მსოფლიო საოპერო სცენაზე ბევრი ქართველი მომღერალი გამოსულა წარმატებით. თეონა დვალი პატარა ასაკში გაიცნეს უცხოეთში, როგორც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. თბილისიდან ლა სკალამდე გავლილ გზაზე, ახდენილ და აუხდენელ ოცნებებზე, პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე თეონა გულახდილად გვესაუბრა.
- როგორც მშობლები მიყვებიან, სიმღერა საუბრის პარალელურად დამიწყია. 3 წლის ვიყავი, როცა საკმაოდ გამართულად და სწორად ვმღეროდი. ჩვენს ოჯახში ძალიან უყვართ მუსიკა. ყველა მღერის, მაგრამ მე ერთადერთი ვარ, ვინც სიმღერა პროფესიად გაიხადა. მამა ფინანსისტ-ეკონომისტია, დედა - მუსიკოსი პედაგოგი. დედის ბიძა გახლდათ ცნობილი კომპოზიტორი დავით თორაძე, მისი შვილი კი მოგეხსენებათ, არაჩვეულებრივი პიანისტი ლექსო თორაძეა. ასე რომ, მოვხვდი საოცარ მუსიკალურ გარემოში და თავიდანვე მქონდა ინტერესი კლასიკური მუსიკისადმი. ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ჩემი მშობლების მეგობრები და სუფრასთან, მეც მათთან ერთად ვმღეროდი ხალხურ თუ ქალაქურ სიმღერებს. ამით ძალიან ხალისობდნენ, მაქებდნენ და მეც, სტიმული მეძლეოდა.
- სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სად გააგრძელე?
- კლასიდან ერთადერთი ვიყავი, ვინც კონსერვატორიაში აბარებდა. პირველ წელს მუსიკისმცოდნეობაზე ჩავაბარე, საკომპოზიციო ფაკულტეტზე - ბაკალავრიატი დავამთავრე. შემდეგ წელს, პარალელურად ჩავაბარე ვოკალის განხრით.GზაPრესს
- მომიყევი შენს პირველ წარმატებაზე, რის შემდეგაც დარწმუნდი, რომ პროფესია სწორად აირჩიე.
- დედას ყოველთვის დავყავდი საბავშვო კონკურსებსა და ფესტივალებზე. ალბათ, 12 წლის ვიქნებოდი, როცა გავიმარჯვე ბორჯომის ფესტივალზე "ბროლის ნაძვი". უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ გადმომცა გრან-პრი. ის ჟიურის თავმჯდომარე იყო და შემდგომი წარმატებები მიწინასწარმეტყველა. იმ დროიდან მოყოლებული, უკვე ვიცოდი, პროფესიად რას ავირჩევდი. სცენაზე თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი.
- როგორ გაიკვლიე გზა უცხოეთისკენ?
- ჩემი წარმატების გზა იტალიიდან დაიწყო. გასაკვირიც არ არის, იტალია ხომ ოპერის სამშობლოა! ამ ქვეყანაში პირველად 22 წლისა ჩავედი, გამოჩენილი და ცნობილი საოპერო მომღერლის, რენატა სკოტოს მასტერ კლასზე. გამიმართლა, რომ იმ პერიოდში მოვხვდი არაჩვეულებრივ მომღერალთან. ის სხვა სტუდენტებისგან ყოველთვის გამომარჩევდა, ძალიან მოვწონდი და სულ მაქებდა. ყველაზე რთულ ნაწარმოებს მე მაძლევდა, - შენ თუ არა, ამის შესრულებას სხვა ვინ შეძლებსო?.. ვეიმედებოდი. თავდაპირველად დედასთან ერთად ვიყავი, მერე დედა წავიდა და მარტო დავრჩი, ვერ ვსაუბრობდი იტალიურად და არც მესმოდა. მხოლოდ ინგლისურად ვლაპარაკობდი. მიუხედავად ამისა, იტალიაში თავს მაინც კარგად ვგრძნობდი. არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ უცხო ქვეყანაში ვიყავი, რადგან იტალიელები ძალიან ჰგვანან ქართველებს, როგორც ხასიათით, ისე გარეგნულად. დროთა განმავლობაში უამრავი მეგობარი გავიჩინე და ნელ-ნელა, ენაც ვისწავლე. ახლა უკვე სრულყოფილად ვსაუბრობ იტალიურად.
- გაიხსენე პირველი სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა შემოგთავაზეს.
- ჩემი პირველი სპექტაკლი საოპერო სტუდიაში იყო, შემდგომში უკვე კონსერვატორიის სცენაზე. გამოგიტყდებით, თბილისის ოპერის სცენაზე სიმღერა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო და სურვილი ამიხდა: პირველად ვიმღერე ფალიაშვილის სახელობის ოპერის სცენაზე და შემდგომში უკვე გადავინაცვლე იტალიაში.
- გარდა ვოკალური მონაცემებისა, რა სჭირდება ოპერის მომღერალს საიმისოდ, რომ წარმატებული იყოს?
- ოპერა სინთეზური ხელოვნებაა. აუცილებელია, რომ ოპერის მომღერალს ჰქონდეს სამსახიობო ნიჭი. ასევე, ბევრ დადგმაში აუცილებელია ცეკვის, აკრობატული ილეთების ცოდნაც და რაც მთავარია, უნდა გიყვარდეს შრომა, გქონდეს ნიჭი და იღბალი.
- როგორც ჩანს, მიზანდასახული ადამიანი ხარ.
- ნამდვილად, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ. ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი გახლავართ და ალბათ, ესეც მიწყობს ხელს წარმატებაში. შრომა და სწავლა არ მეზარება. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ დასახული მიზნებისკენ გზა გავიკვალო.
- უცხოეთში თუ გიმღერია ქართულად?
- იაპონიაში ვიმღერე, იმპერატორთან შეხვედრისას, სადაც დიდი ვახშამი გამართეს. გვთხოვეს, რომ ყველას საკუთარ ენაზე გვემღერა და მე შევასრულე ალექსი მაჭავარიანის "მზეთა მზის სახეო". უცხო ქვეყნის სცენაზე სულ სხვანაირად ავმღერდი, ეს ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი იყო.
- მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდი, გჯეროდა, რომ ოდესმე თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწევდი?
- გამოგიტყდებით და, მჯეროდა. თუმცა, ჯერ კიდევ შუა გზაზე ვარ, ბევრი სცენის დაპყრობა მინდა და ბევრი ქვეყნის დიდ სცენაზე სიმღერა მაქვს ოცნებად. თუკი ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში თავად არ ხარ დარწმუნებული, სხვას ვერასდროს მოაწონებ თავს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე