ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს - დაათვალიერეთ ფოტოები

ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს - დაათვალიერეთ ფოტოები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებმა პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებით საკუთარი ეზოს მოწყობა შვიდი წლის წინ დაიწყო. მის ეზოში 100-მდე სხავადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს, მათ შორის: ბზა (კოლხური, ჩვეულებრივი და მეჩხერი), ტიტას ხე, სექოია, ნეკერჩხალი, ბაძგი (მარადმწვანე ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქები) და ა.შ.

იხილეთ ფოტოგალერეა

46 წლის პაატა გოგელიას მცენარის ჯიშები თავად გამოყავს და მათ სხვადასხვა ფორმას აძლევს. სახლის მფლობელი ამბობს, რომ ეზოს ლადშაფტის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მცენარისადმი სიყვარული აუცილებელია.

"რამდენიმე წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, მიყვარს მცენარეები და შესაბამისად მათ მოვლას დიდ დროს ვანდომებ. სანამ მცენარეს ფორმას შევუცვლი, დიზაინს ვხატავ, შემდეგ კი ნახატის მიხედვით ვჭრი მათ. შეიძლება მცენარეები ისე იყოს დარგული, ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. თუმცა, სწორი ჭრისა და მათთვის ფორმის მიცემის შემთხვევაში გადარგვას თავიდან ავიცილებთ" - ამბობს ლანდშაფტის დიზაინერი.

ეზოების მოწყობა დეკორატორისთვის შემოსავლის წყაროა, თუმცა ის ამის მიუხედავად ყველას არ თანხმდება, რადგან თვლის, რომ მცენარის მოვლა ყველას არ შეუძლია.

"როდესაც ვხედავ ადამიანების ზერელე დამოკიდებულებას მცენარეების მიმართ, რაც არ უნდა შემომთავაზონ არ ვთანხმდები. გარკვეულწილად ფსიქოლოგიც და ფილოსოფოსიც ვარ, ვცნობ ადამიანებს და ვხვდები მათ დამოკიდებულებას მცენარეების მიმართ. ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი ეზო და რაც მთავარია მცენარეები. მცენარეს რომ გაუგო ადამიანმა, მინიმალურად ფსიქოლოგიც უნდა იყო. ეს ყველას არ შეუძლია" - გვეუბნება გოგელია.

პაატა გოგელია 2011-2016 წლებში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ხელმძღვანელობდა, თუმცა ამბობს, რომ მას მაშინ ბაღის საკუთარი შეხედულებებისამებრ მოწყობის საშუალება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ბოტანიკური ბაღის მოწყობის გეგმა, რომელიც თავად შეიმუშავა, ახლაც აქვს.

გოგელიას ეზო საზოგადოებამ "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მეშვეობით გაიცნო. დეკორატორის ეზო, "ზუგდიდის ყველაზე სუფთა ეზოს" ნომინაციაში მონაწილეობს. კონკურსი ზუგდიდის გამგეობის ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" მხარდაჭერით იმართება.

თათია როგავა

AMBEBI.GE

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

"შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ..." - რომან კაკულია