"პუტინის მონებო" "სააკაშვილის ნარჩენებო" "ფულზე გაყიდულებო" და "ქვეყნის შემარცხვენლებო" ეს იმ შეძახილების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თბილისში "კინოს სახლთან" რამდენი საათის განმავლობაში ისმოდა. აქციას და კონტრაქციას, რომელსაც ერთ ტერიტორიაზე "ევრაზიის ინსტიტუტის" მომხრეები და მათი მოწინააღმდეგეები მართავდნენ, მშვიდად არ ჩაუვლია.
"კინოს სახლში" "ევრაზიის ინსტიტუტის" ორგანიზებით, იუგოსლავიის დაბომბვისა და ქვეყანაში შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას პროტესტი მოჰყვა. "ევრაზიის ინსტიტუტის" მოწინააღმდეგეებმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატეს, რაც აქციაზე ნატო-ს საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები მოისმინეს.
პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ფილმის ჩვენებას, რუსთავის მიტროპოლიტი იოანეც ესწრებოდა. მიტროპოლიტი იოანე დარბაზში სვტვენით და შეძახილით - "იუდა" შეაცილეს.
"ნატოს მიერ მოხდა სერბეთის დაბომბვა, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შელახვა და მისი დანაწევრება. ამას, როგორც საქართველოში არ ვიზიარებ, ასევე არ გავიზიარებ იქაც", - განაცხადა მეტროპოლიტმა იოანემ დარბაზში შევლამდე.
მიტროპოლიტი აქციის მონაწილეების შეძახილებსაც გამოეხმაურა, რომლებმაც მას იუდა უწოდეს. "იუდამ უფალი გასცა და მე უფალი არ გამიცია", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მშვიდად და ინციდენტის გარეშე არც ფილმის ჩვენებას ჩაუვლია. ჩვენების დასაწყისში, "ევრაზიული ინსტიტუტის" ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, ალეკო კვახაძემ დარბაზში მსხდომ აუდიტორიას მოუწოდა, აგვისტოს ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცებისთვის ფეხზე წამოდგომით პატივი მიეგოთ, რასაც დარბაზში მყოფთა ნაწილის ფეხზე წამოდგომა მოჰყვა. ამის შემდეგ ალეკო კვახაძემ მათ "ფე-ეს-ბე"-ს აგენტები და "გაშიფრულები" უწოდა.
სიტუაცია კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა რაც "ევრაზიის ინტიტუტის" წარმომადგენლებმა "კინოს სახლი" დატოვეს და ნატოს საინფორმაციო ცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობის დაწყება დააპირეს.
მიუხედავად პოლიციის კორდონისა და ცოცხალი ჯაჭვისა, აქციის მონაწილეებს არ გასჭირვებიათ, ერთმანეთს ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ. ხელჩართული ჩხუბის შედეგად სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს.
შეხლა-შემოხლის დროს შეურაცხყოფის გარეშე არც ჟურნალისტი ირმა ინაშვილი დარჩენილა. ჟურნალისტის მისამართით, რომელიც "კინოს სახლში", სამსახურში მიდიოდა არაერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა გაისმა. თავის მხრივ არც ჟურნალისტმა დააჩაგვრინა თავი აქციის მონაწილეებს და პასუხი გასცა. "საქართველოს სააკაშვილის და თქვენს გარეშე გაუმარჯოს", - მიმართა აქციის მონაწილეებს ირმა ინაშვილმა.
"ევრაზიის ინსტიტუტის" მხარდამჭერებმა კინოს სახლის ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს, ხოლო შემდგომ ასევე პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით, "კინოს სახლიდან" ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსებულ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისკენ დაიძრნენ.
"ევრაზიის ინსტიტუტის" მხარდამჭერთა და მოწინაარმდეგეთა აქცია ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ურთიერთშეურაცხმყოფელი სიტყვებით დასრულდა. ორი აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მცელობა ერთმანეთს ფიზიკურად ისევ დაპირისპირებოდნენ, თუმცა ამჯერად საპატრულო პოლიციამ მათ ამის საშალება არ მისცა.
"ევრაზიის ინსტიტუტის" მხარდამჭერებმა ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორია კვლავ პოლიციის დახმარებით, მშვიდობიანად დატოვეს.
გიორგი დადიანი,
Ambebi.ge