლის, მაგრამ მე გავრისკე და ძველ მწვრთნელს დავუბრუნდი.
- შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად განსაკუთრებულ რეჟიმს იცავდი?
- ვარჯიშის რეჟიმი დიდად არ იცვლება, რადგან ყველა შეჯიბრებისთვის თითქმის ერთნაირად, სტაბილურად ვემზადებით... გადაღლილი ვიყავი, რადგან რთული სეზონი მქონდა, მაგრამ ჩემმა მწვრთნელმა იმ დონემდე მიმიყვანა, რომ ოლიმპიადაზე, მოკლე პროგრამაში ძალიან კარგად გამოვედი. მიმაჩნია, რომ გრძელი პროგრამაც არ იყო ცუდი...
- თუმცა ქართველების კრიტიკა მაინც დაიმსახურე. ალბათ იმიტომ, რომ წარმატებული გამოსვლებით უფრო ხშირად გვანებივრებ.
- მეც მინდოდა, უკეთესი შედეგი მქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მიმაჩნია, რომ ცოტათი მართლა დამჩაგრეს... ხალხის კრიტიკას რაც შეეხება: საქმე რაც უნდა კარგად გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, - ამის გაკეთება უკეთესადაც შეიძლებოდაო. როცა ისეთი სტრესული და მნიშვნელოვანი შეჯიბრება ტარდება, როგორიც ოლიმპიადაა, ძალის მოკრება და მობილიზება რთულია. მიუხედავად ხალხის დიდი ნაწილის კრიტიკისა, მხარდამჭერებიც მყავდა. ვფიქრობ, ამან გამაძლიერა. ვცდილობდი, ნეგატიური კომენტარებისთვის ყურადღება არ მიმექცია.
- სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა. შენს შემთხვევაში როგორ მოხდა, გაგიჭირდა გადაწყვეტილების მიღება თუ გამგზავრება უყოყმანოდ დაგეგმე?
- მინდოდა ის გამეკეთებინა, რაც ჩემი სამშობლოსთვის უკეთესი იქნებოდა. სოჭის ოლიმპიადაზე არც წასვლას გავაპროტესტებდი და არც - წაუსვლელობას. ოლიმპიადა ისეთი შეჯიბრებაა, რომლისთვისაც ყველა სპორტსმენი 4 წელი ემზადება. მასში მონაწილეობით ადამიანებს სამშობლოს წარმოჩენის დიდი პატივი აქვთ.
- შარშანწინ, როცა ქვეყანაში ძალიან დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, მიხეილ სააკაშვილისადმი შენი ვიდეომიმართვა (რომელშიც მადლობას უხდიდი) გავრცელდა, რასაც საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა...
- ეს ძალიან ძველი ვიდეო იყო. მე მას მადლობა იმიტომ გადავუხადე, რომ 2006 წლამდე მართლა არავინ მეხმარებოდა. არადა, ძალიან გვიჭირდა, ცუდ სიტუაციაში ვიყავით. ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ რომ დამეხმარნენ, ძალიან გამიხარდა. ეს სააკაშვილს კი არა, სხვა ვინმესაც რომ გაეკეთებინა, მადლობას მასაც გადავუხდიდი. ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია... როგორც აღვნიშნე, ინტერნეტში ძველი ვიდეო გაავრცელეს და ხალხი ვერ მიხვდა, ექსპრეზიდენტს მადლობას რისთვის ვუხდიდი.
- ახლა სახელმწიფო ისევ გეხმარება?
- ჩემს დაფინანსებასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, რისთვისაც მადლობელი ვარ.
- როგორც ვიცი, წინათ რუსები განაწყენებულები იყვნენ იმის გამო, რომ შეჯიბრებებში მათი ქვეყნის სახელით არ მონაწილეობდი. მათგან ასეთ დამოკიდებულებას კიდევ ხომ არ გრძნობ?
- არა, არა. მართლა ძალიან თბილად მხვდებიან. ის ხალხი, რომელთანაც რუსეთში ცხოვრებისას ვურთიერთობდი, ჩემ მიმართ ცუდად განწყობილი არ იყო. საკუთარი სამშობლოს პატრიოტი ვარ და მინდა, შეჯიბრებებზე ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ გამოვიდე, საქართველო ვასახელო.
- უცხოეთში როგორ ცხოვრობ? შენი ჩვეულებრივი დღის რეჟიმი როგორია?
- საქართველოდან წასვლა მიჭირს ხოლმე, რადგან მეგობრები აქ მყავს... ჩემი მშობლები ამერიკაში არიან, მაგრამ კანადაში მარტო ყოფნა მიწევს. პირველი 2 წელი ძალიან გამიჭირდა, რადგან ახლობლებისგან შორს ვიყავი, მშობლებიც ვერ ჩამოდიოდნენ და ვარჯიშის გამო, მათთან ხშირად ჩასვლა მეც არ შემეძლო. სპორტი (მით უმეტეს - ფიგურული სრიალი) ისეთი რამ არის, რომ მისთვის თავი უნდა გადადო, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებას ვერ მიაღწევ. ჰოდა, მეც ბევრი რამის გადადება და დათმობა მომიხდა. ყოფილა შემთხვევა, როცა გადაღლილს მითქვამს, - ვაიმე, აღარ შემიძლია-მეთქი. ასეთ დროს დედას და ფედერაციის პრეზიდენტს ვურეკავდი. ვსაუბრობდით და სტრესული მდგომარეობიდან მათ გამოვყავდი. მაკა გიორგობიანის მხარდაჭერა რომ არა, ამ სეზონამდე მართლა ვერ მოვიდოდი...
- რაიმეზე განსაკუთრებულად თუ გწყდება გული, რისთვისაც სპორტის გამო ვერ მოიცალე?
- რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ სამშობლოში იმდენ ხანს ვერ ვატარებ, რამდენიც თავად მსურს. სამშობლოსგან, მეგობრებისგან, ნათესავებისგან შორს ვარ, რის გამოც ხანდახან იმ სითბოს მოკლებული ვარ, რაც ძალიან მჭირდება. მორწმუნე ადამიანი გახლავართ, იქ კი იმდენი ეკლესია არ არის, რამდენიც - აქ და ესეც არ მომწონს. უცხოეთში სულ სხვა გარემოა, ჩვენგან განსხვავებული ხალხი ცხოვრობს. ვფიქრობ, საქართველო განსაკუთრებული ადგილია - ხალხით, კულტურით, ტრადიციებით, სითბოთი... აქ ოჯახს სხვა ღირებულება აქვს. უცხოეთში კი ზოგჯერ, და ძმას სასამართლოში უჩივის, ოჯახის წევრს სახლიდან აგდებენ... ყველა ქვეყანას თავისი ფასეულობა, წეს-ჩვეულება აქვს. ქართველებს რაც გვაქვს, ეს უნიკალურია და ამას ძალიან ვაფასებ.
- შენი ძმა - დიტო მოთხილამურეა. მისი კარიერა როგორ ვითარდება?
- დიტო ამერიკაშია და სულ ვარჯიშობს. შარშან იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 25-ე ადგილი დაიკავა. ახლაც ბევრ შეჯიბრებაში მონაწილეობს. სლოუფსთაილშიც ჩართულია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში ახლახან შეიტანეს. დიტო ბავშვობიდან აკრობატიკაზე დადიოდა, რამაც საქმე გაუადვილა. მინდა, წარმატება ვუსურვო!
- როგორც ვიცი, ბავშვობიდანვე "თანამზრახველები" იყავით და "შტაბებს" აშენებდით...
- (იცინის) კი, კი, ახლაც ასე "ვმაიმუნობთ". სოციალური ქსელები "გაღვივებულია", რაც კონტაქტში გვეხმარება: ერთმანეთს სურათებს ვუგზავნით, ინფორმაციებს ვცვლით. მე მისი მესაიდუმლე ვარ და რჩევებსაც მეკითხება ხოლმე. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავეხმარო. იცის, რომ ყველაფერში მხარს დავუჭერ. დიტო მეც მეიმედება. ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და ყოველთვის ასე იქნება.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- გასულ ზაფხულს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ერთად ვართ.
- ანუ რომანი გაქვთ?
- პაემნებს მინიშნავს და მეც ვხვდები ხოლმე. მას ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს, როგორც პიროვნება. ისე, მგონი, შეყვარებული არ ვარ. ნუ, ჯერჯერობით მაინც (იცინის)!..
- ვინ არის შენი მეგობარი, რას საქმიანობს?
- ამერიკელია, წარმოშობით - ფრანგი. მოთხილამურე გახლავთ.
- შენმა ძმამ თქვენი ურთიერთობის შესახებ იცის?
- იცის და მგონი, თავდაპირველად ამ ფაქტთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს (იღიმის).
- შენს უახლოეს გეგმებში დაოჯახება თუ შედის?
- 24 წლის ვარ და რა თქმა უნდა, ამაზე ნაფიქრი მაქვს, მაგრამ არ ვჩქარობ. მიმაჩნია, რომ ყველაფერი წინ მაქვს.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)