დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა , ამ წუთებში ადგილზე ისმის ვერტმფრენების ხმა, თუმცა ცუდი ხილვადობიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, მიმდინარეობს თუ არა სამაშველო სამუშაოები. ამასთან, ვერ ხერხდება დაკავშირება 4 ადამიანთან, რომლებიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში ჰესის გვირაბში იმყოფებოდნენ.
"დაახლოებით, 22:10 საათი იქნებოდა, როდესაც გაისმა საშინელი გრუხუნი. გახსოვთ, რომ 17 მაისს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა ნაწილი დარჩა და შემდეგ გეოლოგები დაკვირვებას აწარმოებდნენ. ახლა ჩამოწვა მეორე ნაწილი. ჩაირთო სპეციალური ე.წ. გამაფრთხილებელი სასიგნალო მოწყობილობა და ჰესის თანამშრომლები, ასევე მგზავრები, რომლებიც ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოემართებოდნენ მთის ფერდობს შეეფარნენ. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. საბედნიეროდ, მდინარე თერგი არ ჩაკეტილა. ამ წუთებშიც მიედინება ეს წყალი, პემზანარევი შავი მასა მოაქვს, მაგრამ რა არის, კარგად ვერ ვარჩევთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ღვარცოფული ჩამონატანების შედეგად გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დარიალის ხეობაში ვითარების გასაცნობად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე გაემგზავრნენ.
ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გივი ქირიკაშვილის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მეწყერის ჩამოწილის ადგილას სამაშველო სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.
"დარიალის ხეობაში გზა გადაკეტილია. არაფერი ჩანს, ძლიერი წვიმაა და მოგვიწია უკან, სტეფანწმინდაში დაბრუნება. არავითარი ინფორმაცია არ გაქვს მსხვერპლის თაობაზე. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით ჰესის 4 მუშის ადგილსამყოფლის შესახებ, რომლებიც გვირაბში იმყოფებოდნენ. ძლიერი წვიმაა და დილამდე, ალბათ, ვერ მოხერხდება ვერც მგზავრების და ვერ მონასტერში შეკედლებული ხალხის გამოყვანა", - განაცხადა გივი ქირიკაშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:
"მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134 კმ-ზე ღვარცოფული გამონატანის შედეგად გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში ყველა სახის ავტო-ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. პირველადი ინფორმაციით, ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, დევდორაკის ხეობაში მთის მასა ჩამოწვა. ცუდი ხილვადობის გამო ამ ეტაპზე, შეუძლებელია განისაზღვროს, ჩამონაშალის რაოდენობა და შემადგენლობა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თერგის დაგუბების საშიშროება არ არსებობს, რადგან მდინარემ თავისით იპოვა დროებით კალაპოტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგანგებოდ მოაწყო. არსებული მონაცემებით მსხვერპლი არ არის. სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დარიალში მეწყერი 17 მაისაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.