პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის მშობლის ინფორმაციით, მოსწავლეებს ფულის შეგროვება საკლასო ოთახების რემონტისთვისაც უწევთ.
აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის მშობელმა განუცხადა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა იმ მიზეზით, რომ "შვილი არ გამოუგდონ სკოლიდან". მშობლის თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კლასის დამრიგებელმა მათ ჯამში 250 ლარის მიტანა მოსთხოვა, რაც მოსწავლეზე დაახლოებით ათი ლარი გამოვიდა.
მშობლის განცხადებით, თანხა შეაგროვეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სკოლაში სხვა საკლასო ოთახების რემონტისთვის ფული მოსწავლეებს არ შეუგროვებიათ და კლასები სახელმწიფო სახსრებით გარემონტდა.
პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში თანხის შეგროვების ფაქტს გამორიცხავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დირექტორის პირველმა მოადგილემ ქეთი მიქანაძემ განუცხადა, სკოლაში თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისათვის აკრძალულია და მსგავსი შემთხვევები არ ხდება.
"სკოლაში რემონტი ნამდვილად კეთდება, ყოველ ზაფხულს ვალამაზებთ და ვათეთრებთ სკოლას, რაც გამოსაცვლელია იმას ვცვლით.
ჩვენ სკოლის მასშტაბით ყველგან გამოკრული გვაქვს განცხადებები, რომ თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისთვის არის აკრძალული. ასეთი რაღაც სკოლაში არ ხდება. როდესაც წლის დასაწყისში კრება ტარდება, მოადგილეები აუცილებლად შევდივართ კლასებში და მშობლებს ვაცნობთ, რომ თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისათვის გამორიცხულია. სკოლაში თანხა არ გროვდება", - განაცხადა ქეთი მიქანაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროშიც აკეთებენ კომენტარს. სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური თანხის შეგროვების შესახებ ინფორმაციას შეისწავლის. როგორც სამინისტროში განმარტეს, ამგვარ საკითხებზე სკოლებში ფულის შეგროვება კატეგორიულად დაუშვებელია და განათლების სამინისტრო ყველა ჯერზე რეაგირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, მათივე თქმით, მოსწავლეების მიერ სკოლებში თანხების შეგროვების ფაქტს შიდა აუდიტის სამსახური მოიკვლევს.
შეგახსენებთ, რომ სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა.