ჟურნალისტი გიორგი სანაია დღეს, 24 თებერვალს 39 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ვახო სანაია Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გამოძიების შესახებ წერს. Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ტექსტს:
"საქართველოში არ ვიმყოფები, ამიტომ ფეისბუქის საშუალებით ვიტყვი. შეიძლება ოდნავ ვრცლად გამომივიდა, მაგრამ მინდა გთხოვოთ, ბოლომდე წაიკითხოთ:
დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა. გიორგი სანაია 39 წლის გახდებოდა. 13 წელია, ყოველ წუთას ვგრძნობ ადამიანების მხარდაჭერას. ერთი წუთითაც არასდროს დამიკარგავს იმედი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ საქმეს გავხსნით, დამნაშავეები კი პასუხს აგებენ. ბევრი რამ მოხდა ამ 13 წლის განმავლობაში. არ არის მცირე დრო, განსაკუთრებით, როცა საქმე შენი ოჯახის წევრის სიცოცხლეს ეხება. მე პირადად ამაზე დიდი საფიქრალი არა მაქვს. ჩვენი ოჯახი ამით ვცხოვრობთ, რომ ეს საქმე გაიხსნება. მე მაშინ 16 წლის ვიყავი, როცა გიორგი დაიღუპა. მაშინ მეგონა, რომ 26 წელი ბევრს ნიშნავდა. მერე თანდათან მივხვდი, რომ ძალიან ცოტა იცხოვრა.
ახლა გამოძიების შესახებ მინდა გითხრათ:
ამ საქმესთან დაკავშირებით 2001 წლიდან დაწყებული რაც ხდებოდა, ცნობილია. სასამართლო პროცესები დასრულდა 2004 წელს. ყველაფერი გაყალბებული იყო. 2004 წლიდან წელიწადში რამდენჯერმე ოფიციალურად ვთხოვდით პროკურატურას საქმის ობიექტურ გამოძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს სულ რამდენიმე თვის წინ მივმართეთ. მაშინ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო. სამწუხაროდ, ვერც ახლა გადადგეს ნაბიჯი, რომ საქმე გამოეძიებინათ. პროკურატურიდან მოგვივიდა წერილი, რომ ვერ დაიწყებენ გამოძიებას. ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს გამოძიების დასაწყებად. ამასთან, მინდა მთავარი ვთქვა: ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა და ამ საქმის გამოძიება/გამოუძიებლობა გულისხმობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც.
მალე დავიწყებ საქმის მასალების გამოქვეყნებას, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს, როგორ ყალბდებოდა მასალები, რომელი მაღალჩინოსანი რა როლს თამაშობდა ამ ტრაგიკულ ისტორიაში. იმ პირებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც, 2001 წელს, როგორც მინიმუმ, ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ, ახლა კი თავისუფლად დადიან, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ზოგიერთს ექსპერტიც კი დაურქმევია საკუთარი თავისთვის. ყველა მათგანს სასამართლოში უნდა მოუწიოს მისვლა. გარდა ამისა: თქვენ იცით, რომ ამ საქმეზე გასამართლებული იყო გრიგოლ ხურცილავა, რომელიც სულ ახლახან გამოცხადებული ამნისტიის შედეგად ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვეს. ხურცილავას რა როლი ჰქონდა საქმეში, ეს კიდევ ცალკე თავია ამ ისტორიაში. ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, მე არ დავიწყებ ვინმესთვის ხელის დადებას მედიასაშუალებებით და თქმას, რომ ამან და ამან შეუკვეთა მკვლელობა-მეთქი. მე ეს არასდროს გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი შეხედულება ასეთია: ეს სასამართლოზე უნდა მოხდეს. უახლოეს მომავალში ჩვენი ოჯახი კიდევ ერთხელ მიმართავს პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით. მე თქვენი - საზოგადოების - მხარდაჭერის იმედი მაქვს ისევე, როგორც ამას ვგრძნობდი მთელი ამ წლების განმავალობაში", - წერს ვახო სანაია.