5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში

5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში

საქრათველო რელიგიურად ჭრელია. ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა მოქმედებს სხვადასხვა რელიგიური სექტები. 

ტერმინ სექტას სხვადასხვა ენციკლოპედიებში თუ ლექსიკონებში სულ მცირე ორი მნიშვნელობა მაინც გააჩნია - თეოლოგიური და სოციოლოგიური. თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვირთვა გააჩნდა. იგი დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. გამოყოფილ ჯგუფებს შორის განსხვავების ზრდის კვალობაზე, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა (წყარო).

Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რომელია 5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში. რომელია ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი დენომინაციები. ამ თემაზე ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პროფესორს რუსუდან წიქვაძეს და თეოლოგს, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს ვესაუბრეთ.

რუსუდან წიქვაძის თქმით, რელიგიური სიმრავლიდან გამომდინარე, შეიძლება დავასახელოთ ძირითადი სექტები: იეჰოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, ბაჰაის მიმდევარნი, ვაჰაბიტები და ასევე მუნიტები.

"არის ვაჰაბიტების ორგანიზაცია. ვაჰაბიტები ძირითადად პანკისში არიან, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი თბილისშიც არიან. საქართველოში რამდენიმე მეჩეთი არის ვაჰაბიტური. ძალიან დიდი სიფრთხილე და ტაქტია საჭირო, რომ შევაფასოთ ასეთი რელიგიური დაჯგუფებების მუშაობა. ეკლესიისათვის ისინი საშიშროებას არ წარმოადგენენ, რადგან პირადად ჩემი აზრით, "მართლმადიდებლური ეკლესია დგას ვითარცა სალი კლდე რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერაფერს დააკლებენ". ამას ადასტურებს ჩვენთან ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევებიც, სადაც პირველ ადგილზე საქართველოს პატრიარქი დგას. ეს მიგვანიშნებს რომ ეკლესიის ავტორიტეტი ძალიან ძლიერია.

სახელმწიფოსთვის ისინი საშიში თავისი ძალით არ არიან. ისინი არ ფლობენ შეიარაღებას და ა.შ მაგრამ მათ შეუძლიათ მთელი რიგი ანტისახელმწიფოებრივი პროცესების განვითარება ქვეყანაში. ეს არ ეხება ყველა რელიგიურ უმცირესობას, მაგრამ არიან ზოგიერთები, რომლებიც თავისთავად ასეთი საშიშროების რაღაც ელემენტებს შეიცავენ. ასეთია მაგალითად ვაჰაბიტების გაერთიანება, რომელთა მიზანი არის ერთიანი მსოფლიო ისლამური სახელმწიფოს შექმნა, რომ ქვეყნები ერთმანეთისგან ეთნიკური და არც რელიგიური ნიშნით კი არ უნდა განსხვავდებოდნენ, არამედ უნდა არსებობდეს ერთადერთი მსოფლიო რელიგია ისლამი. ეს უკვე თავისათავად არის მიმართული ეროვნული სახელმწიფოებრივი ფასეულობების წინააღმდეგ, რომელსაც იცავს ყველა ნორმალური ქვეყნის კონსტიტუცია და თანამდროვე საერთაშორისო ორგანიზაციები", - ამბობს რუსუდან წიქვაძე.

რაც შეეხება რელიგიური დაჯგუფებების აქტიურობას, წიქვაძე აღნიშნავს, რომ აქტიურობით იეჰოვას მოწმეები გამოირჩევიან.

"დღესაც ხშირად მაჩერებენ იეჰოვას მიმდევრები და თავიანთ შეხედულებებს მიზიარებენ. ყველაზე მეტად იეჰოვლები არიან აქტიურები. აქაც ხდება უარყოფა ეროვნული ფასეულობების, ისინი ნაკლებად ერთვებიან სახელმწიფოებრივ, სოციალურ, თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მათი პროპაგანდის ერთ-ერთი საშუალება არის ქუჩაში ხალხის გაჩერება, ოჯახებში დაუკითხავად მისვლა და მაღალ დონეზე დაბეჭდილი რელიგიური ლიტერატურის დარიგება. ხშირად მათი მოქმედებები მიმართულია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის წინააღმდეგაც. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე შემთხვევა საქართველოში, როდესაც სისხლის გადასხმა იყო მათი ოჯახის წევრისათვის გადარჩენის ერთადერთი საშუალება და კატეგორიული უარი განაცხადეს. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება სწორედ კანონის ძალით, სადაც ხდება ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დარღვევა, იქ გადაწყვეტილებას მედიცინა დამოუკიდებლად უნდა იღებდეს",-აცხადებს წიქვაძე.

რაც შეეხება დანარჩენ რელიგიურ გაერთიანებებს, ისინი იეჰოვას მოწმეების მსგავსად უცხო ოჯახებში არ დადიან, თუმცა საკუთარი დენომინაციის პოპულარიზაციას პირად საუბრებში ცდილობენ.

რელიგიების დაყოფა ტრადიციულ და არატრადიციულ, დიდ და მცირე ჯგუფებად, კონფესიებად და სექტებად მიუღებელია თეოლოგისთვის, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილისთვის.

ბექა მინდიაშვილი: "ერთი მხრივ, ძნელია შინაარსი განსაზღვრო, რომელია ტრადიციული ან არატრადიციული რელიგია და მეორეს მხრივ, მიუღებელია რელიგიური გაერთიანებების იმ ტერმინებით მოხსენიება, რომლებიც დამაკნინებელ შინაარსს ატარებს ჩვენს ცნობიერებაში".

ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე შეკრული, ძლიერი და განვითარებადი რელიგიური გაერთიანება იეჰოვას მოწმეებია. ასევე, მისი თქმით, ძალიან ძლიერი ჯგუფია ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.

რაც შეეხება მცირე რელიგიური გაერთიანებების სოციალურ ჯგუფებზე გავლენას, ბექა მინდიაშვილი გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ მათი გავლენა მინიმალურია.

"განსაკუთრებით მცირეა რელიგიური უმცირესობების გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით პროტესტანტული ეკლესიებისა. ვამბობ სამწუხაროდ, რადგან პროტესტანტული ეკლესიები განსაკუთრებით გამოირჩევიან სამოქალაქო ფასეულობებისა  და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებით და ვისურვებდი, ამ თვალსაზრისით გაიზარდოს მათი გავლენა; ვისურვებდი, მათ განსაკუთრებული როლი შეასრულონ ამ თვალსაზრისით. თუმცა, კონკრეტულად რომელ ჯგუფზე ახდენენ გავლენას, ამის თქმა გამიჭირდება".

Ambebi.ge დაინტერესდა, არსებობს თუ არა უახლესი კვლევები, რომელიც ზუსტად ასახავს  მოქალაქეთა რელიგიურ კუთვნილებას. ბოლოს ასეთი კვლევა 2001 წელს ჩატარდა, თუმცა ერთი, რაც ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა ის არის, რომ ქვეყანაში დომინანტ რელიგიად მართლმადიდებლური ეკლესია რჩება.

ნუცა ახალკაცი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც

ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია