ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპულ სამხედროებს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენები მიენიჭათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი, #995 განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა.
პრეზიდენტის ამავე განკარგულებით, თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედროების ოჯახებს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ახალაშენებულ კორპუსში 2-ოთხიან ბინებს გადასცემს. კორპუსში აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახები ცხოვრობენ.
ავთანეთში დაღუპულთა ოჯახები, ასევე, მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ სრულ სოციალურ პაკეტს.
მათ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მუხრან შუკვანის, ნუგზარ კალანდაძის, გიორგი კოლხიტაშვილის, დავით ცეცხლაძისა და რამაზ გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.
ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი 6 სექტემბერს დაიღუპა; ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს.