მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი რამდენიმე კვირის წინ, საცოლეს ნინიკო ნაცარიშვილს დაშორდა. ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი იყო. თავად ლევანი და ნინიკო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ 18 წლის ნინიკო ნაცარიშვილი, 24 ივნისს ოჯახმა თურქეთში გაუშვა.
რა გახდა დაშორების მიზეზი და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამის გაარკვევად Ambebi.ge ლევან ჯიბღაშვილის დედას, ნონა ჯიბღაშვილს დაუკავშირდა:
- ქალბატონო ნონა, რა გახდა ლევანისა და ნინიკოს დაშორების მიზეზი?
- მე ჩემი შვილის საქმეებში არ ვერევი. მე არც ვიცნობდი ამ გოგოს, ერთადერთხელ ვნახე, ძმაკაცებთან ერთად მოიყვანა თბილისიდან სტუმრად. ლევანიმ ბეჭედიც აჩუქა დაბადების დღეზე ამ გოგოს და ამას დაერქვა ნიშნობა. მოგვიანებით კი თქვა, არ მომყავს ცოლადო. ეს გადაწყვეტილება ლევანმა კარგა ხნის წინ მიიღო, მითხრა დედა არ არის ის სიტუაცია და ცოლად არ მომყავსო. მიზეზები არ მიკითხავს. რამდენჯერმე შეხვდნენ, გაისეირნეს-გამოისეირნეს და დაშორდნენ. ისინი ცალკეც არ გადასულან საცხოვრებლად. არ მოეწონათ ალბათ ერთმანეთი და არ შედგა მათი ქორწინება. ვისაც მოიყვანს მე ვიქნები სანაქებო დედამთილი, ის წერილიც რაც გამოვაქვეყნე, კონკრეტულად იმ გოგონას არ ეძღვნებოდა, ეს ეძღვნება ყველა გოგოს, ვინც ჩემი შვილის გვერდით იქნება.
- თქვენ არასდროს ჩარეულხართ მათ ურთიერთობაში?
- მე მის სულში ხელების ფათურს არ ვაპირებ. მეც მყავს ქალიშვილი და 14 ან 18 წლისას არ გავათხოვებ. პატარა გოგონას გათხოვება სწორი არ მგონია. 30 წლის ბიჭისთვის 18 წლის გოგოს ცოლად მოყვანა, არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ თუ 40 წლის მოიყვანს 30 წლის გოგოს ეს სხვა არის, რადგან გოგოს გაზრდა და ჩამოყალიბება სჭირდება. ლევანი ჭკვიანი ბიჭია და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. ის არის ბიჭი, რომელიც 24 საათი შრომობს და მთელ სანათესაოს ინახავს. ვილოცებ, რომ ყველა დედას ჰყავდეს წარმატებული და შემდგარი შვილი. ნებიმიერი გოგო, რომელიც ჩემს ოჯახში მოვა, მასთან საუკეთესო ურთიერთობა მექნება. ჩემს სახლში ვინც მოდის, ვცდილობ იყოს უბედნიერესი როგორც სტუმარი და მე ვიყო ბედნიერი, როგორც მასპინძელი. უამრავი გოგოა ლევანის ცხოვრებაში და ჩემზე ცუდს ვერავინ გეტყვით. ამ ურთიერთობაშიც არ ჩავრეულვარ და ლევანს მიზეზებსაც არ ვეკითხები.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge