შპს "შარავანდის" თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, საღებავებს გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "შარავანდის" ფინანსურმა მენეჯერმა ლადო ჭანტურიამ განუცხადა, ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მისივე ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მომენტში ტერიტორიაზე თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია.
რაც შეეხება ადვილად აალებად ნივთებს, ჭანტურიას განმარტებით, ტერიტორიაზე სპირტის შემცველი ნივთიერებები იმ მიზეზით იყო განთავსებული, რომ სხვადასხვა სამუშაოის დროს სტამბა მას აქტიურად იყენებს. მისივე განცხადებით, სამაშველო სამსახურმა ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დროულად შეძლო, რის გამოც ცეცხლმა საწყობებამდე მიღწევა ვერ მოახერხა.
"დაახლოებით 20:00 საათზე შევნიშნეთ, რომ იყო ხანძარი. ცეცხლი გაუჩნდა საღებავებს. ამ მომენტში თანამშრომლებიც ვიმყოფებოდით ტერიტორიაზე და დავტოვეთ ტერიტორია. საბედნიეროდ, მაშველებმა დროულად მოახერხეს მოსვლა და ხანძრის ჩაქრობა. რომ არ მოხდარიყო ეს, ალბათ ცეცხლი უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები არ ვიცით. ასევე ჩვენთვის უცნობია ზარალის ოდენობა. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, შესაბამისი სამუშაოების შემდეგ იქნება ცნობილი", - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მასრთვის სააგენტოს წარმომადგენლები. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მიუხედავად ძირითადი კერების ლოკალიზებისა, ტერიტორიაზე კვლავ შეინიშნება დაკვამლიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 187-ე მულხის საფუძველზე დაიწყო.
შპს "შარავანდი" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოა. ის ქართულ ბაზარზე ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოებაში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ითვლება. კომპანია ამარაგებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არის "იფქლი", "ფარმადეპო", "კარფური", "გუდვილი", "პსპ" და "ბარამბო".
ნახეთ: ძლიერი ხანძარი კახეთის გზატკეცილზე - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან