მეწყრებისა და ღვარცოფების თვალსაზრისით, საქართველო მაღალი რისკის ზონაა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 53 ათასი მეწყრული უბანი და 3000-მდე ღვარცოფსაშიში მდინარეა აღრიცხული, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში, რომელიც საქართველოზე დიდია, სულ 9 ათასი მეწყრული უბანია, სომხეთში კი - 3800. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიის 70% მეტ-ნაკლებად საშიშ ზონაში იმყოფება. ყველაზე უფრო მოწყვლად ზონაშია აჭარა. სტიქიურად საშიში უბნები ყველა გეოგრაფიულ ზონას მოიცავს და ყველა რაიონში სხვადასხვა პროცესი ვითარდება. გეოლოგების დახმარებით შევეცადეთ დაგვედგინა, სტიქიურად ყველაზე საშიში ტერიტორიების ათეული.
1. აჭარა. "აჭარა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. ერთ კვ.კმ-ზე 500 კაცზე მეტი მოდის, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, აჭარა მცირემიწიანია, რის გამოც მიწა გეოლოგიურად ზედმეტ დატვირთვას იღებს. ეს კი იწვევს მეწყრებს, ღვარცოფებს, ეროზიულ პროცესებს. აჭარა მხოლოდ მეწყერსაშიში ზონა არაა, იქ ხშირია ღვარცოფები, მდინარეებისა და ზღვის ნაპირების გარეცხვა. მეწყერი ღვარცოფების წარმოქმნას განაპირობებს. აჭარაში 10 ათასი მეწყერია აღრიცხული. რთული მდგომარეობაა შუახევში, ხულოში, ქედაში, ქობულეთში, ხელვაჩაურში. აქ, ძირითადად, ღვარცოფები და მეწყერსაშიში უბნებია. ეს რთული რაიონია და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. საშიშროება ემუქრება ბათუმსაც: ზღვის სანაპირო ზოლი მუდმივად ირეცხება, რადგან ჭოროხი გადაკეტილია და აღარ კვებავს ზღვას (თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე კაშხალი შენდება). არადა, მდინარეებს შემოჰქონდათ ზღვაში ძირითადი მასალა, რომელიც ქობულეთამდე აღწევდა და ნაპირს კვებავდა. ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი აღარ იქნება".
2. რაჭა-ლეჩხუმი. "რაჭა-ლეჩხუმი აქტიური მეწყერსაშიში ზონაა. ურთულესი დასახლებული პუნქტია ცაგერი. რასაც განაპირობებს მისი რელიეფური თავისებურება, კლიმატური პირობები.
რელიეფიდან გამომდინარე, რაჭაში არა მხოლოდ მეწყერი, ღვარცოფებიც ხშირია. სამი წლის წინ ონის რაიონში სოფელ გლოლისა და კურორტ შოვის ტურბაზის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე დღვიორაზე ჩამოწოლილმა ღვარცოფმა დაანგრია. ღვარცოფმა წაიღო ტურბაზის რამდენიმე კოტეჯიც, დატბორა ნაპირთან მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
საშიში ადრიანი გაზაფხული და შემოდგომაა. ამ დროისთვის უკვე არსებობს დასკვნა, თუ სად რა მდგომარეობაა. შემდეგ ჩვენი რეკომენდაციები ეგზავნება მთავრობას, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, თანხები არამიზნობრივად რომ არ დაიხარჯოს, უნდა ვიცოდეთ, სად რა სახის მეწყერი გვაქვს. მეწყრული მოვლენების გააქტიურება საქართველოს მიწების განადგურებას გამოიწვევს. ასეთ ტერიტორიებზე მდებარეობს, როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე სტრატეგიული ობიექტები და ისტორიული ძეგლები. ჩვენს მემკვიდრეობას კი გაფრთხილება უნდა".
3. კახეთი. "მთელი კახეთი მეწყერსაშიშ ზონაშია. გეოლოგიური პირობებისა და რელიეფიდან გამომდინარე, რისკის ქვეშაა ყვარელი. ღვარცოფსაშიში რაიონია საგარეჯო. რამდენიმე წლის წინ თელავის რაიონის სოფელ თეთრწყლებში ჩამოწოლილმა მეწყერმა ელექტროენერგიის საყრდენი ბოძები წაიღო. კახეთს ბოლო წლებში სტიქიამ შეუტია. შარშან ამ რაიონმა მილიონობით ლარის ზარალი ნახა. კახეთში განსაკუთრებით ღვარცოფებია საშიში. მუდმივად საფრთხის წინაშე დგას ყვარელი, რადგან დურუჯი ძალიან საშიში მდინარეა. ადიდებულმა მდინარემ არაერთხელ დაატრიალა უბედურება ყვარელში. წითელ წიგნშია შეტანილი 200-ტონიანი დურუჯის ლოდი, როგორც ბუნებრივი ფენომენი, რომელიც მდინარემ 1896 წელს გამორიყა ყვარელში. კახეთს მუდმივი მონიტორინგი ესაჭიროება, რომ ვიცოდეთ, როგორი ტიპის მეწყერთან გვაქვს საქმე, ამის მიხედვით განვსაზღვრავთ რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ.
ჩვენი რეკომენდაცია ასეთია: რადგან ზღვისპირეთი ირეცხება, ამ პროცესების შესაჩერებლად, მასალა შევიტანოთ კახეთიდან. ღვარცოფის შედეგად მოტანილი მასალით გამოვკვებოთ ბათუმის სანაპირო ზოლი.
კახეთში ასევე მეწყერსაშიში ზონაა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა. იქ ღრმა და რთული მეწყერია. მას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ღრმად დეფორმირებული ქედია, გზას ვერ დავიცავთ. იქ მუდმივად იქნება პრობლემები."
4. თბილისი. როდესაც სტიქიურად საშიში ტერიტორიების ათეულს ვადგენდით, აღმოჩნდა, რომ თბილისი მოწყვლადი ზონაა. შარშან სპეციალისტებმა დამოუკიდებლად, ენთუზიაზმით შეადგინეს ქალაქის ახალი რუკა, რომელშიც საშიში ადგილებია მონიშნული. დედაქალაქის მონიტორინგი მხოლოდ დაკვეთის შემდეგ კეთდება. გეოლოგებს არც წელს მიუღიათ დაკვეთა თბილისის მონიტორინგზე. არადა, ქალაქში საშიში 60 მეწყრული უბანი აღირიცხება. "თბილისი საშიში ზონაა. შარშან ღვარცოფის მოვარდნის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. წყალდიდობის, წყალმოვარდნებისა და მეწყრის შედეგად მსხვერპლი თბილისში სხვადასხვა წლებშიც იყო. მამადავითზე დაანგრია სახლები. დაიღუპნენ ადამიანები. 2002 წლის შემდეგ დედაქალაქში სამჯერ იყო მიწისძვრა, რამაც ძალიან შეარყია ქალაქი. აქ 60 მეწყრული უბანი და 50-ზე მეტი ღვარცოფსაშიში მდინარე და ხევია. ნაძალადევი, მთაწმინდა, მტკვრის მარცხენა სანაპირო, სამგორი, ვარკეთილი, მუხათგვერდის სასაფლაო - მეწყერსაშიში ზონებია."
5. სამცხე-ჯავახეთი. "ასპინძა ძალიან რთული რაიონია მეწყრებისა და ღვარცოფების თვალსაზრისით. წლების წინ მთელი თმოგვი დაინგრა მიწისძვრებისა და მეწყრების შედეგად. მთლიანად დაიმარხა სოფლები. მძიმე მდგომარეობაა ნაქალაქევში: ყოველდღიურად ინგრევა სახლები. მოსახლეობას დახმარება სჭირდება, ნებისმიერ დროს შეიძლება მეწყერმა სოფელი წაიღოს."
6. მცხეთა-მთიანეთი. "მცხეთა-მთიანეთისთვის დამახასიათებელია ღვარცოფი და მეწყერი. თიანეთის რაიონისთვის საფრთხეს, ძირითდად, წყალდიდობები ქმნის. ყველაზე აქტიური მეწყრული უბანი გუდამაყარშია, რამდენიმე სოფელს მცოცავი მეწყერი საშიშროებას უქმნის. საჭიროა დროული პრევენცია მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად."
7. სამეგრელო. "მეწყერსაშიში ადგილებია ხობში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში. სამეგრელოსთვის დამახასიათებელია ასევე წყალდიდობები. 2013 წლის მონიტორინგის შედეგად გააქტიურებულია მეწყერსაშიში პროცესები ჩხოროწყუსა და სენაკში. არის ადგილები, სადაც დასახლება და მშენებლობა კატეგორიულად აკრძალულია, ამან შესაძლოა პროცესები დააჩქაროს".
8. იმერეთი. "ზესტაფონი, ხარაგაული, საჩხერე - მეწყრულ ზონაში მდებარეობს. ამ რეგიონში ძალიან ბევრი საშიში უბანია. ყველას კარგად ახსოვს რიკოთზე დატრიალებული ტრაგედია. მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სახელმწიფოს კი, დაახლოებით, 10 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. ყველა მთიანი ზონა მეტ-ნაკლებად რისკის ზონად ითვლება".
9. ქვემო ქართლი. "ყველაზე ნაკლებად დაზიანებული უბნები ქვემო ქართლშია. თუმცა ამ რეგიონიდან გამოვყოფთ თეთრიწყაროს, რომელიც მცირე მეწყრული ადგილებით ხასიათდება".
10. გურია. "ოზურგეთსა და ჩოხატაურში, რელიეფიდან გამომდინარე, ბევრი მეწყერსაშიში ადგილია. სოფელ სამებაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები დაუზიანა. რთული რელიეფის გამო ჩოხატაურის სოფლები მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს."
თეკლა ტუღუში
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)