ქართველი მეფეების სამოსი - ქართული ეროვნული ტანსაცმლის შექმნის ისტორია

ქართველი მეფეების სამოსი - ქართული ეროვნული ტანსაცმლის შექმნის ისტორია

ქართული ეროვნული ტანსაცმლის შესახებ ბევრი დაწერილა და ალბათ ბევრი დაიწერება, მაგრამ დღეს ჩვენს მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ფრაგმენტი იმ ისტორიული წყაროებიდან, რომელიც ქართული სამოსის შექმნის ისტორიას უკავშირდება, კერძოდ ის, თუ როგორ იქმნებოდა საუკუნეების მანძილზე და როგორ განიცდიდა ცვლილებას.

ქართული ეროვნული ტანსაცმლის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, თუმცა როგორი იყო ქართული სამოსი, ალბათ ის მასალებიც კმარა, რომელიც დღემდე შემოგვრჩა, კერძოდ, ეკლესიებში შემორჩენილი მხატვრობა, ბარელიეფები და მინიატურები. ასევე გვიანი პერიოდის ქართველ ავტორთა: ვახუშტი ბატონიშვილის, იოანე ბატონიშვილის, პაატა ორბელიანის ნაშრომები და მზითვის წიგნები.

არანაკლებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებშიც, რომლებც აღფრთოვანებას ვერ მალავენ ქართული ტანისამოსის გამო. და ასევე ქართული ეროვნული ტანსაცმლის კვლევის ფუძემდებელის, ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები, რომელიც ეხება ტრადიციული სამოსის სტილის, სახეობათა, სამკაულების, თმის დაყენების წესს და მათთან დაკავშირებულ ტერმინთა ანალიზს.

როგორც მკვლევარები ამბობენ, დღემდე შემორჩენილი ტანსაცმლის აღმნიშვნელ ტერმინთა უმეტესობა არაქართულია და მათი დიდი ნაწილი საუკუნეების მანძილზე ილექებოდა ქართულ ენაში. ქართული ეროვნული ტანსაცმლის ცვალებადობა კი უკავშირდება როგორც ბუნებრივ განვითარებას, ისე მეზობელ ხალხთან ურთიერთობას. ეს განსაკუთრებით ჩანს სამეფო და დიდგვაროვანთა ჩაცმულობაში, სადაც ძირითადად გვხვდება სპარსული და ბიზანტიური ელემენტი.

თვითონ ტერმინი ტანი - სპარსული წარმოშობისაა, მანამდე მის ნაცვლად იხმარებოდა გვამი. მე-10-მე-11 საუკუნეებში შიდა ჩასაცმელს ერქვა საცვალი, რომელიც მხოლოდ კულტურულ ერებს ჰქონდათ.ზედა საცვალს ერქვა კუართი, რომელიც მე-11 საუკუნეში სპარსულმა პერანგმა შეცვალა. ქვედა ჩასაცმელს ერქვა საწმერთული, რაც ცხენით მგზავრობის დროს ჩასაცმელი სამოსი იყო.

თანამედროვე ქართულში გავრცელებული ტერმინი - კაბაც ახალი სპარსულიდანაა შემოსული და ქართულში მე-13 საუკუნიდან იხმარება. კაბას იცვამდნენ როგორც ქალები ისე მამაკაცები, იგი სხვადასხვა ქსოვილიდან იკერებოდა და ძვირფასად იყო მორთული. მე-15 საუკუნიდან ვრცელდება ირანული და ოსმალურ-თურქული ჩაცმის ელემენტი. მე-18 საუკუნიდან ჩნდება ტერმინი ჩოხა-ახალუხი, ჩოხა თურქულად მატყლის ქსოვილს ნიშნავს.

ქართული სამეფო სამოსი

მე-10-მე-13 საუკუნეების ქართული სამეფო ჩასაცმელი, ძირითადად ბიზანტიური წარმომავლობისაა და მკვლევართა აზრით, პოლიტიკური ვითარებითა და კულტურული კავშირებით იყო განპირობებული. სამეფო სამოსელი შედგებოდა "კუართის" - ბისონის და დიადემისგან.

ქართველ მეფეთა ბისონი ბიზანტიურისგან ოდნავ განსხვავებულია, ის შედარებით ფართო და მოკლე იყო, არ ჰქონდა სარტყელი და განსაზღვრული არ იყო მისი ფერი. მაგალითად, ღია მწვანეს იცვამდა ბაგრატ მე-4; მოყავისფრო-წითელს ბაგრატ მე-3, გიორგი მე-3 და თამარ მეფე; იისფერს დემეტრე მე-2.

ბისონი შეიძლება ყოფილიყო მძიმე ოქროსქსოვილის და მსუბუქიც. ძვირფასად მორთული. განსაკუთრებით ძვირფასია თამარ მეფის ბისონი, ვარძიაში გამოსახული იისფერი პურპური დასერილია შავი, მარგალიტით გაწყობილი ზოლებით, რომელთა კვეთითაც რომბებია მიღებული, ხოლო რომბებში იისფერი გულებია ჩასმული.

დიადემა იკერებოდა სახიანი ქსოვილის ნაჭრიდან. დიადემის ვიწრო ნაწილი ვერტიკალურად იყო დაშვებული, ხოლო ფართო - მარცხენა მკლავზე გადაფენილი. დიადემა განსაკუთრებით ძვირფასად ირთვებოდა მარგალიტებით და ძვირფასი ქვებით. განსხვავებული სამოსი ეცვათ გიორგი მე-2, დემეტრე პირველს და ლაშა-გიორგის. მათ წელში დავიწროებული, ქვემოთ გაგანიერებული, ნაკეცებად დაშვებული და მუხლს ქვემოთ ჩახსნილი სამოსელი ეცვათ, რომელსაც შემოვლებული ჰქონდა წვრილი სარტყელი.

სამოსის ეს სტილი სამხედრო იყო და მე-11 საუკუნეში აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბეთსა და სპარსეთში იყო გავრცელებული.

ძვირფასი ქსოვილის, ძვირფასი თვლებით და მარგალიტებით მორთული მოსართავი საყელო - მანიაკი

იგი სამეფო და დიდგვაროვანთა სამოსის მოსართავად გამოიყენებოდა. მანიაკი ეგვიპტესა და არაბეთში გაჩნდა, შემდეგ ბიზანტიელებმა სპარსელებისგან გადაიღეს თანამდებობის პირთა განმასხვავებელ ნიშნად. ჰქონდა თუ არა საქართველოში მანიაკს თანამდებობრივი დანიშნულება, ცნობები ამის შესახებ არ მოიპოვება.

პირველი ქართული გამოსახულება მანიაკისა მე-11 საუკუნეს მიეკუთვნება. მე-11-მე-15 საუკუნეების ქართულ ფრესკებსა და ორქმჭედლობის ნიმუშებზე გამოსახული მანიაკები პირობითად ორ ჯგუფად იყოფა, სამეფო დიადემებთან დაკავშირებული მანიაკი და სამხედრო და საერო პირთა სამოსელზე გამოსახული მანიაკები.

სარტყელი

დიდი ხნის ისტორია აქვს სარტყელს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულია განსაკუთრებული ორნამენტის მქონე სარტყლები, სხვადასხვა ფორმის ბალთებით გაფორმებული, რომელთა ისტორიაც ბრინჯაოს ხანიდან იწყება.

მე-6-მე-7 საუკუნეებში გვხვდება ტყავის და ქსოვილის ბრტყელი სარტყელი, რომელსაც გვერდზე ჩამოშვებული აქვს თასმა. სვანურ მხატვრობაში კი გვხვდება მარგალიტებით მორთული თასმის სარტყელი.

ღილები

სამოსის შესაკრავად გამოიყენებოდა ღილები, რომელმაც შემდგომ ტანისამოსის მოსართავის ფუნქციაც შეითავსა. ღილები სხვადასხვა მასალისა და ფორმის იყო: ლითონის, ძვირფასი ქვების, მარგალიტის და ოქროს. ძირითადად მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმის. მოსასხამების შესაკრავად კი გამოიყენებოდა პეპელასმაგვარი ან რომბისებური ფორმის ღილები.

ქსოვილები

შუა საუკუნეების ქართული ქსოვილის მხოლოდ რამდენიმე ნიმუშია ჩვენამდე შემონახული. ესაა სვანეთის ეკლესიებში დაცული ხატების ზურგზე და რამდენიმე სახარების ყდაზე გადაკრული ქსოვილი. ეს ქსოვილები სახითაც და მასალითაც იმ დროს ბიზანტიისა და საერთოდ აღმოსავლეთში გავრცელებული ქსოვილის მაგვარი იყო. ქსოვილებს ძირითადად სპარსული, ბერძნული ან არაბული სახელები ერქვა: ხავერდი, სტავრა, საკრამანგი, ზარქაში, ოქსინო, ლარი, ხარა და ა.შ.

ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფო იყო განთქმული სელის წარმოებით, რომელიც დიდი ოდენობით გადიოდა სხვა ქვეყნებში გასაყიდად. სელის გარდა მზადდებოდა ოქროქსოვილი რომლის ექსპორტიც ხდებოდა საქართველოდან. ტანსაცმლის გამოსაყენებელი ქსოვილი ორი სახის იყო - სახიანი და უსახო.

მასზე სხვადასხვა გამოსახულება და აპლიკაცია კეთდებოდა. ყველაზე გავრცელებული იყო რომბების ბადე, ქსოვილები ასევე გაფორმებული იყო წრეებით, პარალელებით, ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფიგურით, სამყურა ფოთლებით, ვარდულებით. სხვადასხვა ცხოველთა და ფრინველთა სახეებით - ლომები, ფასკუნჯები, არწივები.

ტანისამოსის მოსართავად მე-9 საუკუნიდან შემოდის ბეწვი და ტყავი, ის ძირითადად ტანისამოსის საყელოზე და ქუდზე შემოსავლებად გამოიყენებოდა. მზითვის წიგნიდან ჩანს, რომ მე-17-მე-18 საუკუნეებში სიასამურის და კურდღლის ბეწვის მოსასხამებიც გამოიყენებოდა.

სამკაული

რა თქმა უნდა, ძვირფას სამოსს სამკაული მოუხდებოდა. არქეოლოგიური გახთრები ცხადყოფს, რომ საქართველოში სამკაული უძველესი დროიდან ყოფილა გავრცელებული. საქართველოს ტერიტორიაზე პალეოლითისდროინდელი ყელსაბამის ფრაგმენტებია აღმოჩენილი.

შუა ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ოქროსა და ძვირფასი თვლებით დამზადებული უამრავი სამკაული გვხვდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხური კულტურისა და შემდგომი პერიოდის ქართლის (იბერიის) სამეფოს დროინდელი "შესამკობლები". სამკაულად გამოიყენებოდა საყურე და ბეჭედი.

ამ თვალსაზრისით ყველაზე სრულ ინფორმაციას თამარის ფრესკები იძლევა. მას ყელზე უკეთია შავი, ბრტყელი სალტე, მსხვილი მარგალიტებით და ოვალური წითელი ქვებით შემკული. ამავე ფრესკაზე თამარს ოქროს ბრტყელი, ორმაგი რგოლი, მარგალიტებით შემოვლებული წითელთვლიანი საყურე უკეთია. სხვა ფრესკებზე კი მსხლის მოყვანილობის საყურე ამშვენებს.

რაც შეეხება ბეჭედს, თამარს ბეჭდები ნეკა თითსა და არათითზე აქვს მორგებული, ასევე აქვს მორგებული ბეჭედი ლაშა-გიორგის.

ფეხსაცმელი

მაღალყელიან ფეხსაცმელს, რომელსაც სულხან-საბას განმარტებით მოგვი ერქვა, ატარებდნენ მეფეები და დიდგვაროვანი აზნაურები,ძირითადად წითელს, მწვანეს და აგურისფერს. ფეხსაცმლის უძველეს ტერმინად მიჩნეულია ხამლი, ქალამანი, ტყავისგან შეკერილი სანდალი, რომელიც სოფლის მაცხოვრებლების ჩასაცმელი იყო.

მოკლედ, ასე გამოიყურებოდა მეფეების სამოსი, მაგრამ არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ სამოსი, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება - ხევსურული "ტალავარი". მკვლევარები ამ სამოსს თავიდან არაქართული წარმომადგენლობისად თვლიდნენ, რადგან ტანსაცმლის მორთულობაში ჯვრის ფორმის ხშირი გამოყენების გამო ხევსურებს ჯვაროსნების შთამომავლებად მიიჩნევდნენ, თუმცა შემდგომში დამტკიცდა, რომ ხევსურული "ტალავარი" ძველი ქართული ტანისამოსის ფორმა იყო. მას ატარებდენ თუშები და ფშავებიც.

მამაკაცის "ტალავარი", ანუ ზედა საცვალი იყო მოკლე, ხოლო ხევსური ქალის ტალავარის ძირითადი ელემენტი იყო კაბა, იგი ან ლურჯი ან შავი ფერის უნდა ყოფილიყო. მუხლებზე შემოკერილი ჰქონდა "ქოქომონი", რომელიც ფერადი ძაფებით იყო ნაქსოვი. კაბის გულისპირი (ფარგა) აპლიკაციებით იყო მორთული და ამისთვის ფერად ძაფებს, ვერცხლის ფირფიტებს და ხშირად ვერცხლის ფულს იყენებდნენ.

გარეთა ჩასაცმელი ორმაგი იყო - ფაფანაგი და ქოქლო. ფაფანაგს სადღესასწაულოდ იცმევდნენ, ქოქლოს ყოველდღიურად. ქალის საბურავს ერქვა სათაურა და მანდილი. სათაურა იყო ბამბის ან შალის ქსოვილისგან დამზადებული, მძივებითა და სამკაულებით შემკობილი. მანდილი იყო ფოჩებიანი და ინდიგოს ფერზე შეღებილი.

მოკლედ, ასე გამოიყურებოდა ტრადიციული ქართული სამოსი შესაბამისი მორთულობით. შეიძლება მკითხველის ინტერესი სრულად ვერ დავაკმაყოფილეთ ამ მოკლე მონათხრობით, რაზედაც წინასწარ ვუხდით ბოდიშს, თუმცა იმაში აუცილებლად დაგვეთანხმებიან, რომ ქართული სამოსი მრავალფეროვანი და ამავდროულად კონსერვატიულიც იყო.

ია აგულაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია