ისანში, სასტუმრო "რიჩის" ეზოში, ავტობუსის შევარდნის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. არამიანცის ეზოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში 18 პაციენტია გადაყვანილი.
იხილეთ სლაიდშოუ| შემთხვევის ადგილი
"18 პაციენტს პოლიტრავმები და ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ზუსტ დიაგნოზს ექიმები დასვამენ, რომლებმაც პაციენტები ჩაიბარეს", - განმარტეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.
ისანში სასტუმრო "რიჩის" ეზოში სამგზავრო. ე.წ. ყვითელი ავტობუსი ცოტა ხნის წინ შევარდა. ავტობუსში დაახლოებით 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის ჯანმრთელობის დაზიანება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.