ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამჟამად 188 ადამიანი მუშაობს. აქედან 9 - შტატგარეშეა. გასული წლის განმავლობაში რამდენიმე ადამიანია დანიშნული. საინტერესოდ გამოიყურება მათი პირადი საქმეები და შევსებული CV-ები, რომლებიც "გურია ნიუსმა" გამგეობიდან გამოითხოვა.
მაგალითად, ნოდარ ირემაძეს, CV-ში, გრაფაში ოჯახური მდგომარეობა, კალმით ჩაუწერია: "ცოლიანია". ეს ცოლიანი კაცი სოფელ ჩხაკაურის რწმუნებულის აპარატშია დასაქმებული. მისივე შევსებულ პირად დახასიათებაში ვკითხულობთ: "ვარ პასუხისმგებლიანი. მიყვარს სამსახურეობრივი და სხვა სახის დავალებების შესრულება. როგორც საჯარო მოხელე ყოველთვის ვეცდები, მქონდეს კარგი ურთიერთობა ხალხთან".
ზაზა ანდღულაძე წიფნარში, სპეციალისტის თანამდებობაზეა დანიშნული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის სახელზე დაწერილ განცხადებაში, მას სწორედ ამ თანამდებობაზე სურდა დანიშვნა. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ანდღულაძის განცხადება და CV-ია მხოლოდ. გრაფა _ განათლება/კვალიფიკაცია ცარიელია. ხოლო საკონტაქტო ტელეფონების გრაფაში წერია _ "ზაზა".
"საშვალო" განათლებითაა ამაღლების ორგანოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი კობა თავაძე.
სოფელ ბასილეთის რწუმებულის თანაშემწის, ტარიელ ებრალიძის პირად საქმეში მხოლოდ განცხადებაა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ და ცნობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული, რომ სკოლა ნამდვლად დაამთავრა.
ქვაბღის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობაზე მარინა კალანდაძე 2013 წლის ბოლოს დაინიშნა. CV-ს სპეციალურ ფორმაში გრაფაში ოჯახური მდგომარეობა ვკითხულობთ: მოსამსახურე.
მასიკო გიორგაძე სოფელ კოხნარის რწმუნებულის თანაშემწეა. შევსებულ რეზიუმეში საკონტაქტო ტელეფონის გრაფაში "მასიკო" უწერია. განცხადებაში კი წერს, რომ უმაღლესი განათლება აქვს. დოკუმენტაციას, საარქივო ცნობაც ახლავს:
_ "ეძლევა მასიკო გიორგაძეს მასზედ, რომ იგი 1984 წლის 13 სექტემბრის #1/67 ბრძანებით ჩარიცხული იქნა საქართველოს ზოოვეტერინარული სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილების ზოოსაინჟინრო ფაკულტეტის პირველ კურსზე. 2000 წლის 5 აპრილის #3/37 ბრძანებითთ ამორიცხული იქნა მე-6 კურსის სტუდენტთა სიიდან", _ წერია ცნობაში.
”გურია ნიუსი”