ვარდების მოედანზე, სასტუმრო "რედისონის" წინ ახალი საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყო. დაახლოებით ათ თვეში ამ გზამ ფუნიკულიორამდე უნდა მიგვიყვანოს. მრავალი უცნაური არქიტექტურული ნაგებობის კვალდაკვალ, თბილისის ცენტრში ეს გიგანტური კვერცხის ფორმის საბაგირო სადგურიც დაიმკვიდრებს ადგილს. როგორც ადგილზე მისულს მუშებმა განმიმარტეს, მშენებლობა იანვარში დაიწყო.
"ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამუშაოდ ცოტა რთული გამოდგა. გამომდინარე იქიდან, რომ ირგვლივ მრავალი ნაგებობაა და ასევე აქვე არის ფოსტაც, მიწისქვეშა კომუნიკაციებიც საკმაოდ მრავლადაა, რაც მეტ-ნაკლებად სამუშაოებს ართულებს", - ამბობს პროექტის პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი ლევან გაბულდანი.
საბაგირო სისტემების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის "ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა" 5 456 616 ლარის ღირებულების ტენდერი დაახლოებით 2 თვის წინ გამოაცხადა. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად თბილისის მერიას დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ საბაგირო გზის მშენებლობა დაახლოებით 10 თვეში უნდა დასრულდეს.
"ჩატარებული ტენდერის საფუძველზე 2013 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება "შპს კავკას გროუფ პროჯექტთან", რომლის თანახმადაც, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება აღნიშნულ კომპანიას დაევალა. თბილისის საბაგირო გზა ქვედა და ზედა სადგურებისგან შედგება. პროექტის განხილვისას გათვალიწინებული იქნა ექსპერტთა დასკვნა, რომლის თანახმადაც ქვედა სადგურის განთავსება მოხდა ვარდების მოედანზე. ვინაიდან ძველი ქვედა კონსტრუქციული არამდგრადი სადგურის გარშემო არსებული სივრცე არის საკმაოდ შეზღუდული და არ იძლეოდა საშუალებას, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ხალხის ნაკადის მასიური მიღებისთვის.
ასევე შეუძლებელი ხდებოდა საყრდენი ბოძების მონტაჟი, დემონტაჟი და ექსპლუატაცია, რადგან მისასვლელი ადგილი, სადაც პირველი და მეორე სარბენი ბოძები უნდა განთავსებულიყო, წარმოადგენდა კერძო საკუთრებას. გარდა ამისა, ძველი ქვედა სადგურის ნაგებობა კარგავდა თავის არქიტექტურულ მნიშვნელობასაც.
როგორც მოგახსენეთ, თვითონ საბაგირო ქვედა და ზედა სადგურისაგან შედგება, საბაგირო გზის სიგრძე 1022 მეტრს შეადგენს. აღნიშნულ მანძილზე 5 საყრდენი ბოძის მონტაჟია დაგეგმილი, გზა ასევე 21 სამგზავრო გონდოლისგან შედგება, რომელიც 8 პერსონაზეა გათვლილი. მისი სიჩქარე 5 მეტრ წამი გახლავთ, მგზავრობის ხანგრძლივობა კი 4,5 წუთი იქნება. გონდოლებს შორის ინტერვალი 25 წამია, რაც მგზავრთა რიგებს გამორიცხავს. ამ გზას საბაგირო გზების ტექნოლოგიებში მსოფლიო ლიდერი ავსტრიული კომპანია დაამონტაჟებს, რომელსაც საბაგირო გზების მშენებლობაში უდიდესი გამოცდილება აქვს.
მშენებლობა იანვარში დაიწყო და მის დასრულებისთვის დაახლოებით 10 თვეა საჭირო", - აცხადებს ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსის მოადგილე შალვა ბულაშვილი.
მაკა ქობალია