ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ტურისტად ეწვია

 ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ტურისტად ეწვია

გასულ თვეს საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ჩამოსულ ვიზიტორებს შორის ერთ-ერთი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი.

იგი საქართველოში ბიზნეს შეხვედრების მიზნით არაერთხელა არის ნამყოფი, თუმცა, ამჯერად ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, როგორც ტურისტი და Ambebi.ge-ს საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ მოუყვა.

ერთი კვირის განმავლობაში სტუმარმა სამი ტურისტული რეგიონი - კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და სვანეთი მოინახულა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული აღფრთოვანებით კახეთის რეგიონი აღწერა და სიღნაღი იტალიის ტოსკანას რეგიონსაც შეადარა.

"საქართველოში 4-5 ჯერ ვარ ნამყოფი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვიზიტები იყო მხოლოდ საქმიანი ვიზიტები. ძირითადად აეროპორტიდან სასტუმროში, სასტუმროდან კი შეხვედრებზე მივდიოდი. ამიტომ საქართველოს, როგორც ტურისტულ ქვეყანას არ ვიცნობდი. ბევრი მიყვებოდა ქართველი ხალხის სტუმართმასპინძლობაზე, ულამაზეს მთებზე, მინდოდა თავად გამომეცადა ეს ყველაფერი. ამიტომაც ჩამოვედი აქ დასასვენებლად ჩემს მეუღლესთან და 12 წლის ვაჟთან ერთად. აღფრთოვანებულები ვართ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს, ასეთი შთამბეჭდავი ტურისტული მარშრუტისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის.

თავდაპირველად კახეთის რეგიონი მოვინახულეთ, რომელიც ღვინის წარმოების კულტურითაა ცნობილი. ვნახეთ როგორ აწარმოებენ ქვევრში ღვინოს, გვქონდა ასევე შესაძლებლობა, თავადვე მიგვეღო მონაწილეობა ქართული პურის გამოცხობაში და დაგვეგემოვნებინა ქართული "სნიკერსი", იგივე ჩურჩხელა", - ყვება ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღფრთოვანება ვერ დამალა ბორჯომისა და რაბათის გამოც. მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის ყველა კუთხე გამორჩეულია.

"ვიყავით ვარძიაში ერთი დღით, რაც გარდა იმისა, რომ უდიდეს ისტორიას ინახავს, საოცარად ლამაზი ადგილია. ბოლოს კი მესტიაში გავემგზავრეთ, ვნახეთ მთები, სათხილამურო კურორტი. დროის ამ მცირე მონაკვეთში ვნახეთ ძალიან ბევრი, თუმცა, გვინდოდა ასევე მოგვენახულებინა რაჭა და შავიზღვისპირეთი, მაგრამ ამას შემდეგი ვიზიტისთვის გადავდებ", - აღნიშნა სტუმარმა.

ვაზილ ჰუდაკის თქმით, ტურიზმის სექტორს საქართველოში ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ღვინის ტურიზმზე ამახვილებს. თუმცა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ქვეყანა უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

"თქვენ 500-ზე მეტი სახეობის ღვინო გაქვთ, რაც უნიკალურია. ასევე ულამაზესი მთები გაქვთ, შესაბამისად, სამთო ტურიზმსაც დიდი პოტენციალი აქვს. უნდა განავითაროთ სათხილამურო კურორტები. მნიშვნელოვანია საზღვაო ტურიზმიც, თქვენ პერსპექტივა ამ კუთხითაც გაქვთ. ამგავრად პოტენციალი არის ძალიან დიდი. საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. მათ შორის გზების კეთილმოწყობა და ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გზების გარდა უნდა განვითარდეს ტრანსპორტის სექტორიც. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას საპარტნიორო ფონდთან ტურიზმის განვითარების მიმართულებით და კონკრეტული პროექტების შემთხვევაში, შეგვიძლია ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ მას", - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა.

ვაზილ ჰუდაკი საქართველოს რამდენიმე კვირის წინაც სტუმრობდა, თუმცა, არა როგორც ტურისტი, არამედ საქმიანი შეხვედრების მიზნით. მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2007 წლის შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ევროპული ინსტიტუტი ძირითადად, მთავრობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს უჭერს მხარს.

თუმცა, ბოლო პერიოდში ვაზილ ჰუდაკის თქმით, ბანკი კერძო სექტორთან თანამშრომლობითაც დაინტერესდა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი თბილისში ე.წ ჭკვიანი მწვანე ქალაქის პროექტზე მუშაობას იწყებს.

"ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციაზე ჯერ მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს, ჩვენ უკვე ვესაუბრეთ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს, შევხვდი თბილისის მერს და ვისაუბრეთ თუ როგორ ჩაერთვება ქალაქის მთავრობა ამ პროექტში, პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი იქნება საპარტნიორო ფონდი, კერძო ბიზნესის მხრიდან კი პროექტში ჩაერთვება ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე, რომელიც "ჯინო ჰოლდინგის" პრეზიდენტია", - აღნიშნა მან.

ამგვარად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტი ბევრჯერ მოუწევს, ტურისტად თუ არა, ბიზნეს შეხვედრების მიზნით იგი საქართველოში კიდევ არაერთხელ ჩამოვა. მას იმედი აქვს, რომ საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანა ინფრასტრუქტურის კუთხით განვითრებას შეძლებს, რაც ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

თამთა ჯიჯავაძე

Ambebi.ge

"გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, გაუუარესდა სუნთქვის უკმარისობა" - რას ამბობს კლინიკის ექიმი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

"სინოფარმიც შევიშხაპუნე...ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრებაც" - გიგი უგულავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა