10 დეკემბერს კოპენჰაგენსა და ოსლოში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯილდოს "ნობელის პრემიის" გადაცემის 111-ე ცერემონიალი გაიმართება. გამარჯვებულთა ვინაობა უკვე ცნობილია. ისინი დიპლომსა და მედალთან ერთად სოლიდურ ფულად პრემიასაც მიიღებენ, რომელიც 1,4 მილიონ დოლარს უტოლდება.
ალფრედ ნობელს სიცოცხლეში ხშირად საყვედურობდნენ, რომ უზარმაზარი სიმდიდრე ადამიანებისათვის სიკვდილის მომტანი იარაღის - "დინამიტის" გამოგონებითა და მისი წარმოებით დააგროვა. ნობელი მათ ასე პასუხობდა: "მე პაციფისტი ვარ. ადამიანები უძლიერესი გამანადგურებელი იარაღით აღვჭურვე, რათა დარწმუნდნენ, რომ დაპირისპირებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ომის შემთხვევაში ორივე მხარე განადგურდება".
ნობელმა "დინამიტი" 1868 წელს გამოიგონა (ეს უმსხვერპლოდ არ მომხდარა - საცდელ ლაბორატორიაში მომხდარმა აფეთქებამ შეიწირა ალფრედის უმცროსი ძმა). მას შემდეგ ადამიანებმა უამრავი მცირე და ორი მსოფლიო ომი გააჩაღეს, რამაც ასეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ, ალბათ, ნაწილობრივ მართალნი იყვნენ ისინი, ვინც ნობელს "სისხლიან მილიონერს" და "ფეთქებადი სიკვდილით" მოვაჭრეს ეძახდნენ. თუმცა ნობელის სასარგებლოდ მეტყველებს ერთი ფაქტი - 1868 წლამდეც, ანუ "დინამიტის" გარეშეც წარმატებულად და დიდი მონდომებით ხოცავდნენ ადამიანები ერთმანეთს (მათ შორის განსაკუთრებით შვედი მეცნიერის წინაპარი ვიკინგები გამოირჩეოდნენ).
"დინამიტის" შემდეგ კაცობრიობამ უამრავი მომაკვდინებელი იარაღი შექმნა, მათ შორის ისეთიც, რომლის არსებობამ მართლაც დაუკარგა აზრი მასშტაბურ კონფლიქტს, ნობელის სახელი კი დღემდე უაღრესად პოპულარულია. ამის მიზეზი ალფრედ ნობელის მიერ დაწესებული პრემიაა, რომელსაც სათავე 1895 წელს დაუდო, როდესაც პარიზში ხელი მოაწერა ანდერძს, რომლის მიხედვით სიკვდილის შემდეგ მისი მთელი უძრავ-მიძრავი ქონება უნდა გაყიდულიყო და ამონაგები თანხით შექმნილიყო მისივე სახელობის პრემიალურ ფონდი (ამჟამად ფონდის კაპიტალი 450 მილიონ დოლლარს შეადგენს).
იარაღით მოვაჭრის უდიდეს ფილანთროპად გარდაქმნა კი მას შემდეგ მოხდა, რაც 1888 წელს პარიზის გაზეთებმა შეცდომით მისი გარდაცვალების ცნობა და ნეკროლოგები გამოაქვეყნეს (აერიათ, სინამდვილეში ნობელის უფროსი ძმა გარდაიცვალა ქალაქ კანში). სწორედ მაშინ შეამკეს ჟურნალისტებმა "გარდაცვლილი" "სისხლიანი მილიონერისა" და "ფეთქებადი სიკვდილით" მოვაჭრის ეპითეტებით, სწორედ მაშინ დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ სახელს დატოვებდა და რას დაწერდნენ და ილაპარაკებდნენ მასზე, როდესაც მართლა გარდაიცვლებოდა.
