"მთელი ოჯახი თავზე ჩამოგვექცა..." - ნინო დარასელის პირველი გულახდილი ინტერვიუ

"მთელი ოჯახი თავზე ჩამოგვექცა..." - ნინო დარასელის პირველი გულახდილი ინტერვიუ

გურამ რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 აპრილს დატოვა. რჩეულიშვილების ცნობილი ოჯახის კიდევ ორი წევრი საპატიმროში რჩება - "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ ბიზნესმენ დებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს რამდენიმე დღის წინ სასამართლომ 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილი, ჟურნალისტი ნინო დარასელი, მის ოჯახში განვითარებულ პროცესებზე, დედისა და დეიდის პატიმრობაზე, შვილებზე, ბიძის - ვახტან რჩეულიშვილის ავადმყოფობაზე და "ცენტრ-პოინტის" საქმისადმი მის დამოკიდებულებაზე პირველად საუბრობს AMBEBI.GE-სთან და PALITRAVIDEO.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში:

იხილეთ ნინო დარასელის ინტერვიუს ვიდეოვერსია

"ცოტა ხნის წინ ჩემს უმცროს შვილს, მარიტას კითხეს, რა უნდოდა გამოსულიყო და მან უპასუხა: გალაქტიკოსი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ყველაფერი გამოვიდეს: მომღერალი, ბალერინა, ასტროლოგი და უცებ ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მივხვდი, მე ვარ გალაქტიკოსი. ყველაფერი მაინტერესებს, თუ რაიმე საინტერესოს მთავაზობენ, თითქმის არაფერზე არ ვამბობ უარს. 23 წლის ვიყავი, ჭურჭლის მრეცხავადაც ვმუშაობდი, ლონდონში ცხოვრების დროს, როცა არ მყოფნიდა ის ფული, რასაც თბილისიდან მიგზავნიდნენ და ამის გამო ირანულ ბარში დავიწყე მუშაობა. არც ერთი დღე შემიწყვეტია მუშაობა ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ თვე ჩვენი ოჯახის ახალ წევრს იჭერენ, არ შეიძლება გაჩერება და არც იმის ფუფუნება მაქვს, არ ვიმუშაო.

- როგორ აისახა თქვენზე და თქვენს შვილებზე რუსუდან კერვალიშვილის დაკავება?

- ძალიან ცუდად ვიყავი, საშინელი დეპრესია მქონდა, კალცის ნაკლებობის გამო კბილებიც კი დამცვივდა, შემდეგ ფსიქოლოგთანაც ვიარე, გავიაზრე, რომ ჩემი ასე ყოფნა არ შეიძლებოდა, გამაძლიერა დედაჩემის სიძლიერემ. ვხედავდი, რა მაგრად იდგა, მივხვდი, რომ არ მქონდა მოშვების უფლება. მარიტა ძალიან ძნელად ეგუება ბებიის გარეშე ყოფნას, ის რუსოს გაზრდილია, ისევე როგორც ზაზუკა 23 წლის წინ. ყოველდღე კითხულობს მარიტა ბებიას და ტირის, ვატყუებთ რომ გერმანიაშია. რუსოს გარეშე არამარტო მათ, მთელ ახლობლებს უჭირთ, ის ჩვენი ყველას დედაა, ყველაფერზე მას ვურეკავდით. მთელი ოჯახი თავზე ჩამოგვექცა, მგონია რომ შავ სიზმარში ვარ და გამეღვიძება და ყველაფერი დასრულდება. რუსო მაგრად დგას, სანამ გადაიყვანდნენ, საკოცნელად მინდოდა გავწეულიყავი და ბადრაგმა გამწია და ცოტა უხეშად მომივიდა თქმა, რუსომ ეს რომ დაინახა, შენიშვნა მომცა, როგორ ელაპარაკებიო. ძალიან სხვანაირია, შემდეგ ტელეფონით დამირეკა "ნინო, არაჩვეულებრივ ადამიანებს გადავყავარ სრულიად სხვა დაწესებულებაშიო", მე ვტიროდი, ის კიდევ მაინც იმაზე ფიქრობდა, რომ ლამაზად ესაუბრა. წარმოუდგენლად მაკლია რუსო.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ დაზარალებულებთან დაკავშირებით?

