ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები, რომელთაც ბოლო წლებში ქონება 1 ლარად გადაეცათ

ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები, რომელთაც ბოლო წლებში ქონება 1 ლარად გადაეცათ

საქართველოში სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა წლებია მიღებული ტრადიციაა. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით რეგულირდებოდა. აღნიშნული კანონის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა და შესაბამის პირობებს ადგენდა საქართველოს პრეზიდენტი, რომლის განკარგულებითაც გაიცემოდა სხვადასხვა სახის ქონება კერძო პირებზე.

ივანიშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმის უფლებამოსილება დაკარგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას პირდაპირი გადაცემის ფორმით მთავრობა ახორციელებს.

2007 წლის შემდეგ სახელმწიფოსგან ქონების ერთ ლარად მიმღებთა რიგებში რამდენიმე ცნობილი ადამიანიც გვხვდება. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, სამხედრო პირები, მსახიობი და ყოფილი პირველი ლედიც...

იხილეთ სტატიის ვიდეოვერსია

AMBEBI.GE გთავაზობთ ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქონება გადაეცათ ცნობილ ადამიანებს 2007 წლის შემდეგ. ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ მონაცემებს და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას:

იუმორისტ ბესო ბერულაშვილს 2016 წლის სექტემბერში თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ბინა გადაეცა 1 ლარად. 140 კვ.მეტრის ფართობის ბინაში ბერულაშვილი რამდენიმე წელი ცხოვრობდა, საკუთრების უფლება კი საჯარო რეესტრში 2016 წლის 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია, რომ ბესო ბერულაშვილისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელმოწერები, კულტურის სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შეაგროვეს. მიმართვას ხელს ათობით ცნობილი სახე აწერდა, მათ შორის: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, რეზო ამაშუკელი, ჯანსუღ ჩარკვიანი, პაატა ბურჭულაძე, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, ნინელი ჭანკვეტაძე და სხვები (წაიკითხეთ ვრცლად ბერულაშვილის კომენტარი)

2016 წელს მთავრობამ ბინა გადასცა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს. 1 ლარად გადაცემული ქონება ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის #36 ა-ში მდებარეობს და 135 კვ.მეტრი ფართისაა. საცხოვრებელზე საკუთრების უფლება 2016 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელზე მეტია მსახურობს. სხვადასხვა დროს იყო პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა. შავლეგო ტაბატაძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, ასევე მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის არაერთ სამხედრო ოპერაციაში.

2014 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გადაეცა ქონება ერთ ლარად. დაბა წყნეთში, სტალინის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 4 580 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ 2014 წლის 2 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართა და მოითხოვა მის წინაშე არსებული სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების საკითხის შესწავლა. საქართველოს მთავრობამ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადება ცნობად მიიღო და მასში მითითებული საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღეში პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა წყნეთის სამთავრობო აგარაკები გაასხვისოს, მათგან ერთ-ერთი კი, პირველი პრეზიდენტის მეუღლეს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გადასცეს საკუთრებაში.

"არცერთ მთავრობის წევრს არ უსარგებლია ამ აგარაკებით. გასხვისება გადავწყვიტეთ. ერთ-ერთი აგარაკი უბრალოდ, საკუთრებაში გადავეცით მანანა გამსახურდიას, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთრებაში არ გადასცეს ის აგარაკი, რომელიც წესით ეკუთვნოდა, როგორც ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საცხოვრებელი სახლებისა და სხვა სახის უძრავი ქონების გარდა, მთავრობის განკარგულებით სხვადასხვა პირებს მოძრავი ქონებაც გადაეცემოდათ. მაგალითად, 2012 წელს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს, რომელსაც მაშინ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოზიცია ეკავა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა მოძრავი ქონება, ავტომანქანა Jeep Hummer 2.

2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გიგი უგულავას ძმის, ირაკლი უგულავას კომპანია შპს "ჯეოლენდს" პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად გადაეცა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საბერწეში მდებარე 8 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ირაკლი უგულავა კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი გახლდათ.

მიწის გადაცემის საინვესტიციო პირობაში მითითებული იყო, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწადში შპს "ჯეოლენდს" აღნიშნულ ტერიტორიაზე სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა ევალებოდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ რამდენიმე პირზე გააჩუქა ქონება ერთ ლარად 2011-2012 წლებში. მაგალითად, 2011 წელს, პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს თბილისში, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობაში არსებული ბინა გადაეცა, საერთო ფართობით 78.50კვ.მ. პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა.

2011 წელს სახელმწიფო ქონება პრეზიდენტის განკარგულებით ერთ ლარად კიდევ რამდენიმე პირს გადაეცა. მათ შორის: მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას თბილისში, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-5 სართულზე არსებული ბინა საერთო ფართობით 132კვ.მ გადაეცა. ის ბაჩო ახალაიას თანამოაზრე და მეგობარი იყო. მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს ზურაბ შამათავას, ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

2011 წელსვე გადაეცა კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს ლევან ქარდავას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ძმაა.

2010 წელს შეუერთდა სახელმწიფო ქონების მიმღებთა რიცხვს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ბეჟან ფარცვანია, რომელსაც თბილისში, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა #2-ში მდებარე 65 კვ.მ. ფართობის ბინა გადაეცა.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჩუქების ფაქტი, 2008 წელს დაფიქსირდა, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს 1 ლარად გადაეცა აგარაკი დაბა წყნეთში. სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები საერთო ფართობით 571კვ.მეტრი გახლდათ: ავტოფარეხი საერთო ფართობით 39კვ.მ, ნაგებობები და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 31 696 მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული ქონება. თუმცა, აღნიშნული ქონება ბურჯანაძეს მოგვიანებით, პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო ჩამოერთვა.

საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად შეიძლება გადაეცეთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეკომიგრანტებს, სოციალურად დაუცველებს, საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას და ინვესტორებს წახალისების მიზნით. სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს როგორც პირობებით, ასევე პირობების გარეშე.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

AMBEBI.GE აგრძელებს თემაზე მუშაობას და შემოგთავაზებთ სტატიებს ამავე ციკლიდან: 1 ლარად დაბრუნებული ქონებები და ბოლო წლებში სხვადასხვა უწყებისთვის ერთ ლარად გადაცემული ქონების სტატისტიკა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