ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდების მეგობარი, გიგა გელხვიიძე არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთს "ვიღაცასთან კონფლიქტი ჰქონოდა". როგორც გელხვიიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე მეგობარი ოთხი დღის წინ ნახა, როდესაც ისინი ბათუმში ჩავიდნენ.
"ისინი ზუსტად ოთხი დღის წინ ვნახე ბათუმში. საღამოს კაფეში ვიმყოფებოდით და შემდეგ გავისეირნეთ. დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა, თუმცა ფიზიკურად ვერ მოვახერხე. მეგობრებმა მითხრეს, რომ გიორგის შეიძლება ვიღაცასთან კონფლიქტი ჰქონოდა, თუმცა ვისთან, ვერ გეტყვით. იმ დღეს ჩვენთან ერთად ორი ადამიანი იმყოფებოდა. მეგობრებს კიდევ ელოდებოდნენ, უნდა ჩამოსულიყვნენ. ბინა ერთი თვით ჰქონდათ აღებული", - განაცხადა გიგა გელხვიიძემ.
ნახეთ ვიდეო: რა ნახეს მკვლელობის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა და რა იციან მეზობლებმა ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება შემთხვევა გარდაცვლილთა სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდებოდეს, ახალგაზრდების მეგობრის თქმით, "ეს არ გაუკვირდება".
"არ გამიკვირდება იმიტომ, რომ დღესდღეობით საქართველოში ორიენტაციასთან დაკავშირებით პრობლემები ძალიან ხშირად ხდება. ეს არ იქნება პირველი ფაქტი, თუ კი დადასტურდება რაიმე მსგავსი",- აღნიშნა გარდაცვლილების მეგობარმა.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. ისინი ბათუმში თბილისიდან დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.
წაიკითხეთ: ცხედრები მშობლებმა იპოვეს... - რას ყვებიან ბათუმში გარდაცვლილი ახლგაზრდების შესახებ ადგილობრივები