ტელეწამყვანი ვახო სანაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტავს, თუ რატომ ტარდება საქართველოში პრორუსული აქციები.
"მოდი, დავფიქრდეთ, რატომ ტარდება პრორუსული აქციები?! მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ვიღაც მივიდეს, ვინც ემხრობა საქართველოს დასავლურ კურსს და მოხდეს დაპირისპირება. ეს დაპირისპირება რას ემსახურება? იმას, რომ შეიქმნას ილუზია (!), რომ თითქოს საქართველოში აზრთა სხვადასხვაობაა საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს აზრთა სხვადასხვაობა არის დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო უკრაინაში. ამ მიზნის მიღწევას ცდილობენ. მერე ამ დაპირისპირების გაშუქებით იხსნება საინფორმაციო გამოშვებები. საბოლოოდ ეს ყველაფერი რას ემსახურება? კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ილუზიის შექმნას საქართველოში და ასევე მთელი მსოფლიოს დასანახად. საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ შეფერხდეს საქართველოს ევროატლანტიკური სვლა. და სად არის აქ პასუხისმგებლობა მათი, რომლებიც ასეთ თამაშში ერთვებიან და აზრს სძენენ ამ მცირერიცხოვან პროვოკაციულ პრორუსულ აქციებს და ხელს უწყობენ ამ დაპირისპირების შექმნას??", - წერს სანაია.
შეგახსენებთ, დღეს პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაციამ "დედამიწა ჩვენი სახლია" რუსეთის მხარდამჭერი აქცია გამართა, რომელიც ინციდენტით დასრულდა.
დაპირისპირებით დასრულდა ასევე ორი დღის წინ "კინოს სახლში" გამართული აქცია, სადაც "ევრაზიის ინსტიტუტის" ორგანიზებით, იუგოსლავიის დაბომბვისა და ქვეყანაში შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას პროტესტი მოჰყვა. "ევრაზიის ინსტიტუტის" მოწინააღმდეგეებმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატეს, რაც აქციაზე ნატო-ს საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები მოისმინეს.
შენობის გარეთ ორი საპირისპირო აქციის მონაწილეებს შორის ხელჩართული ჩხუბის შედეგად სამი პირი დააკავეს.