ლალი მოროშკინას ბათუმელი თაყვანისმცემელი ლექსებს უძღვნის

ლალი მოროშკინას ბათუმელი თაყვანისმცემელი ლექსებს უძღვნის

ამჯერად ლალი მოროშკინას და მის ნახევარძმას, ირაკლი შონიას მოვუწყვეთ ტრადიციული დაკითხვა. ინტერვიუს დაწყებამდე პირად საუბრებში ლალიმ გამიმხილა, რომ მის ბოლო წიგნზე "გისოსებს მიღმა საქართველოა" ქეთი დოლიძე ფილმის გადაღებას აპირებს, რობერტ სტურუა კი სამომავლოდ სპექტაკლის დადგმას გეგმავს.

- რომელს უფრო გათამამებ­დნ­ენ ბავშვობაში?

ლალი:

- რა თქმა უნდა, ირაკლის, იმიტომ რომ შვიდი წლით ჩემზე უმცროსია. თან ქართულ ტრადიციულ ოჯახებში ხომ ბიჭი განსაკუთრებული როლის მატარებელია. ჩვენი ოჯახიც არ იყო გამონაკლისი ამ მხრივ და ამიტომ ირაკლისთვის ყველაფერი შეიძლებოდა.

ირაკლი:

- ქართულ ოჯახში ვაჟიშვილს უფრო ნატრობენ ხოლმე და შესაბამისად, მე უფრო გათამამებული ვიყავი. თუმცა ლალის უფრო გამოკვეთილი მამაკაცური ხასიათი ჰქონდა. მე უფრო მშვიდი, წყნარი ვიყავი, შემწყნარებელი.

- მისი უსაქციელობის გამო მშობლები თუ დაუბარებიათ სკოლაში? შენი?

ლალი:

- არა, ასეთი უსაქციელოც არ იყო. უსაქციელობა მხოლოდ სახლში, ოღონდ პრაქტიკულად არ უვლია სკოლაში. უცნაური ბავშვი იყო. შეეძლო გაეცდინა გაკვეთილი და ასულიყო სასაფლაოზე. დაეთვალიერებინა აქამდე უნახავი ადგილები, თავისი დასკვნები გაეკეთებინა. თავიდანვე ჭკვიანი იყო. სულ ვამბობ, რომ მე "დვარნიაშკული" განათლება მაქვს, რაც ქუჩაში ავკრიფე. ირაკლი გოეთეში სწავლობდა. გოეთემდე სენეკათი აღიზარდა. იჯდა და კითხულობდა. ოღონდ ამას საწოლში აკეთებდა. სკოლას, როგორც წესი, აცდენდა. აი, ჩემ გამო კი დაუბარებიათ მშობლები. ყოველთვის რაღაცას ვაპროტესტებდი. სკოლაშიც, მე-9 კლასში ისეთი პროტესტი მოვაწყვე, სხვა სკოლაში გადასვლა მომიხდა. მშობლები დაიბარეს კი არა, რომ არ გაგვაციმბირეს, კარგია. ერთი ტუტუცი პედაგოგი გვყავდა, საერთოდაც, ბევრი ტუტუცი პედაგოგი ასწავლიდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და ჩემი პირველი წიგნიც, "მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" სწორედ ამ სკოლის აღვირახსნილობით იწყება. ჰოდა, იმ ტუტუცმა პედაგოგმა ერთხელ უცნაურად ცუდი ტონით მითხრა, გაეთრიე საკლასო ოთახიდანო. მაშინ ვთქვი, რომ მე იმ სკოლაში აღარ ვივლიდი და აღარც მივლია, იმის მიუხედავად, რომ ბოდიშიც მომიხადა მერე იმ კაცმა და სკოლის დირექტორიც მთხოვდა დარჩიო.

ირაკლი:

- მისი უსაქციელობის არა, უფრო კომუნისტური რეჟიმის სიმახინჯის გამო მოხდა ყველაფერი. ლალი ხშირად აპროტესტებდა სკოლის ფორმას, იქაურ წესებს და ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა სკოლის დირექციას. მე უფრო ვუყვარდი მასწავლებლებს. ერთხელ დაიბარეს მხოლოდ მამა და მაშინაც ყველა მასწავლებელი ჩემს ქება-დიდებაში იყო. არადა, არ ვსწავლობდი კარგად. ლალისგან განსხვავებით, ნიშნები არასდროს მადარდებდა.

- გულჩვილია? ბოლოს რაზე იტირა? შენ?

ლალი:

- არა, იუმორით უყურებს ყველაფერს. შეუძლია ტრაგიკული სიტუაციაც კი იუმორში გაატაროს, გაგიბათილოს და გაგილაითოს. ირაკლი "ცხოვრება მშვენიერია"-ს ტიპაჟია. მე უფრო მჩვევია გულმა მომიჭიროს, კურცხალი გადმოვაგდო. ეს ნორმალურიც არის, ქალი ვარ.

- ბოლოს როდის გადმოაგდე კურცხალი?

- აგერ, შენ გვერდით დევს წერილები, რომლებიც ციხიდან არის გამოგზავნილი. ყოველთვე წერილების დასტას ვიღებ ციხიდან. ძალიან გულის ამაჩუყებელია თითოეული მათგანი. მიყვებიან თავიანთ პირად ცხოვრებაზე, ოჯახურ ამბებზე, გაჭირვებას. მეც ადამიანი ვარ, წამომცვივდება ხოლმე ცრემლები.

ირაკლი:

- ადრე იყო, ახლა გამაგრდა. კარგა ხანია ნამტირალევი არ მინახავს. გარეგნულად არც მე ვარ ასეთი, მაგრამ არის თემები, რაც გულს მიჩუყებს.

- რას საყვედურობთ ერთმანეთს?

ლალი:

- ძველი მანქანების გამოფენა აქვს ბუდაპეშტის ქუჩაზე. თუ რამე ძველმანი არსებობს, ყველაფერი მისია. ამაზე ვებუზღუნები, რად გინდა ეს ჯართი, გაყიდე-მეთქი. ამას წინათ "აბეზარას" ვუყურებდით და ბევრი ვიცინეთ, რაც კი ძველი მანქანებია იმ ფილმში გამოყენებული, ყველა ირაკლის კოლექციას "ამშვენებს". მას რაც შეეხება, არ მახსოვს რამეზე ესაყვედურა ჩემთვის. ძალიან კარგი ძმაა.

ირაკლი:

- ადრე, გარდატეხის ასაკში, დროის ფასი არ ვიცოდი და უმეტესად მეძინა. ეს ლალის არ მოსწონდა. მერე მსაყვედურობდა იმას, რომ მონღოლოიდური ტიპის უხასიათო ქალები მომწონდა რატომღაც. კიდევ იმას მსაყვედურობდა, რომ ცაში დავფრინავდით მთელი ოჯახი და მათ შორის მეც. ლალის გახსნილი ბრძოლა უფრო უყვარს, ვიდრე ფარული და ამას ვსაყვედურობ სულ. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ვიღაცას შეეჭიდო, როცა არის საშუალება, სხვანაირად მოაგვარო კონფლიქტი.

- რა აჩუქე ბოლოს დაბადების დღეზე? მან რა გისახსოვრა?

ლალი:

- ალბათ სუნამო, ზუსტად არ მახსოვს. სუნამოს და ტანსაცმელს ვჩუქნი ძირითადად. ირაკლიმაც სუნამო მაჩუქა მგონი.

ირაკლი:

- არაფერი. ძალიან უყურადღებო და ეგოისტი ვარ. ლალი მჩუქნის ყველაფერს. მთელი ცხოვრება მაცმევდა, ახლაც მეხმარება ჩაცმაში და გემოვნებაში. საერთოდ ოჯახში ცუდად იყო როლები გადანაწილებული მამაკაცებმა არ ვიცოდით საკუთარი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ზომა. ქალები გვყიდულობდნენ. ახლა, რაც ცოლი მოვიყვანე, ცოტა შევიცვალე ამ მხრივ.

- რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?

ლალი:

- სიჯიუტე და სნობიზმი. მე ზოგადად საწინააღმდეგო სქესი მაღიზიანებს (იცინის).

- უკვე? ძალიან ადრე ხომ არ არის?

- საშინლად დისკრედიტებულია მათი უმრავლესობა. მაღიზიანებს უსაქმურობა და სნობიზმი. უსაქმური მამაკაცების ქვეყანად ვიქეცით და ის 10%, რომელიც მუშაობს, არაფრით საინტერესონი არ არიან ჩემთვის.