ნობელის პრემიის მინიჭების პირველი საზეიმო ცერემონია მისი დამაარსებლის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე 1901 წელს გაიმართა სტოკჰოლმში. თავიდან 6 "ნომინაცია" იყო. დიპლომს, ოქროს მედალს და ფულად ჯილდოს ლიტერატურაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ფიზიოლოგიაში და მედიცინაში მიღწეული წარმატებისათვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანიჭებდნენ. 1969 წლიდან ჩამონათვალს ეკონომიკაც დაემატა. ნობელმა სიაში თავიდან მათემატიკოსებიც შეიყვანა, მაგრამ შემდეგ ამოშალა და მის ნაცვლად მშვიდობის პრემია ჩაწერა (სწორედ მას გადასცემენ ოსლოში). გავრცელებულია აზრი, რომ ეს "ცხელ გულზე" გააკეთა, ვინაიდან ცოლი მათემატიკოსთან გაექცა. ამგვარ მოსაზრებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ერთი მარტივი მიზეზის გამო - უაღრესად ასკეტური ცხოვრების წესის მიმდევარ მეცნიერსა და საქმოსანს ცოლი არასდროს შეურთავს (მათემატიკოსთა დაჩაგვრა უფრო სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის, მიკაგ ლეფლერის დამსახურება უნდა იყოს, რომელიც გამუდმებით თხოვდა ფულს და ძლიერ არ უყვარდა).
მკაცრადაა განსაზღვრული დაჯილდოების დამაგვირგვინებელი საბანკეტო სუფრის "სერვიროვკაც". მაგიდაზე აწყვია ზუსტად 6750 ცალი ჭიქა, 9450 ცალი დანა და ჩანგალი, 9550 ცალი თეფში და მხოლოდ ერთი ჩაის ჭიქა შვედეთის დედოფლისთვის, რომელიც არ სვამს ყავას. დარბაზს სანრემოდან ჩამოტანილი 23 ათასი ყვავილი ამშვენებს.
ასევე მკაცრადაა გაწერილი ის პირობები და წესები, რომლითაც პრემიის მინიჭების კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს. მაგალითად, არ შეიძლება ერთი პრემია ერთდროულად სამზე მეტ პირზე გადანაწილდეს. ასევე აკრძალულია ერთსა და იმავე პირისთვის პრემიის რამდენჯერმე მინიჭება, თუმცა ასეთი გამონაკლისი რამდენჯერმე მაინც დაუშვეს. მარია სკლადოვსკაია-კიურიმ "ნობელი" 2-ჯერ დაიმსახურა: ერთხელ ქიმიაში, ერთხელაც - ფიზიკაში. ჯონ ბარდინმა და ფრედერიკ სენგერმაც ორ-ორჯერ მიიღეს ჯილდო, პირველმა - ფიზიკაში, მეორემ - ქიმიაში. პირველი დაჯილდოებიდან დღემდე კაცობრიობას 840 "ნობელიანტი" დაუგროვდა. მათ შორის 41 ქალია. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საკუთარი ნებით, ანდა იძულებით თქვეს უარი ამ საპატიო ჯილდოს მიღებაზე. 1972 წელს პრემიაზე უარი განაცხადა ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და ფილოსოფოსმა ჟან-პოლ სარტრმა. თავისი გადაწყვეტილება მან ასე ახსნა: "არ მინდა რომელიმე სოციალური ინსტიტუტისგან დავალებული ვიყო, ეს ჩემს თავისუფლებას შეზღუდავს". შეერთებული შტატების მიერ ვიეტნამში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისადმი პროტესტის ნიშნად მშვიდობის პრემიაზე უარი თქვა ვიეტნამელმა ლე დიკ თხომ. რაც შეეხება რუს საბჭოთა მწერალს ბორის პასტერნაკს, ის იძულებული გახადეს "კაპიტალისტების" მიერ მისთვის მინიჭებული პრემია უკან დაებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოთა ხელისუფლებისაგან სამშობლოს მოღალატის იარლიყს და სასტიკ რეპრესიებს მოიმკიდა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის დასაწყისში ქართველ სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა აკაკი წერეთელი დაესახელებინა ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის, რაზეც მწერლისაგან უარი მიიღეს. "როგორც ვიცი, ნობელის პრემიას საყოველთაო მშვიდობის ქადაგებისთვის აძლევენ საზოგადო მოღვაწეებს, მე კი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მტერთან ბრძოლას და მის განადგურებას ვუქადაგებ ჩემს ხალხს", - განაცხადა აკაკიმ.
