საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.
კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
ხმის მიცემის პროცედურა შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით ტარდება:
საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი ილუქება.
საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება!
ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.
თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი გაუფუჭდა, მან ეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა აცნობოს, უნდა ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება "გაფუჭებულია", ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.
კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.
კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბნის შენობაში შეაქვთ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი და საარჩევნო დოკუმენტაცია.