ირაკლი:

- სავარაუდოდ, კაცურობის ნაკლებობა, ახალი გადაჯიშებული ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ ვერ გაურკვევიათ, რა სქესისანი არიან. პარაზიტები აღიზიანებს, რომლებიც სახლში სხედან და ცოლები უხდიან აუზზე, კაფე-ბარებში სეირნობის ფულს. მე არ მომწონს პარაზიტი ქალები, მთელ ცხოვრებას კაფეში და დაქალებთან ჭორაობაში რომ ატარებენ, დიდი კრიტიკოსები რომ არიან და თავად ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ. თან დიდი ამბიცია აქვთ, რომ აუცილებლად მილიონერი უნდა შეხვდეთ.

- როგორია, როცა უყვარს? შენ?

ლალი:

- მეოჯახეა. შეუძლია ცოლთან ერთად აკეთოს საჭმელი. მუდმივად რემონტი აქვთ. ერთად ანგრევენ და მერე ისევ აშენებენ. ახლაც დანგრეული აქვს მთელი სახლი. ფეხმძიმე ცოლი ჰყავს, მეორე ბავშვს ელოდებიან და დღესაც ნანგრევებში ცხოვრობენ. ძლიერი აღმოჩნდა ჩემი რძალი. არ წუწუნებს ირაკლის ყოველ ასეთ ახირებაზე. როცა გინდა მიხვიდე, ყოველთვის აქვთ ქილებში ჩამოსხმული კომპოტები, ჯემები, მურაბები. მთელი ზაფხული ზამთრისთვის ემზადებიან. რაც ჩემთვის საერთოდ ფანტასტიკის სფეროსთან არის გაიგივებული. სულ ვეუბნები, ოჯახურად ჯადოს ხარშავთ-მეთქი (იცინის). მე როგორი ვარ შეყვარებული? - დარტყმული, როგორც ყველა ქალი.

ირაკლი:

- შეყვარებული ლალი? - მტრისას. მთავარი ისაა, რომ ეს გრძნობა აქვს. თავსაც გაწირავს სიყვარულის გამო, კარიერასაც დაინგრევს, შემდეგი ათი წლის განმავლობაში რომ პერსპექტივა არ ჰქონდეს, ისეთ რამესაც იზამს. შექმნის ვიღაც კაცს, რომელსაც ეხმარება. მასზე ფსონებს დებს. მერე მიხვდება რომ მისგან არაფერი გამოვა, იმიტომ, რომ ბუნებამ ვერ უშველა და მოროშკინა რას უშველის და თავს ანებებს (იცინის). მეც ასეთი ტიპი ვარ. არ მჭირდება ცოლი, რომელიც სახლში მეყოლება გამოკეტილი. ჩემი დიდი შეცდომა იყო, ქალებს რომ ვეუბნებოდი, ყველაფერი კარგად იქნება, ერთად ვიმუშავებთ-მეთქი. ქალს უნდა უთხრა, რომ ყველაფერი იქნება, ან არის უკვე გამზადებული. აი, მაშინ შეიძლება დააინტერესო, შედეგი უცებ უნდათ.

- ახლა შეყვარებულია? შენ?

ლალი:

- აბა, რა. მე როდის ვიყავი ბოლოს შეყვარებული, აღარც კი მახსოვს. ეტყობა, სხვანაირი აღმაფრენა სჭირდება ამას. ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში არავითარი აღმაფრენის სურვილი არ მაქვს. ფრთები მომაჭრეს და ძალიან მიწიერ საქმეებზე ვარ გადართული. ხან ჩანგალი მიკავია ხელში, ხან დანა და ხანაც კალამი.

ირაკლი:

- არ ვიცი. ჯერ მშვიდადაა. მე - კი.

- რომანტიკოსია? შენ?

ლალი:

- ირაკლი - ნაკლებად. მე კატეგორიულად არ ვარ ასეთი. მამაკაცი, რომელიც შეიძლება ყვავილებით დამხვდეს სადღაც, უპირველესი მტერია ჩემთვის. ვერ ვიტან ყვავილებს, ლექსებს, დადგმულ სცენებს, პოეზიის საღამოებს.

- სიურპრიზებიც არ გიყვარს?

- მიყვარს, ოღონდ ისეთი, რომელიც დიდხანს რჩება შენთან ერთად. ანუ ძვირად ღირებული სიურპრიზები მიყვარს. ვარდის ფურცლები ჩემთვის არანაირ რომანტიკას არ შეიცავს. შეიძლება ძალიან ბანალურია, მაგრამ ჩემთვის რომანტიკაა, აივნიდან გადმომდგარს ოთხბორბლიანი სიურპრიზი რომ დაგხვდება. თუ ვახშამია სიურპრიზი, მაშინ რომელიმე ძალიან მაგარი სასტუმროს ბოლო სართულზე უნდა იყოს.

- პოეზიასთან მწყრალად ხარ?

- არა, ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს არის ინტიმი. ლექსები ჩემთვის, სავარძელში მირჩევნია ვიკითხო და არა მე მიკითხონ იმისთვის, რომ შემაბან.

- უცდია ვინმეს ამ ხერხის გამოყენება შენს შესაბმელად?

- როგორ არა, ახლაც ცდილობენ. ახლახან მივიღე ბათუმიდან მორიგი თაყვანისმცემლის ჩემდამი მოძღვნილი ლექსი. ვაგროვებ ამ ლექსებს და ოდესმე გამოვაქვეყნებ.

ირაკლი:

- რაც უნდა ბევრი ილაპარაკოს, პრაგმატიკოსი ვარო, არ მჯერა. ხალხის სიყვარული რომ შეუძლია, ეს უკვე რომანტიკაა. თუმცა მის გულს ყვავილებით ვერ მოიგებ. ალერგია ემართება ვარდებზე. მე უფრო ღიად რომანტიკოსი ვარ, მაგრამ შინაგანად უფრო პრაგმატიკოსი აღმოვჩნდი საბოლოო ჯამში.

- ნივთი, რომელიც ყოველთვის მოიძებნება მის ჯიბეში ან ხელჩანთაში? შენ რას ატარებ თან?

ლალი:

- სანათი და ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეს, კუნძულზე რომ ცხოვრება აიწყო. ასე რომ, ირაკლისთან ერთად არსად ცხოვრება არ არის საშიში, გაუჩენელს გააჩენს. დიდჯიბეებიანი შარვალი აცვია ყოველთვის და გამოტენილი აქვს საჭირო ნივთებით. მე ფული უნდა მქონდეს ჩანთაში, ეს მთავარია. კიდევ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მიდევს, გაქცევა რომ დამჭირდეს და მძიმე ჰანტელები მიყრია ყოველთვის მანქანაში, თუ ვინმე ნერვებს მომიშლის, ვთხლიშო (იცინის).

- მე მაინც მეგონა ჩანგალი დაგქონდა თან...

- ჩანგალი აგერ, გულზე მიკიდია. საიუველირო მაღაზიაში სპეციალურად ჩემთვის დაამზადეს და მაჩუქეს.

ირაკლი:

- მის ჩანთაში ნამდვილად არ ჩამიხედავს. ისე, ჰანტელები დააქვს მანქანით. სულ ვარჯიშობს. მე სანათი, სახრახნისი და სხვა საჭირო ნივთები დამაქვს ჯიბით.

- რომელი იყო ყველაზე ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში? შენი?

ლალი:

- ალბათ ჯარჯის, პირველი შვილის დაბადება. მე ბევრი ბედნიერი დღე მქონდა. თუ არ ჩავთვლით შვილების დაბადებას, რაც ყველა დედისთვის უბედნიერესი დღეა, პირველი წიგნის გამოცემის დღეს გამოვყოფ. დილის 9-ის ნახევარზე შევხვდი ჩემს მეგობარს. ყველაფერი დაკეტილი იყო და სადღაც ხომ უნდა დავმსხდარიყავით. მაკდონალდსში შევედით და იქ აღვნიშნე ეს სიხარული. ცხარე ცრემლებით ვტიროდი. ეს სიხარულის ცრემლები იყო. შემდეგ ეს ტრადიციად იქცა. ყოველი წიგნის გამოცემის დილას ვურეკავ ჩემს მეგობარს, ვსხდებით მაკდონალდსში და...

- ტირით?

- არა, უკვე აღარ. მეექვსე წიგნი გამოვეცი, მივეჩვიე.

ირაკლი:

- ალბათ ის დღე, როცა სანდრო ავარიაში მოყვა და გადარჩა. ჩემთვის შვილის დაბადება იყო უბედნიერესი დღე.

- როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

ლალი:

- 95%-ით ალბათ.

ირაკლი:

- ვფიქრობ, 75%-ით დაემთხვევა.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"