სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე რუსეთში ყოფნისას მაგიდაზე მუშტების რტყმევით ითხოვდა ქართული მხარისგან სომხური მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა, მეუფე ზენონმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "ცენტრში" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გარეგინ მეორეს საკუთარი დამოკიდებულება ქართული ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ არასდროს გამოუხატავს.
"ყველასთვის ცნობილია მისი დამოკიდებულება ქართული სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ. რუსეთში მოხდა ასეთი ფაქტი: გარეგინ მეორე რუსული დელეგაციის წინაშე მაგიდაზე მუშტების რტყმევით ითხოვდა სომხური მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ შეხვედრას ქართული ეკლესიის დელეგაციაც ესწრებოდა", - თქვა მეუფე ზენონმა.
მისივე განცხადებით, ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა სწორედ სომხური მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამოა გართულებული.
"რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, შევთანხმდით, რომ სტატუსსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივად ვიმსჯელებდით. ახლა კი გამოდის, რომ სომხური მხარის მოთხოვნები ცალმხრივად დაკმაყოფილდა: სტატუსიც მიენიჭათ, რითაც უფლება აქვთ ქონებაზეც გააკეთონ განაცხადი. ფაქტობრივად, მთელი ეს ვნებათაღელვა სომხური ეკლესიის ქმედებებმა გამოიწვია. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ დგება საკითხი, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს საკუთრება: ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთრება, თუმცა უნდა ჰქონდეს ის საკუთრება, რომელიც ნამდვილად მის საკუთრებას წარმოადგენს და არა მე-19 საუკუნეში უეკლესიო, უსახელმწიფო, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს დროს რუსული პოლიტიკით მხარდაჭერილი სომხური ეკლესიის ინტერესების განსახორციელებლად გადაცემულ ქონებას", - განაცხადა მეუფე ზენონმა.
მისივე თქმით, გაუგებარია ხელისუფლების პოზიცია კონკრეტულად სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებით.
"გაუგებარია - სომხეთის ეკლესიის ასეთი მხარდაჭერა მაშინ, როცა სომხეთი მხარს არ უჭერს გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას დევნილების დაბუნების შესახებ", - აღნიშნა მეუფე ზენონმა.