ავტორი:

"ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ ვერავინ გაგვხლეჩს, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ... ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან "მამული, ენა და სარწმუნოება" - რატი ამაღლობელი საჯარო მოხელეებს მიმართავს

"ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ ვერავინ გაგვხლეჩს, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ... ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან "მამული, ენა და სარწმუნოება" - რატი ამაღლობელი საჯარო მოხელეებს მიმართავს

"ჩვენს საპროტესტო მოძრაობას - "აპრილის მოძრაობას“ ისტორიაში "აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა, საქართველოს გაზაფხული და ჩვენ ვამბობთ - "კი ევროპას, არა რუსეთს! ძალა ევროპაშია!“ - განაცხადა პოეტმა რატი ამაღლობელმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე.

მან იმ საჯარო მოხელეებსაც მიმართა, ვისაც აიძულებენ აქციაზე წავიდეს - "ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას"- ამბობს ამაღლობელი.

"ძალიან ბევრი ადამიანი რეგიონებიდან, მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, სკოლის პედაგოგები, ძალიან წუხან. ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ - ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ ვერავინ გაგვხლეჩს, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას, იმიტომ რომ დღეს "ქართული ოცნება" ტყუილსა და პროვოკაციაზე დგას, ამიტომ ჩვენი ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ხვალინდელ აქციას, მათ დაარქვეს "მამული, ენა, სარწმუნოება", ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან "მამული, ენა და სარწმუნოება". ჩვენ არ დავთმობთ ამ სამთაგან არცერთს. მნიშვნელოვანია, როგორც რწმენა, ისე რწმენის თავისუფლება საქართველოში. აქ, ჩვენი რწმენის გამო ვართ! თავისუფალი, ლაღი, ბედნიერი საქართველოსი გვწამს ჩვენ".

აქციაზე შეკრებილები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

აქცია - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.