ამერიკის ქალაქ რიჩლენდში, 86 წლის ასაკში სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები "ნიუ იორკ თაიმსზე" დაყრდნობით იუწყებიან.
გამოცემის ცნობით, ალილუევა 22 ნოემბერს ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა ამის შესახებ ხელისუფლებამ მხოლოდ დღეს განაცხადა.
სვეტლანა ალილუევა ამერიკაში ლანა პიტერსის სახელით ცხოვრობდა. ის 1926 წლის 28 თებერვალს იოსებ სტალინისა და ნაძეჟდა ალილუევას ოჯახში დაიბადა. მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი დაასრულა, მოგვიანებით კი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა.
ის ემიგრაციაში 1967 წელს წავიდა და თავდაპირველად ინდოეთში, შემდეგ ევროპაში, ცხოვრების ბოლომდე კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. სვეტლანა ალილუევა მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.
მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.