თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ზოდელავას ახლო მეგობარი "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია წერს:
"...დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენასაჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენასაჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ.... მერე ადგება ეს ტაქსის მძღოლი, გაარემონტებს მანქანას და ჰერი ჰერი კიდევ ახალი მოსახდენი და პოტენციური საავტომობილო მკვლელობებისკენ....რატომ? როდემდე?", - წერს ზაზა შენგელია.
ვანო ზოდელავა 1998-2004 წლებში იყო თბილისის მერი. არსებული ინფორმაციით, იგი "ნიუ ჰოსპიტალშია" მოთავსებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
უმძიმესი ავარია, რომელშიც ზოდელავა დაშავდა, წუხელ ქვემო ფონიჭალაში მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ოპელის მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი, თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იხილეთ: ფოტოები ავარიის ადგილიდან, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი მძიმედ დაშავდა