ცოტნე გამსახურდიას ყოფილმა ცოლმა ბიზნესი ააწყო - ”შეიძლება ახლა უფრო მოვეწონო”

ცოტნე გამსახურდიას ყოფილმა ცოლმა ბიზნესი ააწყო - ”შეიძლება ახლა უფრო მოვეწონო”

სოფო ჩიკვილაძეს საზოგადოება ცოტნე გამსახურდიას ცოლის სტატუსით იცნობს. მიუხედავად ბევრი ჭორისა, რომ სოფო ცოტნეს ცოლად არასოდეს უღიარებია, ფაქტია, რომ წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. ცოტნეს დაპატიმრების შემდეგ მათ ურთიერთობა აღარ აქვთ და სოფო შვილებს დამოუკიდებლად ზრდის. ყოფილი თუ მოქმედი მეუღლე სოფოს მაშინაც არ შეხმიანებია, როდესაც გადაცემა "სიმართლის დროში" მასზე სკანდალური განცხადებები გააკეთა... მას შემდეგ ორი წელი გავიდა და სოფო შეიცვალა. მიაჩნია, რომ უფრო დამოუკიდებელი გახდა და თბილისში საკუთარ ბარს ამუშავებს. მართალია, ფიქრობს, რომ გამსახურდიების ჩრდილს თავი დააღწია, მაგრამ ფაქტია, რომ ინტერვიუს განმავლობაში ცოტნეზე ბევრი ვისაუბრეთ.

- სოფო, პირველ რიგში, თავად თუ მიიჩნევ თავს ძლიერ ქალად?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია, სხვებმა ილაპარაკონ, მაგრამ ძალიან გამიხარდა, როდესაც ამ რუბრიკისთვის დამირეკეთ, რადგან მიმაჩნია, რომ ძალიან ძლიერი ვარ.

- რამ მოგიტანა ეს სიძლიერე, ცხოვრებისეულმა სირთულეებმა?

- შინაგანად უნდა იყო ძლიერი, რადგან ბევრ ადამიანს აქვს ცუდი პერიოდი გავლილი, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ. მიმაჩნია, რომ შინაგანად ძლიერი ვარ და რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული გამოცდილებაც დამეხმარა. საერთოდ, მთავარია, პრობლემებთან გამკლავება შეძლო, თან როდესაც ორი შვილი გყავს და მარტოხელა ქალად ითვლები, არ გყავს მეუღლე და არც მდიდარი ოჯახის შვილი ხარ. ამ დროს ცდილობ, წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბდე, რაშიც ეს სიძლიერე გეხმარება. ერთ ადგილზე არ ვჩერდები, მაქსიმუმს ვაკეთებ და ყოველთვის მიზანდასახული ვარ.

- მეორე ბავშვის გაჩენა, განსაკუთრებით შენს მდგომარეობაში, ალბათ ერთგვარი რისკი იყო...

- ესეც ჩემი სიძლიერიდან გამომდინარეა. საზოგადოების შიშით ბევრი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. ცხადია, ამ ფაქტს ბევრი ჭორი და უსიამოვნება მოჰყვა. ზოგს გაეღიმა, ზოგსაც - პირიქით. პირდაპირ გეტყვით, ხალხი იმხელა მასაა, რომ ყველას აზრს ვერ გავითვალისწინებ. მე რაც მინდა, იმას ვაკეთებ. ყველას ერთნაირი აზრი არ ექნება.

- როგორ არიან შენი შვილები, როგორ ზრდი მათ?

- საკუთარი ბიზნესი მაქვს, ახალგამოჩეკილი ბიზნესვუმენი ვარ. დაახლოებით სამი თვეა, რაც შვილებს დღეში ორი-სამი საათით ვხედავ, ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ერთ-ერთ ქუჩაზე ბარი გავხსენი და ჯერჯერობით კარგად მუშაობს.

- ვინ დაგეხმარა ფინანსების მოძიებაში?

- იმ ადამიანის სახელსა და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ. ეს თანხა მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დავუბრუნო. ვერ ვიტყვი, რომ ადვილია, თან როცა მარტო ხარ.

- ვარცხნილობაც შეგიცვლია.

- მომბეზრდა ერთფეროვნება, არა უშავს, გაიზრდება თმა და ისევ ის სოფო ვიქნები.

- დღეს რა ურთიერთობა გაქვს ცოტნესთან, მახსოვს, ციხეში მასთან შესვლას და მონახულებას აპირებდი...

- ვაპირებდი, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე აღარ მიმიყვანია. არც კი მიზრუნია ამაზე. არ ვიცი მისი აზრი, რას ფიქრობს ჩემზე და დიდი რისკია იქ შესვლა, იქნებ, სულაც არ უნდა ჩემთან დალაპარაკება. როგორც ვიცი, აპრილში თავისუფლდება და ვნახოთ.

- ამ ამბავს როგორ შეხვდი?

- უცნაურად... ძალიან მიხარია, რომ გამოდის, მაგრამ თან გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

- ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" სტატუსი დაწერე, მგონი, ცოტნე ისევ მიყვარსო, თუმცა მალევე წაშალე...

- "ფეისბუქს" არ დაუჯეროთ, საერთოდ სხვა თემას ეხებოდა და იმიტომაც წავშალე.

- მასთან ორი საერთო შვილი გყავს, თან ცნობილია, რომ ცოტნე ქარიზმატული პიროვნებაა.

- ჩემსავით, მეც ქარიზმატული ვარ. საერთოდ, ადამიანები იცვლებიან. ბოლო ოთხ თვეში იმხელა ტრანსფორმაცია განვიცადე, თუნდაც მორალურად, სულიერად, ხუთჯერ მაინც გავიზარდე. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და დღეს არ ვფიქრობ პირად ურთიერთობებზე. როდესაც მეკითხებიან, ცოტნეს შეურიგდები? - მე ვპასუხობ, შემირიგდება? და მერე ვამბობ, - არა, არ არსებობს, თუმცა მამას შვილებთან კონტაქტი ყოველთვის ექნება, ეგ ჩვეულებრივი ამბავია...

- მეორე შვილის ფოტოები თუ უნახავს?

- დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი, იქ აქვს ცოტნიკოს სურათები.

- ბებია თუ ნახულობს შვილიშვილებს?

- არა... არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი შრომითა და ენერგიით აწყობილი დამოუკიდებლობა, რომლის საშუალებითაც ორივე შვილს ვინახავ, უცებ დაინგრეს.

- ჰგვანან ბავშვები გამსახურდიებს?

- ხასიათით ორივე ჰგავს. ოთხი წლის თამარმა თავად ისწავლა წერა-კითხვა. ცოტნეს რაც შეეხება, უფრო მუსიკალური ნიჭი აქვს.

- მამის სხვა ნათესავები თუ ნახულობენ ბავშვებს?

- მე მაქვს არჩეული ასეთი გეზი - სოფო ზრდის თავის შვილებს და არანაირი დახმარება. თუ უნდათ ნახონ, მაგრამ როდესაც ჩამოყალიბდებიან და ბავშვებს გზაზე დავაყენებ, ეცოდინებათ, რომელ მხარეს არის კარგი და ცუდი და რა აირჩიონ. არანაირი პრობლემა არ მექნება, ვისთანაც უნდათ, ჰქონდეთ ურთიერთობა. მესაკუთრე არ ვარ. ერთი გამოთქმა მიყვარს განსაკუთრებულად, რატომ უნდა ვიფიქრო სხვაზე, როდესაც ჩემი სადარდებელიც ბევრი მაქვს.

- ხომ არ ფიქრობ, რომ ის სკანდალური გადაცემა არ გაპატიეს, რომელიც პატარა ცოტნეს დაბადებამდე "იმედის" ეთერში გავიდა?

- ალბათ დადგება დრო, როცა სწორ ვერსიას მივაწოდებ საზოგადოებას, რატომ მივედი მაგ გადაცემაში. ეგ დრო შეიძლება, 5-6 წელიწადში დადგეს. მთავარია, მაგ დროს ფინანსურად ჩამოყალიბებული ვიყო.

- მაშინ ამბობდნენ, რომ ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ფული გადაგიხადეს.

- არა, სულ სხვა მიზეზი იყო. ოდესმე რეალურ ვერსიას მოვყვები.

- მითხარი, "ფეისბუქს" არ ენდოო, შეყვარებული ხარ, თუ ესეც მომეჩვენა?

- პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია, ეს ერთგვარი ფანდია, რომ აბეზარი თაყვანისმცემლები მოვიშორო.

- ბევრი არიან?..

- საკმაოდ...

- შენი და ცოტნეს ერთად ყოფნისას, მის მეგობრებს ხომ იცნობდი, დღეს მათთანაც არ გაქვს ურთიერთობა?

- ადამიანებთან ურთიერთობა იმ შემთხვევაში გაქვს, თუ მათთან რაიმე ვალდებულება ან მეგობრობა გაკავშირებს. ან ისეთ ადამიანებთან მეგობრობ, ვისგანაც ცოდნასა და გამოცდილებას იძენ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მათგან ჩემთვის არც ერთი არ არის ისეთი ღირსეული ადამიანი, ვისთანაც დავჯდები და კონსულტაციას გავივლი ან რჩევას მივიღებ. იმდენად ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ყველაფერი შემიძლია გავაკეთო.

- ამ სამი წლის განმავლობაში არასოდეს გიგრძნია ცოტნეს მხრიდან ყურადღება?

