საზოგადოების ინტერესი მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" მიმართ, რომლის პრემიერაც ბათუმში 14 აგვისტოს გაიმართა, ჯერაც არ განელებულა. სპექტაკლში, სადაც ქეთოს მომღერალი სოფო ნიჟარაძე ასახიერებს, თვალში საცემია ის კოსტიუმები, რომელიც სკულპტორმა თამარ კვესიტაძემ შექმნა.
თუ ვიქტორ დოლიძის სამმოქმედებიანი ოპერის მიხედვით ქეთომ და კოტემ ერთმანეთი პეტერბურგის ბაღში გაიცნეს, გათანამედროვებული ვერსიით ისინი ლონდონში ხვდებიან ერთმანეთს. ლედი გაგას ფორმაში გამოწყობილი ქეთო საქართველოში "ლუი ვიტონის" ვერტმფრენით ბრუნდება. რატომ ხდება მიუზიკლში მსოფლიოს წამყვანი ბრენდის მრავალჯერადი რეკლამირება, უცნობია, თუმცა მოარული ხმები ამბობენ, რომ "ლუი ვიტონი" ნიჟარაძის საყვარელი ბრენდია და ამ ლოგოს გამოყენების გამო მიუზიკლის შემქმნელებმა მსოფლიოს წამყვან სამოდელო სახლს, არც მეტი, არც ნაკლები, 80 ათასი ევრო გადაუხადეს. ინტერესს იწვევს ამ მასშტაბური პროექტისთვის შექმნილ სამოსელში გადახდილი თანხა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პეპლებიანი კაბა, რომელიც მიუზიკლის სარეკლამო ბანერებზეა განთავსებული. კულუარებში ამბობენ, რომ მხოლოდ ამ კაბაზე 30 ათასი ლარი დაიხარჯა. მისი დიზაინი, ისევე, როგორც დანარჩენი კოსტიუმების, თამარ კვესიტაძეს ეკუთვნის. უნდა ვაღიაროთ, რომ კაბა ძალიან ლამაზია, თუმცა საკითხავია, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მხოლოდ ერთი კოსტიუმისთვის 30 ათასი ლარის დახარჯვა მიზანშეწონილი თუ არის. ვცადეთ, დავკავშირებოდით თამარ კვესიტაძეს, რომელიც ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს. მან თავდაპირველად ზარს არ უპასუხა. შემდეგ კი თამარ კვესიტაძის ნომრიდან მისმა მეგობარმა დაგვირეკა (ვინაობა არ გაამხილა - თ. ბ.) და როდესაც შეიტყო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მითხრა, რომ თამარ კვესიტაძე კომენტარს არ გააკეთებდა. საუბრისას გაირკვა, რომ თვითონაც მონაწილეობდა კოსტიუმების შექმნაში და ამიტომ მას გავესაუბრეთ:
- რა თანხა დაჯდა ამ კოსტიუმების შექმნა?
- წარმოდგენა არ მაქვს. კოსტიუმების დიზაინი თამარს ეკუთვნის, შეკერვით კი ავთო ცქვიტინიძესთან შეიკერა.
- ამბობენ, რომ პეპლებიანი კაბა, რომელიც სოფო ნიჟარაძეს ეცვა, 30 ათასი ლარი დაჯდა, დაახლოებით მაინც მითხარით, რა თანხა დაიხარჯა ამ კაბის შექმნაზე?
- მე ნამდვილად არ ვიცი, რა დაჯდა ეს კოსტიუმი. მე და თამრიკომ ამ კაბისთვის პეპლები შევქმენით, კორსეტი და კაბა კი ავთანდილმა შეკერა და მას ჰკითხეთ, რამდენი გადაუხადეს.
- ეს პეპლები რა დაჯდა?
- დაახლოებით 1500 ლარი.
- სპექტაკლში გამოყენებულია "ლუი ვიტონის" ბრენდის ლოგო, ამბობენ, რომ ამისათვის სამოდელო სახლს 80 ათასი ევრო გადაუხადეს...
- ეს არის დიდი სისულელე. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია რეჟისორთან გადაამოწმოთ.
კვესიტაძის მეგობართან გასაუბრების შემდეგ, პროექტის რეჟისორ დათო დოიაშვილთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე კი, შეიძლება ითქვას, ერთადერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც სპექტაკლის შექმნაში წვლილი შეიტანა და ჟურნალისტებთან საუბარს არ გაურბის.
- ავთო, კვესიტაძის მეგობარმა გვითხრა, რომ თქვენ შეკერეთ პეპლებიანი კაბა, რომელიც სოფო ნიჟარაძეს სპექტაკლში ეცვა. რა თანხა დაჯდა ეს კაბა?
- არამხოლოდ ეს კაბა, ნანი ბრეგვაძისა და ეკა კახიანის კოსტიუმებიც მე შევკერე. დიზაინი თამრიკო კვესიტაძეს ეკუთვნის. უბრალოდ, ჩემს ლაბორატორიაში შეიქმნა. თამრიკოს ნამუშევრებში ცვლილებები არ შემიტანია. მთლიანად რა დაჯდა კაბა, არ ვიცი.
- ამბობენ, რომ 30 ათასი ლარი დაჯდა, თამარ კვესიტაძის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მათ მხოლოდ პეპლები შექმნეს, რაშიც 1500 ლარამდე დაიხარჯა, თქვენ რამდენი გადაგიხადეს?
- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? თქვენ რა თანხასაც მისახელებთ, არასწორია. მაგის მეოთხედიც არ დამჯდარა ეგ კაბა!
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)