პირველი "ბუდა-ბარი" 1993 წელს ნიუ-იორკში გახსნილა. შემდეგ ერთ ფრანგულ კომპანიას იდეა მოუპარავს, პარიზში ანალოგიური დაწესებულება გაუხსნია და ახლა მსოფლიოში "ბუდა-ბარის" დიდი ქსელია. მომავალი წლიდან "ბუდა-ბარი" თბილისელებსაც "გაგვახარებს". პროექტს ხელი საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში მოეწერა.
როგორც მოგვიანებით ითქვა, ბარის გახსნის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. ჩვენ ხომ პარადოქსების ქვეყანა ვართ - "ბუდა-ბარი", რომელსაც უზარმაზარი ბუდას ქანდაკება (ბარის კონცეფცია ბუდას 3-მეტრიანი ქანდაკების დადგმას გულისხმობს) დაამშვენებს, სიონის წინ, მეტეხის ეკლესიის ძირში, რიყეზე, იმ ადგილას უნდა აშენდეს, სადაც ასი ათასმა მოწამემ სისხლი დაღვარა...
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმა, რომ თბილისში "ბუდა-ბარს" ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძე აშენებდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ქართულ მხარეს ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" წარმოადგენს გეგი ქელბაქიანის ხელმძღვანელობით, რომელიც წლების განმავლობაში შპს "თბილისის წყლის" გენერალური დირექტორი გახლდათ.
ბარი ქრისტიანული თვალსაზრისით აშკარად შეუსაბამო ადგილას შენდება, მშენებლობა ქალაქის არქიტექტურული და ურბანული საბჭოს გვერდის ავლით, დარღვევებით მიმდინარეობს. ამასთანავე, პროექტის საბოლოო ვარიანტი არავის უნახავს - ქართველმა არქიტექტორებმა იგი ხელთ ვერაფრით იგდეს, რამაც განამტკიცა ეჭვი, რომ ბუდას ქანდაკება არა ბარის შიგნით, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, არამედ ბარის გარეთ, გაშლილ ადგილას დაიდგმება. თბილისის ისტორიულ უბანში ბუდისტური ქანდაკების აღმართვა პატრიარქმაც დაგმო.
მიუხედავად მცდელობისა, მიმდინარე მშენებლობაზე ჩვენც ბევრი ვერაფერი შევიტყვეთ, ისევე როგორ ცნობილმა ქართველმა არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა.
- ბატონო გიგა, მერიის არქიტექტურის სამსახურში გვითხრეს, რომ კითხვებზე ვერ გვიპასუხებენ, რადგან მშენებლობაზე პასუხისმგებლობა ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა" და მის დირექტორ გეგი ქელბაქიანს აქვთ აღებული.
- არც ამ ჯგუფს ვიცნობ და არც გეგი ქელბაქიანს. საკითხი, უნდა აშენდეს თუ არა ასეთი ობიექტი რიყეზე, ამ კომპანიის კომპეტენციაში არ შედის, ეს ქალაქის მერიის, მისი არქიტექტურული სამსახურის გადასაწყვეტია. არ შეიძლება, ქალაქში რაიმე მნიშვნელოვანი შენდებოდეს და ეს არ იყოს გათვალისწინებული გენერალური გეგმით.
ქალაქის არქიტექტურულ პრობლემებში იერსახის გარდა იგულისხმება საინჟინრო ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მარტო ერთ ობიექტთან არის დაკავშირებული, არამედ მთელ სისტემასთან - ჩვენი ქალაქი საკმაოდ ძველია და სათუთ დამოკიდებულებას საჭიროებს. დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოსული უამრავი შესანიშნავი შენობა რეაბილიტაციის ნაცვლად, დაანგრიეს. რიყე თბილისის უძველესი უბანია.
ჩვენს დრომდე მან გარკვეული სტრუქტურული სახით მოაღწია, მაგრამ კომუნისტების გულგრილობის გამო, აქ ნელ-ნელა იშლებოდა ისტორიული კვალი, ახლა კი საბოლოოდ ისპობა ყველაფერი ძველი და ეროვნული ამ ტერიტორიაზე.
- ვერსად ნახავთ პროექტის საბოლოო ვარიანტის ფოტოს, რომელიც კანონის მიხედვით, ყველა მშენებარე ობიექტზე უნდა იყოს გამოკრული. გვითხრეს, რომ პროექტი დროდადრო იცვლება და ამიტომ არ არის გამოფენილი ფოტო, დასაშვებია ეს?
- თუ პროექტი დამტკიცდა, შეუძლებელია შეიცვალოს მშენებლობის ადგილმდებარეობა, სიმაღლე, სიგანე, სილუეტი, ამიტომ ეს გამართლება არ არის - პროექტი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს. მოვა დრო, ადამიანები მოინდომებენ რიყეზე ძველი ღირებულებების რეანიმაციას, მაგრამ შესაძლოა, ვეღარ განახორციელონ, რადგან დღეს უაზრო და თანაც დიდი სამუშაოებია ჩატარებული, რაც შლის ძველი თბილისის კვალს.
მინდა აღვნიშნო კიდევ ერთ ნონსენსი - ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე "ააშენეს გვირაბი". ვის გაუგია "გვირაბის აშენება"? არსებობს ცნება - "გვირაბის გაჭრა", რადგან გვირაბი სწორ ადგილზე, მიწის ზემოთ არ შენდება. შედეგად რა მივიღეთ? რიყე მოსწყდა დანარჩენ თბილისს, პანორამა აღარ იკითხება, არადა, ეს პანორამა უმნიშვნელოვანესია ქალაქის აღსაქმელად. ახლა შენდება "ბუდა-ბარი", რომელიც არავინ იცის, როგორ იმოქმედებს ბარათაშვილის აღმართის თაღებიან კედელზე და მის თავზე განთავსებული პრეზიდენტის რეზიდენციის არქიტექტურაზე.
ამ ადამიანებიდან, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ რიყეზე არსებობს დიდი ქართველი მეცენატის, სარაჯიშვილის სარდაფები, სადაც ძველდებოდა სპირტი და ღვინო. იქვე ჩამოდის მიწისქვეშა მდინარე, რომლის გვერდზეც მდებარეობდა ეს სარდაფები, რათა მუდმივად სიგრილე ყოფილიყო.
- თქვენ თუ დაინტერესდით "ბუდა-ბარის" პროექტით და მიმართეთ შესაბამის სამსახურს?
- ახლოს არ მიშვებენ. თბილისის მერიის არქიტექტურულ სამსახურსა და არქიტექტორთა კავშირში პროექტის განხილვის გარეშე ლაპარაკიც არ შეიძლება ობიექტის მშენებლობაზე, პარალელურად, არქიტექტურული სამსახურის საბჭო მუშაობს ძეგლთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად, ვის პასუხისმგებლობაშიც არის ისტორიული ქალაქი. არავინ არაფერი იცის. რომ მოვითხოვეთ, ეჩვენებინათ პროექტი, გვიპასუხეს, არ ვიცით, სად არისო. არც ბიუჯეტს ამხელენ.
ვიმეორებ, უნდა არსებობდეს გენერალური გეგმა. ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თანამედროვეობას ნაზიარები, მაგრამ ერის გენეტიკურ ფესვებთან მიბმული ეროვნული სახლი, რომელიც მის სახეს წარმოადგენს. თუ მაინცდამაინც ამხელა ობიექტის აშენება გვინდოდა, აშენებულიყო ეროვნული სახლი.
- ქალაქის ძველი არქიტექტურა მიზანმიმართულად მახინჯდება?
- თუ პროფესიონალები არ ჩართეს ამ საქმეში და არ დაიწერა ქალაქისათვის კონსტიტუცია, ცუდად იქნება საქმე. ითქვა, ქალაქის გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართაო, ეს ქალაქის გენგეგმა კი არა, ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმაა, ანუ ამოკრეფილია, მთელ ქალაქში რომელი ტერიტორიების გამოყენება და გაყიდვა შეიძლება.
- პრობლემა რელიგიური თვალსაზრისითაც არსებობს. საზოგადოება შეშფოთებულია, რომ სიონისა და მეტეხის ტაძრების მიმდებარე ტერიტორიაზე ბუდას ქანდაკება იდგმება, თანაც ამბობენ, არა შენობის შიგნით, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, არამედ გარეთო...
- ვინაიდან პროექტს არ ვიცნობთ, არ ვიცით, სად დაიდგმება ბუდას ქანდაკება.
- იმიტომ ხომ არ მალავენ პროექტს, რომ სიონის წინ ბუდას ქანდაკების დადგმამ პროტესტი არ გამოიწვიოს?
- გამორიცხული არ არის. რა მოხდება, ვერავინ იტყვის, მაგრამ ამას არ შევეგუებით.
ნინო მამუკაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ხუთშაბათობით)