- დედაჩემმა სასამართლოზე ბოლო სიტყვა ის თქვა, რომ ბოდიშს უხდიდა დაზარალებულებს, რომლებიც ბედით მოებნენ "ცენტრ პოინტის" პრობლემას. მეც სწორედ ამის თქმა მინდა, ბოდიშის მეტი არაფერი მეთქმის, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა ჩვენი ოჯახის მიმართ. მე მესმის მათი, თუმცა უმეტესობა დაზარალებულებისა ხვდება, რომ როცა ჩვენი პრობლემა მოგვარდება, მოგვარდება მათი პრობლემაც და რომ ციხეში გამოკეტილი რუსო და მაია იქიდან ვერაფერს გახდებიან, მათ პრობლემას ვერ მოაგვარებენ. ჩვენ ყველა დაზარალებულები ვართ. მე მესმის იმ ტაშისაც, დედაჩემის დაჭერას რომ მოყვა. მესმის, გამწარებულები არიან, მთელი ცხოვრება რომ ფულს აგროვებ იმისთვის, რომ ბინა შეიძინო და უცებ გეკარგება, საშინელებაა და მესმის მათი... არ არის სწორი, რომ ამბობენ 6200 დაზარალებული, 4000 ადამიანამდეა დაზარალებული და არავის უნდა მათი პრობლემების მოგვარება ისე, როგორც ჩვენს ოჯახს. ჩვენი ოჯახის კარგი ეტაპი მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა ერთი დაზარალებულიც კი არ იქნება.

- გუკასა და მაიაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- მაია ყველაზე მეტად მეცოდება, მთელი ცხოვრება აშენებდა. 1 მილიონი კვადრატული მეტრი ააშენა, 18 ათასი ადამიანი დაასაქმა და ახლა ამ მდგომარეობაშია. ძალიან ბევრი სიკეთე ახსოვთ ადამიანებს მისგან და რუსოსგან, თუმცა ახლა მხოლოდ ცუდს იხსენებენ. ჩვენ არაფერი გვაქვს, ყველაფერს ყადაღა ადევს, ეს სახლი ბაბუისგან დამრჩა და რემონტსაც კი არ ვაკეთებ, ისე მეშინია ცვლილებების. ამას ჩემი ოჯახისთვის ცუდის მეტი არაფერი მოუტანია. თვითონ მე "ცენტრ პოინტში" 1 კვადრატიც კი არ მაქვს, არცერთ შენობაში.

საოცარი ადამიანია მაია, უძლიერესი ქალია, არასდროს გაქცევია პრობლემას, ყოველთვის ცდილობდა მათ მოგვარებას და ზუსტად ვიცი, ის ყოველთვის გააგრძელებს შენებას, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შენობები არ იქნება, უბრალოდ კარგი საქმეების შენებას განაგრძობს. გუკა ძალიან საინტერესო და მაგარი ადამიანია, თუმცა მშვიდი არაა, მე პირიქით, სულ სიმშვიდეს ვეძებ და ამის გამო სულ ვკამათობდით. ვახოს ამბავი მისთვის ყველაზე მტკივნეულია. მამა მისი საუკეთესო მეგობარია.

- როგორია ვახტანგ რჩეულიშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა

- ვახოს მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მისი განკურნება შეუძლებელია, ექიმებმა გვითხრეს რომ ძალიან გვიანაა, მეტასტაზები მთელს სხეულშია წასული, ვახო ვეღარასდროს იქნება კარგად. მეკითხებიან, ამ მდგომარეობამდე როგორ მივიდა, რატომ არ მიხედა თავსო. საკუთარი თავისთვის აღარ ეცალა, ამ ამბებს გადაყვა მაია და გუკა რაც დაიჭირეს, ხან ერთთან იყო, ხან მეორესთან და წაიქცა ბოლოს, ვეღარ გაუძლო...

გული მტკივა, ხან არის გონზე, ხან არა, მისი საყვარელი ადამიანები კი მის გვერდით არ არიან. საავდმყოფოში მას, გარდა პროფესიონალი ექიმებისა, თავზე გუკას კლასელი, ძალიან მაგარი ადამიანი, ჯაბა ადგას, რომელიც უვლის ასეთ მძიმე ავადმყოფს. ეს კეთილი ადამიანები არიან, რომ მატანინებენ ყველაფერს და თავს მარტო არ ვგრძნობთ, თურმე რამდენი და-ძმა მყოლია.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

მოქალაქეებმა მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეაგროვეს - "40 000 ლარი შეგროვდა! საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება"

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა