შს მინისტრის განცხადებით, ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ამავე გადაცემაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი, დასრულებულია.
"ამ წუთების ინფორმაციით, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყნების საშუალებით, ადამიანების ევაკუირება", - განუცხადა გიორგი გახარიამ "რუსთავი 2"-ს.
შს მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს. შს მინისტრი აქცენტს გამოძიების პროცესის დროულ ვადებში დასრულებაზე აკეთებს.
"ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ამ წუთებში გვაქვს, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების საშუალებით ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ
მეშვიდე სართულზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო მაშველებს, მათ შეძლეს ამოცანის გადაჭრა და ის ხალხი, რომელიც იყო ბლოკირებული, გადაარჩინეს.
თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საგამოძიებო პროცესის დასრულება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.
უწყებაში განმარტავენ, რომ ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების გამოყვანის სამაშველო ოპერაციაში მყისიერად ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი. ყველა დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.
მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925
წაიკითხეთ ასევე: შსს-ს განახლებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი - "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია