ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. ამის შესახებ შსს-ს მიერ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მანამდე შსს აცხადებდა, რომ გარდაცვლილი იყო 12 ადამიანი.
ნახეთ ასევე: პრემიერ -მინისტრი უკვე ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდთან" იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა