ცნობილი სახეები გახშირებულ ავარიებზე და ურჩი მძღოლების დასჯაზე - "თუ კანონმა არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, არ არსებობს გამოსავალი"

ცნობილი სახეები გახშირებულ ავარიებზე და ურჩი მძღოლების დასჯაზე - "თუ კანონმა არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, არ არსებობს გამოსავალი"

თითქმის დღე არ გადის, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომხდარი შემზარავი ავარიის შესახებ არ შევიტყოთ, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება.

დღეს დილით თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირეწლოვანი დედასთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. როგორც თვითმხილველი ყვება, BMW-ს მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა. მისივე თქმით, გოგონას თავში სავარაუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა. კრიტიკულ მდგომარეობაშია ბავშვის დედა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები საგანგაშოა: 2016 წელს, საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დილით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის მიზეზი. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ააფორიაქა საზოგადოება - "ფეისბუქზე" ზოგიერთი დარღვევებზე მკაცრ რეაგირებას, ჯარიმების გაზრდას, ნაწილი ურჩი მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას მოითხოვს...

რა არის გახშირებული ავარიების მიზეზი, როგორ შეიძლება შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა და როგორ უნდა ისჯებოდეს დამრღვევი მძღოლი - ამაზე აზრი საზოგადოების ცნობილ სახეებს ვკითხეთ, რომლებიც თავადვე არიან მძღოლები:

მევლუდ მელაძე, ავტომრბოლელი საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: "ვფიქრობ სანქციების გამკაცრება არაა სავალდებულო. მთავარია უკვე არსებული ჯარიმების აღსრულება. ჩვენი კანონები არც თუ ისე რბილი და ლოიალურია და თუ მოქმედებაში მოვიყვანთ, მძღოლები გამოსწორდებიან. საპატრულო პოლიციასაც სჭირდება გადამზადება, რადგან ისინიც ქართული რეალობიდან გამოსული ადამიანები არიან და მათთვისაც ისევეა მისაღები წვრილმანი დარღვევა, როგორც სხვა მოქალაქეებისთვის. ხალხი ისე მიეჩვია დაუჯარიმებლობას, რომ ბათუმში რაც მოხდა ყველამ ვიცით, თუმცა ვფიქრობ, ასეთი ხისტი გადასვლაც რომ არ იქნება კარგი... ამიტომ უნდა დაიწყოს წვრილმანი დაჯარიმებებით და ნელ-ნელა კანონმორჩილები გახდებიან მძღოლები.

ძალიან დიდი პრობლემაა მართვის მოწმობის გაცემაც. ახლა მსჯელობაა, რომ მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდეს ქალაქში, თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ჯარიმები აზრს კარგავს, რადგან მას ვინც მართვის მოწმობას ასე მიიღებს, სხვანაირად ვერ მოსთხოვ მოძრაობას, ვინაიდან მან ასე მიიღო მართვის მოწმობა და ეს მისთვის სწორია. შესაბამისად, ქუჩაში რომ დადის 1კმ საათში სიჩქარით (იმ სიჩქარით როგორც მართვის აღების დროს), მერე ერთდროულად არის ორ ხაზში ანუ დგას შუა ხაზზე, ამ დროს ვიღაცას ეჩქარება და იძულებულია, სხვა მხრიდან ჩაუჭრას გზა და ეს უკვე პრობლემა ქმნის.

გიორგი ყიფშიძე, მსახიობი: "ჩემი აზრით, როცა ადამიანი ნასვამი ჯდება საჭესთან, სამუდამოდ უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა! ასეთი ადამიანი პოტენციური მკვლელია და ამაზე მგონი ყველა თანხმდება. მე რასაც ვუყურებ, პოლიცია უკვე ძალიან ზედაპირულად უდგება საქმეს. დარღვევებს ხედავენ ქუჩაში, ზოგჯერ უხერხულიც კია ისეთ დარღვევებსაც და რეაგირება არ ხდება ხოლმე. გარდა ამისა, მენტალური პრობლემაცაა, თითქოს გენში გვაქვს მიდრეკილება დარღვევისადმი. სულ რომ პოლიცია არ იყოს ახლო-მახლო, არ იცი, რომ კანონი უნდა დაიცვა?! ზოგი იმასაც ამბობს - სად მცალია ციმციმას ჩასართავად, წითელზე გასაჩერებლად, როცა არ ვქმნი ავარიულ სიტუაციასა და ა.შ. უნდა გვქონდეს გვერდით მდგომის პატივისცემა, გავაფრთხილოთ ციმციმას ანთებით, გავატაროთ ფეხით მოსიარულე და სხვა.

ჯარიმების გამკაცრებაც მგონია რომ შეცვლის სიტუაციას, რადგან როცა იცი, რომ ბევრის გადახდა გიწევს, თითქოს ერიდები დარღვევას, მაგრამ მთავარია კონტროლის გამკაცრება და არა კამერების დამატება, არამედ პატრულირება, რადგან ზოგი თვლის, რომ კამერას დაემალებიან, მაგრამ როცა იციან, რომ ცოცხალი ძალა დგას, უფრო მორჩილები ხდებიან. პოლიციამ წესრიგი უნდა დაიცვას და რაც მთავარია - თვითონ პოლიციელი უნდა იყოს კანონმორჩილი და მისაბაძი, რადგან პოლიციელი ვარ, ყველაფრის უფლება მაქვს, ეგრე არ უნდა იყოს.

ასევე წაიკითხეთ: საქართველოში სასიკვდილო ავარიები თითქმის ყოველდღე ხდება - "პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!"

აკა სინჯიკაშილი, სცენარისტი: "პირველ რიგში აუცილებელია მანქანის ტექნიკური დათვალიერება, უამრავი გაუმართავი მანქანა დადის, რაც ბუნებრივია, საფრთხის შემცველია. ჯარიმა უნდა იყო ძალიან მკაცრი, ოღონდ ფულადი არა. ის, ვინც ნასვამი დაჯდება, გადააჭარბებს სიჩქარეს ან უხეშად დაარღვევს მოძრაობის სხვა წესებს, უნდა შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე - ერთი ან ორი კვირა მაინც. მაგალითად, დაგავონ ეზოები, იმუშაონ დასუფთავების სამსახურში და სხვა. ვიდრე მოძრაობის წესების დარღვევა არ იქნება სირცხვილი, მანამდე არაფერი ეშველება.

- სოციალური კამპანიები, რეკლამები ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, სადაც საუბრობენ მოძრაობის წესების დაცვაზე, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს?

- არა მგონია, რომ ამას რამე დიდი ეფექტი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ "ნახალოვკელი", რომელსაც 1991-იანი "ბმვ" ჰყავს, ეგეთ რეკლამებს ძალიან აგდებულად უყურებს, თუ უყურა საერთოდ. ყველაზე ეფექტური მაინც საზოგადოებისთვის სასარგებლო მუშაობა მგონია, ოღონდ კანონმა თუ არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, მაშინ არ არსებობს გამოსავალი.

სოფო ხოჯავა, ავტომრბოლელი, ექსტრემალი: "ვიდრე ერთმანეთის პატივისცემას არ ვისწავლით, ძალიან რთული იქნება გამოსავლის ნახვა. სანამ ჩვენ მენტალობამდე არ დავა, რომ დარღვევა არ შეიძლება, თუნდაც იმ დროს, როცა არც პატრულია და არც საავარიო სიტუაციას არ ვქმნით, მანამდე ძალიან რთული იქნება ყველაფერი. რამდენიმე დღის წინ, მივდიოდი დაბალი სიჩქარით და უკნიდან მომადგა ქალბატონი, რომელიც მისიგნალებდა და მაიძულებდა გამეტარებინა აშკარად წესების დარღვევით. ბუნებრივია, არ დავუთმე გზა და გაბმული სიგნალით შემაწუხა. ვაკე-საბურთალოს გზაზე გავაჩერე მანქანა (საცობი შევქმენი), გადმოვედი და ვლანძღე. აი, ასეთი უპატივცემულო მოპყრობა, როგორც ის ქალბატონი მოიქცა, იწვევს ძალიან ცუდ შედეგს".

"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირება. ასევე საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე: ადმინისტრირება შესაძლოა, გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა), ასევე უნდა მოხდეს მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი