მსახიობმა გია ფერაძემ ქართულ თეატრსა თუ კინოში შექმნილი არაერთი გამორჩეული, თვითმყოფადი სახით დაამახსოვრა თავი მაყურებელს. მის იუმორზე კი დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან; გია ფერაძე ცდილობდა, ადამიანები მოსაწყენი ერთფეროვნებისგან, ცხოვრებისეული რუტინისგან ეხსნა, ზოგი უგებდა, ზოგი - ვერა. მიზეზთა გამო, ის ამქვეყნიდან უდროოდ წავიდა და თავისი სევდანარევი ღიმილი დაგვიტოვა: "სულ კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონებო!". გია ფერაძეზე მისი ძმა, ილიკო ფერაძე გვესაუბრება:
- რატომ გადაწყვიტა გია ფერაძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაებარებინა?
- ჩვენი მშობლები პედაგოგები იყვნენ. ცნობილი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი, დედას - თინა ჟორჟოლიანის მამის ძმა იყო, სესილია თაყაიშვილი კი ჩვენი ნათესავი გახლდათ, ბავშვობის ნახევარი რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში გვაქვს გატარებული; გია ძალზე ცელქი, მოუსვენარი, მაგრამ ნიჭიერი ბავშვი იყო, ლექსს ერთი წაკითხვით იზეპირებდა. რაც შეეხება პროფესიის არჩევას, მერვე კლასში იყო, როცა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა გადაიღო ფილმ "პაპა გიგიაში". 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა გადაღებაზე, არადა, ეკრანზე თვალი ძლივს მოვკარით. იქ მოასწრო არტისტობის ვირუსით დაავადება. გიას გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმანაც, რომ ჩვენი მშობლები არტისტული ბუნების, იუმორის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები იყვნენ. მამა ინგლისური ენის პედაგოგი იყო, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის არის ტექსტის ავტორი ძალზე პოპულარული სიმღერისა "ყვავილების ქვეყანა". ეს ლექსი ჯანო ბაგრატიონის თხოვნით დაწერა, რომელმაც პირველმა შეასრულა კიდევაც ეს სიმღერა. მამას, ასე ვთქვათ, ჩუმი იუმორი ჰქონდა - კომპოზიტორ ჯანო კახიძის (რომელიც თეთრი, თითქმის ალბინოსი დაიბადა) მშობლებს, თავის ახლო მეგობრებს, ძეობაზე მუქი ფერის ზეწარი მიუტანა საჩუქრად: ბავშვი ლოგინში არ დაგეკარგოთ და დაფერთხვისას ზეწარს არ გადააყოლოთო. დედაც ენამოსწრებული ქალი იყო.
- 1974 წლიდან გია ფერაძე რუსთაველის თეატრში მიიწვიეს, ახალი გარემოთი კმაყოფილი იყო?
- გია იუმორით, პლასტიკით გამოირჩეოდა, შესანიშნავად ცეკვავდა. ფილმ "ჩალის ქუდში" ანდრეი მირონოვთან და ლუდმილა გურჩენკოსთან ერთად ცეკვავს. ფეხბურთს პროფესიონალივით თამაშობდა - რუსთაველის თეატრის საფეხბურთო გუნდის წევრი იყო. მისი მეგობარი დათო ყიფიანი ეუბნებოდა: მოდი თბილისის "დინამოში", ჩემზე მაგარი ფეხბურთელი დადგებიო, რაზეც გია პასუხობდა, სად მაქვს ამდენი ვარჯიშის თავიო.. გიას თანაკურსელები იყვნენ ასმათ ტყაბლაძე, ნანული სარაჯიშვილი, ამირან ბუაძე, რომლებიც გაწამებული ჰყავდა, განსაკუთრებით, ამირან ბუაძე. რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გიამ ყველაზე წარმატებული როლი "კავკასიურ ცარცის წრეში" შეასრულა და ამ ბრწყინვალე სპექტაკლის ერთ-ერთ სახედ იქცა. თეატრის გასტროლებზე მართლაც შეუდარებელი იყო, ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობდა. დასის სული და გული იყო. მასზე განსაკუთრებით ბავშვები გიჟდებოდნენ. სცენაზე, რასაკვირველია, რობერტ სტურუა იყო პირველი ფიგურა, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კი - გია ფერაძე, ყველა მას ეძებდა და ეკითხებოდა: ახლა სად მივდივართო?
- ცნობილია, რომ გია რამდენჯერმე იყო დაქორწინებული...
- გიას ოთხი ცოლი და თითოეულთან თითო შვილი ჰყავდა: სოფო, ბიძინა, მარიკა - აქ, თბილისში და გია - რუსეთში. რუსთაველის თეატრის გასტროლებზე ქალაქ კრასნოიარსკში მას რომანი ჰქონდა ერთ-ერთ რუს ქალბატონთან და გიკაც იქ გაჩნდა. მას შემდეგ, რაც გიას უბედურება შეემთხვა და ახალგაზრდა ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა, უცაბედი გასროლით, შემთხვევით შემოაკვდა, სამაგალითოდ დასაჯეს. მან, შეიძლება ითქვას, მთელი საბჭოთა კავშირის ციხეები მოიარა; უწყინარი კაცი იყო, მისი ბოროტება, ჩხუბი არავის ახსოვს, არც არავის შეპარვია ეჭვი, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. არადა, როცა ციხეში მყოფი გია თითქმის ყველამ მიატოვა, ის კრასნოიარსკელი ქალი - ირინა კუზუბოვა - გამოჩნდა, მათი საერთო შვილის - გიას სურათიც გამოგზავნა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამამისს. მან გიას პატიმრობისას, იაკუტსკში ორჯერ ჩააკითხა, ბავშვიც ჩაიყვანა, ხელი ციხეში მოაწერეს და გვარიც ფერაძე მიიღო. გიას გარდაცვალების შემდეგ, ათი-თორმეტი წლის განმავლობაში აღარ გამოჩენილან და დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ინტერნეტის მეშვეობით ვიპოვე ჩემი ძმისშვილი გია და მისი დედა - ირინა ფერაძე. უმცროსი გია ფერაძე მამის კვალს გაჰყვა და წარმატებული არტისტია, ამჟამად ქალაქ სამარის აკადემიური თეატრის მსახიობია, გასულ წელს სამარის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად აღიარეს. თბილისშიც იყო ჩამოსული, მე და ჩემმა მეგობრებმა სამეფო უბნის თეატრში დაუვიწყარი საღამო მოვუწყვეთ. სუფრასთან რომ დავსხედით, კონიაკის ბოთლს საცობი პირით ამოაძრო, გიასავით... გავგიჟდი, - ეს ვიღამ გასწავლა-მეთქი. მიპასუხა: ალბათ, გენებმაო! ჟესტიკულაციით საოცრად ჰგავს მამას, რომელთან ერთადაც არასოდეს უცხოვრია. რაც მთავარია, კარგი ურთიერთობა აქვს და-ძმასთან, განსაკუთრებით, მარიკასთან (ირინა მიქატაძის ქალიშვილთან), "სკაიპით" ყოველდღე საუბრობენ. საბოლოოდ, გია საქართველოში აპირებს ჩამოსვლას: ჩემი სამშობლო აქ არისო, ქართულსაც სწავლობს ინტერნეტით.
- გია ფერაძეს ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა კინოსტუდიაში: "ლენფილმში", "მოსფილმში"... არაერთ სახელგანთქმულ მსახიობთან მეგობრობდა..
- ახლობლობდა ანდრეი მირონოვთან, ალექსანდრე აბდულოვთან, შირვინდტთან, კარაჩენცოვთან, მოსკოვის ქუჩებში მირონოვის "მერსედესით" დადიოდა, თუმცა, უცერემონიო კაცი არ ყოფილა; მათთან შინაურულად გრძნობდა თავს. აბდულოვის ქალიშვილი მონათლა. მაშინ, როცა გიას ყველაზე მეტად გაუჭირდა, რუსმა მსახიობებმა დახმარების ხელი გაუწოდეს, - ვლადიმირში ჯერ მირონოვი წამყვა, შემდეგ - აბდულოვი. აბდულოვი საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის მოადგილესთანაც შემყვა - იმხანად პოპულარობის ზენიტში იყო. ერთხელ მოსკოვში რესტორანში დამპატიჟა და ფულის გადასახდელად რომ "გავიქაჩე", გაგიჟებულმა მითხრა: ამას როგორ მკადრებ! მე უზბეკეთში, ფერღანაში დავიბადე, ქალაქელი კაცი ვარო.
- გია ფერაძის ექსცენტრიკულ საქციელზე ლეგენდებს ჰყვებიან, მართლა დახვდა პოლიტიკურ მიმომხილველ აბონ ციციაშვილს ტელევიზიასთან რეიგანის ნიღბით?
- ეს გიას ერთადერთი ოხუნჯობაა, რომელიც უფრო ხალხის ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა, ყველა საგასტროლო ტურნედან ჩამოჰქონდა საიდუმლო პარკი. იქ ეწყო ბელადების ნიღბები, პლასტმასის ტარაკნები, რომლებსაც წვეულებებზე მეგობრებს სასმელში უყრიდა, იყო ერთი წივილ-კივილი; ჰქონდა ფიდელ კასტროს ნიღაბი. ერთხელ, მიცვალებული ქალის ნიღაბიც ჩამოიტანა. როცა მსახიობი ამირან ბუაძე მეგობრის სანახავად მეორე დღესვე მოვარდა, გიამ "გლაზოკში" გაიხედა, ჩაიცვა ბებიაჩემის ხალათი, ხელში ჯოხი დაიკავა, ნიღაბი ჩამოიცვა და კარი გააღო. ამის დანახვაზე, ამირანს ფერი ეცვალა, ვაიმეო, - იყვირა და შვიდი სართული "ფერაძე ხარ, ფერაძეს" ყვირილით ჩაირბინა. გიამ ბავშვობის მეგობრის, თამაზ ანდღულაძის ბაბუის პანაშვიდზე ჩვეული "ნომერი" ჩაატარა. ანდღულაძეები იყვნენ კარის მეზობლები ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ვახტანგ ხუციძისა ("წოპეს"), რომელიც, სამწუხაროდ, ახლახან გარდაიცვალა. გია, მეგობრებთან ერთად ქუჩაში იდგა, როცა ერევნიდან საოპერაციოდ ჩამოსულმა სამმა გრძელცხვირა ქალბატონმა პროფესორი იკითხა, გიამ მათ სერიოზული სახით პანაშვიდის რიგისკენ მიუთითა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ხუთი წუთის შემდეგ! გიას უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა. "ზემელიდან", კინოს სახლიდან, რუსთაველის თეატრამდე მისვლას საათ-ნახევარს ვუნდებოდით: ყოველ ნაბიჯზე აჩერებდნენ, გია როგორ ხარ, აბა, ის ანეკდოტი მოგვიყევი, აბა, ეს გვითხარიო. ვბრაზდებოდი: შენს გვერდით აღარ გავივლი-მეთქი. მე სერიოზულ კაცს მეძახდა. ერთ-ერთ ფილმს, რომელშიც გია მერაბ თავაძესთან ერთად მონაწილეობდა, კიევში იღებდნენ. გიას მერაბზე სამი დღით ადრე მოუწია ჩასვლამ. ამ სამ დღეში გიამ მოახერხა და დოვჟენკოს კინოსტუდიის მსახიობი ქალები ორი ავტობუსით აეროპორტში წასვლაზე დაითანხმა, მისასალმებელი პლაკატებით ხელში: "უკრაინა მიესალმება სახელოვან მსახიობს"... და მერაბ თავაძეს დაახვედრა, მერაბი ჯერ გაოცდა, თუმცა, როგორც კი გია დაინახა, ყველაფერს მიხვდა.
- თქვით, თავის გარშემო სულ დღესასწაულის მოწყობას ცდილობდა, მაგრამ, ამასთანავე, მისი ღიმილი სევდანარევი იყოო, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს მის მიერ ბრწყინვალედ განსახიერებულ ნიკოს როლში ფილმ "არასერიოზულ კაცში".
- ფილმის რეჟისორი დიმა ბათიაშვილი ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო, ეს ფილმი დიმა ბათიაშვილისა და სცენარისტ ერლომ ახვლედიანის თანამშრომლობის ნაყოფია, სცენარი საგანგებოდ გიასთვის დაიწერა. დიმა ამბობდა, ორ დუბლზე მეტი არ დამჭირვებია, გია ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებს რეჟისორის მითითებებსო. ამ ფილმში დიმა ბათიაშვილის მეგობრები თამაშობენ, არაპროფესიონალი მსახიობები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ათია დათუნაშვილი, ნიკოს მამის როლში... ამავე ფილმში დედაჩემიც თამაშობს, რომელსაც გია კატას მიჰყიდის. ვფიქრობ, ეს ფილმი მე-20 საუკუნის ქალაქური ურთიერთობების ანთოლოგიაა. ფილმში ბევრი იმპროვიზაციაა, ხოლო მისი სავიზიტო ფრაზა - "სულ კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონებო!" თვითონ დიმა ბათიაშვილის ჟესტი იყო. გიას სურდა, ადამიანებისთვის ცხოვრება გაელამაზებინა, თავის სატკივარზე საუბარს კი გაურბოდა. პატიმრობიდან ამნისტიით გათავისუფლების შემდეგ დიმა ჯაიანმა ძალით მიიყვანა სოხუმის თეატრში, სპექტაკლში - "ფსკერზე" ითამაშა კიდეც, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა, ის "არასერიოზული კაციდან, ცხოვრებამ გამოუსადეგარ კაცად გადააქცია"... ერთ-ერთ თავის ლექსში ამბობს:
"სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი
და ხუმრობა,
ბედნიერი ვიყავი, მუდამ თქვენთან
მყოფელი...
მორჩა ლექსი! თვითონაც
სანთელივით მივქრები...
სული თითქოს დაჭრილი,
მოფარფატე გედია...
ისევ შენსკენ მიხმობენ ეს სნეული
ფიქრები,
კომედია დასრულდა?... დასრულდა
ტრაგედია!
ესაუბრა ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)