დაკარგულ კარიკატურისტს ბესიკ დუღაშვილს ჯერ კიდევ ეძებენ. ის გუშინ დილით, დაახლოებით 10 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. წასვლამდე დუღაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვს.
უკვე მეორე დღეა ძებნის ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს, მასში ჩართული არიან როგორც სამართალდამცველები, ისე კარიკატურისტის ოჯახის წევრები და მეგობრები.
AMBEBI.GE ბესიკ დუღაშვილის დას, ანა დუღაშვილს დაუკავშირდა:
"ახლა მივდივარ პოლიციაში დაკითხვაზე. ინტენსიურად ვეძებთ. ერთადერთი რაც გვაქვს ახლა ისაა, რომ მამაოები მოიკითხავენ სხვადასხვა მონასტერში, წინამძღვრებთან დარეკავენ იმის გასარკვევად, სადმე ხომ არ არის. ეჭვი გვაქვს რომ მონასტერშია, რადგან კომპიუტერში ძებნის მონაცემებში ვნახეთ, რომ მონასტრები აქვს დათვალიერებული. გუშინ თბილისის გარემოცვაში რაც კი მონასტერი იყო, ყველა მოვიარეთ, თბილისის ზღვაზე, მტკვრის სანაპიროზეც ჩავიდნენ მისი მეგობრები. მეთევზეები გამოკითხეს, ვინმე ხომ არ შეუმჩნევიათ, თუმცა მათ არაფერი უნახავთ. ბრმასავით დავდივართ, ზუსტად სად ვეძებოთ არ ვიცით... მეზობლების მონაყოლი ვიცით, რომ ქუჩაში დაინახეს მიმავალი, გავყევით გზას, მაგრამ ქუჩაში ხომ არ დაიწყებდა სიარულს?
ტელეფონიც არ აქვს, მისი მობილური სახლში აღმოვაჩინეთ შემთხვევით... ბოლოს, შეტყობინება მომწერა მე, თავის ყოფილ მეუღლეს და შვილებს... ძალიან ცუდი შინაარსის შეტყობინებები იყო, რამაც აგვაფორიაქა... იმედი მაქვს გამოჩნდება, ღმერთი არ გაგვწირავს...", - ამბობს ანა დუღაშვილი.
თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ ბესიკ დუღაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდით ანა დუღაშვილს: 5 99 542 544