სერიოზული საქმეებით დაკავებულმა მეცნიერებმა დასვენებაზეც იფიქრეს და დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს ამერიკელი მარკ აბრაჰამსის იდეა "ალტერნატიული" ნობელის პრემიის, იმივე "ანტინობელის" დაწესების თაობაზე. მას 1991 წლიდან მოყოლებული ყოველ 30 სექტემბერს ანიჭებენ მეცნიერებს ისეთი კვლევებისა და გამოგონებებისთვის, რომელთა განხორციელება შეუძლებელია, ანდა აზრი არა აქვს, ან უბრალოდ სასაცილოა, ნომინაციებიც ბევრად მრავალფეროვანია. ანტიპრემიის მინიჭება სრულიად სერიოზულად და ძალზე პომპეზურად ხორციელდება ჰარვარდის უნივერსიტეტის 1200 კაციან სააქტო დარბაზში. გამარჯვებულებს პრემიას ნამდვილი "ნობელიანტები" გადასცემენ, რომლებიც თავზე კოწოლა ქუდები ახურავთ, სახეზე კი უზარმაზარი ბუტაფორიული სათვალე და ცხვირები აქვთ მიმაგრებული. ლაურეატებს გადასცემენ დიპლომს, ფოლგის ქაღალდისაგან გაკეთებულ "ოქროს" მედალს და სპეციალურ პრიზს - ბალიშზე მოთავსებულ კბილების პროთეზს, რომელიც დროდადრო თავისით კაწკაწებს. ამ დროს დარბაზში მოკალათებული პროფესორები და სტუდენტები ჰაერში ქაღალდის თვითმფრინავების გაშვებით ესალმებიან დაჯილდოებულებს. მათთვის სამადლობლი სიტყვისათვის გამოყოფილი დროც მკაცრადაა რეგლამენტირებული. თუ ლაურეატმა 60 წამს გადააცილა, სცენაზე სპეციალურად ამ საქმისათვის სავარძელზე დაბრძანებული 10 წლის გოგონა აწყვეტინებს ლაპარაკს შეძახილით: "თუ შეიძლება შეწყვიტეთ, ეს უკვე მომაბეზრებელია". ამ ალტერნატიული ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონია ძალზე პოპულარული სანახაობაა (ხშირად "ნამდვილი" პრემიით დაჯილდოებაზე მეტადაც) და მას რამდენიმე ამერიკული ტელეარხი გადასცემს პირდაპირ ეთერში.
ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ გამარჯვებულთა "გენიალურ" ნააზრევს:
ბიოლოგია: ნაშრომი იმის შესახებ, რომ ავსტრალიელ მამრ ხოჭოებს ხშირად ლუდის ქილები თავის მდედრ პარტნიორებში ერევათ.
ფსიქოლოგია: გამოკვლევა იმაზე, თუ რატომ ხვნეშიან ადამიანები.
მედიცინა: ასთმის განკურნების უებარი საშუალება - ექსტრემალურ ატრაქციონზე, "ამერიკულ მთებზე" სრიალი.
პრემია დაიმსახურა ვილნიუსის მერმაც, რომელმაც ქალაქის ქუჩებში არასწორი პარკირების აღკვეთის ორიგინალურ მეთოდი დანერგა - უადგილო ადგილას დაყენებულ მერსედესს ჯავშანტრანსპორტიორით გადაუარა.
ფიზიკა: ყინულზე უსაფრთხოდ გადაადგილების ნოვატორული მეთოდი - ჩექმებზე ზემოდან შალის წინდები უნდა ჩამოიცვათ.
ასტრონომია: ჯოჯოხეთი გალაქტიკაში არსებულ შავ ხვრელებშია "გაშენებული".
ეკონომიკა: მოძრავი მაღვიძარას გამოგონებისათვის, რომელიც რეკვისას ემალება ადამიანს, რათა ის არ გამორთონ.
ბიოლოგია: ქვედა საცვლებში მხუთავი აირის შემაკავებელი ნახშირი ფილტრის დამონტაჟებისათვის. ასევე ქალის ბიუსტჰალტერისგან რესპირატორების დამზადების ტექნოლოგიის გამოგონებისათვის.
მათემატიკა: სპილოს კანის მთლიანი ფართის გამოანგარიშების ფორმულის შექმნისათვის.
არავინ იფიქროს, რომ ამგვარი ორიგინალური იდეების ავტორები ხუმრობენ. ისინი მართლაც მეცნიერები არიან და თავის ფიპოთეზებისა და იდეების აქტუალურობას საკუთარ ნაშრომებში ამტკიცებენ.
ამის დასტურად გამოდგება ერთი ფაქტი: რუსი ფიზიკოსი ანდრეი ჰეიმსი 2000 წელს "ანტინობელის" ლაურეატი გახდა, ხოლო 10 წლის შემდეგ მას იმავე თემაზე შექმნილი სხვა ნაშრომისათვის ნამდვილი ნობელის პრემია მიანიჭეს.
დავით შალიკაშვილი