- რატომღაც ყოველთვის ამბობენ, რომ მე ქმარი მყავს. შეიძლება, ცოტნეს მიაჩნია, რომ მე მისი ცოლი ვარ, და მე კი ვფიქრობ, რომ გაშორებული ვარ.

- სანამ დაიჭერდნენ, ცოტნემ იცოდა, რომ მეორე შვილს ელოდებოდი?

- დიახ, დაახლოებით ორ დღეში დაიჭირეს. მანამდე ტელეფონით ვისაუბრეთ. იმ დღეს, როცა დაიჭირეს, უნდა მენახა და ვერ მოვახერხე. კარგად გამომდის ახალი ცხოვრება, უკეთესად, ვიდრე გამსახურდიების ჩრდილის ქვეშ ვიცხოვრე. ფრთები გაშლილი მაქვს. მთავარია, სწორი მიზანი დაისახო და ბოლომდე მიხვიდე. როცა ცოტნეს ცოლი ვიყავი, ან ასე მერქვა, ამდენს ვერ მოვახერხებდი.

- თამარი თუ კითხულობს მამას?

- ამ ბოლო დროს აღარ, მაგრამ იყო პერიოდი, როცა მუდმივად ახსენებდა. ვეუბნები, რომ მამა მოსკოვშია, თოვლის ბაბუას დაურეკა და საჩუქრები გამოატანა.

- როდესაც ქალაქში დადიხარ და შენობებზე წარწერებს ხედავ - "თავისუფლება ცოტნეს", რა გრძნობა გეუფლება?

- გულის სიღრმეში მტკივა. ცოტნე ციხეში არ უნდა იჯდეს, რადგან ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ამბიციებს აჰყვა. რეალურად კი ჯობდა, ეს დრო სხვა რამისთვის დაეთმო და ბევრს მიაღწევდა. ალბათ ეს მისი ოჯახის ბრალიც არის. ცოტნე იმდენად განათლებულია, რომ შეიძლებოდა გამოჩენილი მოღვაწე გამხდარიყო. ახლა ციხიდან ცხოვრებადანგრეული გამოვა. ოჯახშიც არეულობა აქვს...

- ციხიდან დედაც გააკრიტიკა...

- მგონი, ჩემ გარდა ყველა გააკრიტიკა. ამის გამო დიდ პატივს ვცემ. მამაკაცური თვისებები აქვს. მაგას რომ ჩემი ჩაძირვა უნდოდეს, ორ წამში ჩამძირავდა. მეც მაქვს მის მიმართ პატივისცემა და მახსოვს რაღაცები...

- როგორც გვითხარი, აპრილში ციხეს დატოვებს...

- როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ დროს მიხეილ სააკაშვილი ამნისტიას გამოსცემს პოლიტპატიმრებისთვის. ცოტნეც პოლიტპატიმრად ითვლება.

- დახვდები, როცა ციხიდან გამოვა?

- არ ვიცი, ცოტა მეშინია. შეიძლება, გულით მინდოდეს დახვედრა, მაგრამ იქ რომ დავხვდე და უარყოფითი რეაქცია ვიგრძნო, შეიძლება, თავი მოვიკლა, სად მოვდიოდი-მეთქი. დავფიქრდები, შეიძლება, ბავშვთან ერთად წავიდე.

- როგორ ფიქრობ, ამ პერიოდის განმავლობაში რატომ არ ეცადა, თუნდაც წერილით შეეხსენებინა შენთვის თავი?

- არ იცის ჩემი მისამართი, ნომერი, რომელიც უამრავჯერ გამოვიცვალე. შეიძლება ეცადა კიდეც, გაეგო... თუმცა თუ ადამიანი კარგად ცდილობს, გამოსდის კიდეც. შეიძლება, სურვილი არ აქვს, არ ვიცი. მიუხედავად ყველაფრისა, გაბოროტებული არ ვარ. ალბათ გაბრაზებულია, არ ვიცი, რატომ არ ეცადა. შეიძლება, რაღაც მომენტში მამართლებს კიდეც...

- ალბათ რთულია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა...

- მე ჩემი ცხოვრება მაქვს და შვილები მყავს. შემიძლია, ცოტნეს დავეხმარო როგორც მეგობარს, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მას ჰგონია, პატარა ბავშვი აღარ ვარ, უბრალოდ, ცოლქმრობა ვერ წარმომიდგენია, ვერც ერთი კაცი ვერ გამიძლებს, დამოუკიდებლობას ვარ მიჩვეული. მიპასუხეთ, ვგავარ იმ ადამიანს, რომელიც სახლში დაჯდება და "კუხარკას" დაემსგავსება? მასთან ყოფნისას სხვანაირი ვიყავი, სახლი - მანანა... შეიძლება ახლა უფრო მოვეწონო. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ცოტნეს ჰქონდა იმედი, რომ ოდესმე გავუმართლებდი.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"