"ქართული ოცნების" ოფისთან პარტიის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ოფისთან მოწყობილ სცენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მერობის კანდიდატი კახა კალაძე, პარტიის ლიდერები გამოდიან და მხარდამჭერებს მიმართავენ.
კახა კალაძე პარტიის ოფისთან მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად იმყოფება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მერობის კანდიდატმა, რომელიც ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით 54%-ით ლიდერობს, სიხარული მეუღლისადმი ემოციური ჟესტით გამოხატა.
კალაძემ სიტყვით მიმართვის დროს ყველა მხარდამჭერს, თანაგუნდელს და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მივესალმები თითოეულ თბილისელს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს - ყველას დიდი მადლობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დაითვლის ხმებს და შესაბამისად, შედეგები ოფიცილურად გამოცხადდება. თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი ამ საარჩევნო პროცესის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში, იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა.
მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მისული იყო არჩევნებზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. ყველამ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, რომელიც ეკოლოგიურად იქნება სუფთა, ტრანსპორტი იქნება განახლებული, ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი, ვიზრუნებთ ასევე ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, კახა კალაძე კანდიდატებს შორის 54%-ით ლიდერობს.