მუხროვანის სპეცოპერაციის დროს დაღუპული გია კრიალაშვილის დას მიაჩნია, რომ ტელევიზიით გაკეთებული მიხეილ სააკაშვილის განცხადება ერთგვარი აღიარებითი ჩვენების მიცემა იყო. როგორც ლია კრიალაშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა განცხადებით დაადასტურა, რომ 2009 წელს სპეცოპერაციის ჩატარებაზე ნებართვა სწორედ მისი მხრიდან იყო გაცემული, მათ შორის ლიკვიდაციის საკითხზეც. ამიტომ სააკაშვილი უნდა დაიბარონ არა როგორც მოწმე, არამედ როგორც დამნაშავე.
"ალია" კომენტარისთვის ლია კრიალაშვილს დაუკავშირდა:
- სააკაშვილის ინტერვიუ არის აღიარებითი ჩვენება, რომ მან გასცა ბრძანება, გია, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე ჩაეცხრილათ. მან თქვა, რომ ჰქონდა გაცემული ბრძანება და ჯარი მზად იყო, რომ მუხროვანში შევარდნილიყო, მერე კი ბომბდამშენებით ამოეჟუჟათ იქ მყოფი ხალხი. რომელი მამაცი და გმირი ეს ნაძირალა და მკვლელია, რომ დანაღმულ ოთახში შესულიყო მერაბიშვილთან ერთად და იქ ელაპარაკა? ამიტომ მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მისი დიდი იმედი მაქვს და ბადაშვილს, რომ მიშას შეეცვალოს კვალიფიკაცია და დაბარებული იქნას არა მოწმის სტატუსით, არამედ დამნაშავის სტატუსით. საკმაოდ კარგად მუშაობს პროკურატურა, ძალიან კმაყოფილი ვარ და მჯერა, ბრალად წაუყენებენ.
- როგორც ვიცი, თქვენ პროკურატურაში ბრძანდებოდით, წარადგინეთ დოკუმენტები, ფარული ჩანაწერებიც. რა ხდება ახლა, რა ეტაპზეა გამოძიება, საქმის კურსში ხართ?
- პროკურატურასთან ხშირად მაქვს კავშირი, ყოველთვის მირეკავენ, მაყენებენ საქმის კურსში, რა ეტაპზეა გამოძიება, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ ვიტყვი, თუმცა გარწმუნებთ, კმაყოფილი ვარ გამოძიების მიმდინარეობით. მათ უკვე აქვთ მტკიცებულება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი და მერაბიშვილი-სააკავშილის ბრძანებით მოხდა გიას ლიკვიდაცია.
- ცოტა ხნის წინ თიანეთისკენ მიმავალი გზა იყო გადაკეტილი, თქვეს, რომ ექსპერტიზა ტარდებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც თქვენი ძმა ჩაცხრილეს. ხომ არ იცით დეტალები, რამე იპოვეს?
- არ ვიცი დეტალები, მაქვს მხოლოდ ის ინფორმცაია, რომ ტყვიები მოიძიეს. არ ვიცი, ზუსტად რას ეძებდნენ, მაგრამ იქ სროლის დროს რაიმე ნივთმტკიცება დარჩებოდა. ერთი კი ზუსტად ვიცი, ფარული ჩანაწერი, რომელიც პროკურატურას გადავეცი, გაიშიფრა და ექსპერტიზას გადაეგზავნა უკვე. ხომ იცით, ბევრ დეტალს არც მეტყვიან. მე რომ ვკითხე გამომძიებელს, მან მიპასუხა, ეგ ჩვენ ვიცითო.
- სააკაშვილის გარდა, ვის დასჯას ითხოვთ კიდევ?
- თარგამაძე, უგულავა, მარიკა ვერულაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი - ყველა უნდა დაისაჯოს. მე მაქვს კადრები, რომ ყველა ეს ადამიანი იქ იმყოფებოდა, როგორ ყვირის მარიკა ვერულაშვილი, "რუსთავი 2" მაინც გამოუშვით, რომ კადრები გადაიღოსო. ეს კადრები ხელში მიჭირავს. ვანო იგინება იქო, სად არიან კამერები, რომ გადაიღონო. რისი გადაღება უნდოდათ იქ? თავიანთი ბელადი რომ სიცილით შედიოდა? ვის სჯერა, რომ ეს ლაჩარი, რომელმაც გორის მიწა მოხნა, აჯანყებულ ბატალიონში სიცილით შევიდოდა? იმავე კადრებში ჩანს, როგორ აწამებენ ვიღაცებს, იმათი გმინვა და კვნესაც ისმის. მარტო მე მაყენებენ ტკივილს ეგენი? არ აყენებენ ჟვანიას ოჯახს? დანარჩენებს? ხომ უნდა დასრულდეს ეს პროცესი.
- დაბოლოს, რამდენ ხანში ელოდებით გამოძიების დასრულებას?
- ვერ დავემდურები პროკურატურას, რადგან ვხედავ, იქ რამდენი გამოსაძიებელი საქმეა. იძიებენ ყველაფერს, ნუ გავლანძღავთ მათ, რადგან არ არიან ამის ღირსები. მალე დასრულდება მაგ მიუნჰაუზენის საქმეები. თავის ფავორიტ მერაბიშვილსაც ლანძღავს უკვე, უაზრო ფრაზებს ისვრისო.
- მე პროცესის გაწელვისაც არ მეშინია, მთავარია, სრულყოფილად იქნას გამოძიებული. იმის შიშიც არ მაქვს, ერთ თვეში დასრულდება გამოძიება, თუ 3 თვეში. მე თუ მკითხავთ, თარგამაძეს, სააკაშვილსა და უგულავას სამუდამო პატიმრობა ეკუთვნით. ჩემგან გადასცენ მაგ ნაძირალას, თუ ამნეზია დაემართა და არ ახსოვს, მუხროვანში როგორ აღმოჩნდა, მე გავახსენებ. სააკაშვილს მოჩვენება აქვს და იქნებ ვინმე მადლიანმა კლინიკაშიც წაიყვანოს. ნუ ახსენებს ეგ გიჟი ჩემს ძმას, რადგან, როცა გია იბრძოდა, ეგ "გულაობდა" და როცა ომი იყო, თავისი ბინძური ცხვირით გორის მიწა მოხნა. ყვველა ობიექტი თავად მიჰყიდა რუსეთს და ვინაა "გერეუშნიკი?" ჩემი ძმისშვილები თავაწეულები გამოვლენ ქუჩაში, რადგან გმირი მამა ჰყავთ, ხოლო მაგის შვილები ვერ ეღირსებიან მათი მამა ჩემი ძმასავით ტაშის გრიალით და ერის დატირებით გასვენდეს.
ჟანა ასანიძე