გრანდიოზული მშენებლობა თბილისში: დახრილი ლიფტები , დაკიდული ბაღები - "პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

გრანდიოზული მშენებლობა თბილისში: დახრილი ლიფტები , დაკიდული ბაღები - "პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

"თანაინვესტირების ფონდი" თბილისში განახორციელებს გრანდიოზულ პროექტს პირობითი სახელწოდებით "პანორამა - თბილისი". როგორც სასტუმრო "თბილისი მარიოტში", პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა , პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი - აერთიანებს, რომლებიც იფუნქციონირებენ როგორც ერთი მთლიანი.

პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით.

"პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ, ოთხ მსხვილ ტურისტულ და ბიზნეს ცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს", - აცხადებენ ფონდში.

ამასთან, მათივე განმარტებით, პროექტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მწვანე არქიტექტურის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს.

"მის ფარგლებში დაირგვება 30 000 ახალი ხე, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკოსისტემას", - განაცხადა პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, პროექტის დამატებითი უპირატესობა თანამედროვე ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მდგომარეობს.

"ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1,800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300, ერეკლე მეორის მოედანი - 500, სოლოლაკის ბაღები - 500, სოლოლაკის მაღლობი - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას", - განმარტა ბაჩიაშვილმა.

ფონდის ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მაშსტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას შესძენს.

"დახრილი ლიფტები, საბაგირო გზები და სხვა არქიტექტურული თუ ტექნიკური კომპონენტები საკმაოდ ძვირად ღირებული გადაწყვეტილებებისგან შედგება, რის გამოყენებითაც ფონდი აპირებს, პროექტი გახდეს თბილისის სავიზიტო ბარათი", - აღნიშნავენ ფონდში.

მათივე თქმით, პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტ "სოლოლაკის ბაღებისთვის" ესკიზური პროექტი დასრულებულია, რომელიც ქალაქის შესაბამის სამსახურებს განსახილველად წარედგინება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია