რა არის ჩემი პერსონალური მონაცემები? სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ეს, ალბათ, პირველია, რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ გაგახსენდათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი წარმოგიდგენთ ანბანს, რომლითაც მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ. მაშ ასე, ინფორმაცია 33 პერსონალური მონაცემის შესახებ, მათი დაცვის მარტივი ხერხები და ის საფრთხეები, რასაც მათი უკანონოდ გამოყენება იწვევს.
ანაბეჭდი - თითის ანაბეჭდი უნიკალურობის გამო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიომეტრიული მონაცემია. გამოიყენება პიროვნების იდენტიფიცირების, ვიზის გაცემისა და საზღვრის კონტროლის, საცავებში ან საიდუმლო ობიექტებზე შესვლის, გამოძიების მიზნებისთვის. კერძო ორგანიზაცია ანაბეჭდის აღებამდე ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა მიზნით გამოიყენებს თქვენს მონაცემს და რა ზომებს მიიღებს მის დასაცავად.
ბანკის ამონაწერი - დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საბანკო ანგარიშიდან შესრულებული ფინანსური ტრანზაქციების, მათი დანიშნულებისა და თარიღის შესახებ. გამოიყენება ანგარიშზე თანხების მიმოქცევის კონტროლის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციაში, მაგალითად საელჩოში წარსადგენად. ამონაწერის მიღება შეუძლია მხოლოდ ანგარიშის მფლობელს უშუალოდ ბანკში ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა ბანკის ამონაწერის მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია და საფინანსო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას საბანკო საიდუმლოება.
გვარი - პერსონალური მონაცემი, რომელიც პირს დაბადების რეგისტრაციისას ენიჭება. მითითებულია პრაქტიკულად ყველა დოკუმენტში, მათ შორის პასპორტში, მართვის მოწმობაში, დიპლომში, ხელშეკრულებებში. ინახება საჯარო და კერძო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებში. სხვა პერსონალურ მონაცემებთან, მაგ. სახელთან და დაბადების თარიღთან კომბინაციაში გვარი შესაძლოა გახდეს პირის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.
დიაგნოზი - პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების მიმართ კანონმდებლობა დაცვის განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს აწესებს. შესაბამისად, ორგანიზაციას არ აქვს უფლება გაამჟღავნოს დიაგნოზი პაციენტის თანხმობის გარეშე, თუ ეს არ ხდება მისი სასიცოცხლო ინტერესიდან ან კანონით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი შემთხვევებიდან გამომდინარე.
ელექტრონული ფოსტა - პერსონალური მონაცემი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციისთვის გამოიყენება, თუმცა ამ ფარგლებს უკვე დიდი ხანია გაცდა და პირის ელექტრონული იდენტობის შემადგენელ ნაწილად იქცა. ელექტრონული ფოსტის გარეშე შეუძლებელია დარეგისტრირება სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვებგვერდებსა თუ ონლაინ მაღაზიებში. ელექტრონული ფოსტის მისამართის მიწოდებას ხშირად ითხოვენ ღონისძიებაზე რეგისტრაციისას, დისტანციური მომსახურების გაწევისას, დასაქმებისა და სხვა მიზნებისთვის. სახელთან, გვართან და ტელეფონის ნომერთან ერთად მითითებულია სავიზიტო ბარათებზე. ეს მონაცემი ხშირად ხდება თაღლითების სამიზნე. გამოიყენება არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების, საეჭვო შემოთავაზებების, ე.წ. Spam-ის გამოსაგზავნად, სხვა მონაცემებთან კომბინაციაში კი პიროვნების მითვისების (Identity Theft) მიზნითაც.
ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ყურადღებით წაიკითხოთ იმ ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Privacy Policy), სადაც მისი საშუალებით რეგისტრირდებით. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ერთი და იგივე ელექტრონული მისამართი სამსახურეობრივი მიმოწერისთვის და მაგალითად სოციალურ ქსელში ან ონლაინ-შესყიდვების საიტზე დასარეგისტრირებლად. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ელექტრონული ფოსტის პაროლი მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ.
ვიდეო გამოსახულება - ფიზიკური პირის ვიდეო გამოსახულება წარმოადგენს გამოსახულებათა თანმიმდევრულ ჩანაწერს, რომელიც შეიძლება შეიქმნას ვიდეოთვალთვალის, ვიდეოკამერის, სმარტფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის დახმარებით. ვიდეოთვალთვალის სისტემის საშუალებით ჩანაწერების შეგროვება მხოლოდ პირისა და ქონების უსაფრთხოების, ასევე საიდუმლო ინფორმაციის ან არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისთვის შეიძლება. გამოსახულების ამსახველი ჩანაწერები კი ხელმისაწვდომი მხოლოდ სათანადო უფლებამოსილ პირთა ვიწრო წრისთვის უნდა იყოს.
ზომა-წონა - ფიზიკური მახასიათებლებიც პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს. წონა, სიმაღლე და სხეულის სხვა პარამეტრები შეიძლება აღირიცხებოდეს სამედიცინო დაწესებულების, გამაჯანსაღებელი ან სპორტული ცენტრის მიერ. ხშირად თქვენი სხეულის პარამეტრების მითითებას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიტნეს აპლიკაციებიც ითხოვენ. ეს, როგორც წესი, ვარჯიშის დაგეგმვის, კალორიების თვლისა და სხვა მსგავსი მიზნით ხდება, თუმცა თქვენი თანხმობის შემთხვევაში შესაძლოა ეს მონაცემები სხვა მიზნებითაც გამოიყენონ. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი აპლიკაცია, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენის შესაძლებლობას გაძლევთ, ასევე გაასწოროთ მოძველებული ან არასწორი ინფორმაცია.
თვალის ფერადი გარსი - რომელსაც ასევე "ირისს" უწოდებენ, თვალის გუგის ირგვლივ მდებარე ფერადი კუნთოვანი რკალია. უნიკალურობიდან და მუდმივობიდან გამომდინარე ბიომეტრიულ მონაცემს განეკუთვნება. თვალის ფერადი გარსის სკანირება პირის იდენტიფიცირების უტყუარი საშუალებაა. თვალის ფერადი გარსის მეშვეობით პირის იდენტიფიცირება, როგორც წესი, დასაშვებია უსაფრთხოების, საკუთრებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
ინტერნეტის ისტორია - ინტერნეტის მომხმარებლის მიერ გამოყენებული ვებგვერდების ჩამონათვალი, რომელსაც ბრაუზერი ინახავს. მოიცავს ვებგვერდის დასახელებას, ვიზიტის დროს და კონკრეტულ ლინკს. უფრო ფართო გაგებით, ინტერნეტის ისტორია ასახავს მომხმარებლის მიერ ინტერნეტში დატოვებულ ნებისმიერ კვალს - Google-ში ძებნას, მოწონებას, გაზიარებას, კომენტარს სოციალურ ქსელებში, მზა ჩანაწერებში (cookies) შენახულ ინფორმაციას და ა.შ.
ინტერნეტისტორია გამოიყენება მომხმარებლის ქცევისა და ინტერესების შესასწავლად, რეკლამის სამიზნე აუდიტორიაზე მოსარგებად, სტატისტიკური ანალიზისთვის. ასევე მისით შეიძლება დაინტერესდეს თქვენი ოჯახის წევრი, კოლეგა, საგამოძიებო უწყება და სხვა. ინტერნეტის ისტორიაზე ხელმისაწვდომობის სრული შეზღუდვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა არსებობს კონტროლის მექანიზმები: ინკოგნიტო ფანჯრის გამოყენება, მზა ჩანაწერებზე უარის თქმა, სიფრთხილის გამოჩენა სამსახურეობრივი კომპიუტერის გამოყენებისას, ვებგვერდების კონფიდენციალურობის და სარეკლამო პოლიტიკის გაცნობა და რა თქმა უნდა, ისტორიის წაშლა, რის საშუალებასაც ნებისმიერი ბრაუზერი იძლევა.
კომუნიკაცია - შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ დაცვა სჭირდება არა მხოლოდ კომუნიკაციის შინაარსს, არამედ მისი მონაწილეების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებსაც. კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიები (მაგ. ოპერატორები, სერვის პროვაიდერები) ფლობენ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის სახელი და მისამართი, ინტერნეტპროტოკოლის (IP) მისამართი, კომუნიკაციის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა, შემოსული და გასული ზარები, გამოყენებული ინტერნეტ და სატელეფონო სერვისები, მობილური აღჭურვილობის იდენტიფიკატორი (IMEI) და სხვა. კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანია ვალდებულია დაიცვას ამ მონაცემების კონფიდენციალურობა. სამართალდავცველ ორგანოებს კი ამ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეუძლიათ.
ლოკაცია - ინფორმაცია ფიზიკური პირის ან მასთან დაკავშირებული რომელიმე ელექტრონული მოწყობილობის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს გეოგრაფიული ადგილსამყოფელი, გადაადგილება მიმართულება ან დრო. ამ ტიპის ინფორმაციას იყენებენ მობილური ქსელები და აპლიკაციები მაგალითად, მობილურ ოპერატორს ლოკაცია ტელეფონის ანძასთან დასაკავშირებლად სჭირდება, ხოლო რუკის აპლიკაციას დანიშნულების ადგილამდე გზის საჩვენებლად.
ინფორმაციას ლოკაციის შესახებ ხშირად თავადაც გავცემთ. მაგალითად, ვაძლევთ წვდომის უფლებას საეჭვო ინტერნეტ აპლიკაციებსა და ვებგვერდებს, ვაკეთებთ cheсk-in-ს სოციალურ ქსელებში და ა.შ. ლოკაციის შესახებ ინფორმაციის გაცემამდე მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, რამდენად სანდოა აპლიკაცია თუ ვებგვერდი, რომელსაც ამ მონაცემის გამოყენების უფლებას აძლევთ.
მისამართი - პერსონალური მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს ფიზიკური პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ან იურიდიული ადგილსამყოფელი. იგი გამოიყენება პირთან დასაკავშირებლად - მისთვის წერილის, დოკუმენტის ან ნივთის გასაგზავნად. მისამართის შესახებ ინფორმაცია ინახება, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებში, მაგალითად, სამოქალაქო რეესტრში, ბანკებში, სკოლებში, დამსაქმებელთან და ა.შ. ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას ინფორმაცია მისამართის შესახებ და არ გასცეს ის მესამე პირებზე, თუ არ არსებობს მფლობელის თანხმობა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. თუ ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი ითხოვს თქვენგან მისამართის მიწოდებას, თქვენ გაქვთ უფლება დასვათ შემდეგი კითხვები: რა მიზნით გამოიყენება ეს მონაცემი და რამდენად აუცილებელია მისი გამჟღავნება.
ნასამართლეობა - ნასამართლეობა არის პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ცალსახად მიანიშნებს დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირი ნასამართლევად ითვლება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის თუ დანაშაულის კვალიფიკაციისას. ამ ინფორმაციას ხშირად ითხოვენ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს განეკუთვნება, დაცულია სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზებში და მასზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია. მისი გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ნასამართლობა არ წარმოადგენს მუდმივ მონაცემს და მისი მოხსნის ან გაქარწყლების შემდგომ პირი ნასამართლობის არ მქონედ ითვლება.
ოჯახური მდგომარეობა - ინფორმაცია ჩვენი პირადი ცხოვრებისა და სტატუსის შესახებ, რომელიც ხშირად ხდება უცხო ადამიანების ინტერესის საგანი. ოჯახური მდგომარეობის ველი გვხვდება სამსახურის მაძიებლების ანკეტებსა და სავიზო განაცხადის ფორმებში, სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობისას, რაც, როგორც წესი, გულისხმობს, რომ უნდა გაამჟღავნოთ ინფორმაცია იმყოფებით ან ყოფილხართ თუ არა ქორწინებაში.
თუ ორგანიზაცია ცდილობს თქვენგან ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თქვენ გაქვთ უფლება დაინტერესდეთ, რის საფუძველზე და რა მიზნით დამუშავდება თქვენი მონაცემები და რამდენად სავალდებულოა ამ ინფორმაციის გამჟღავნება.
პირადი ნომერი - პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომელიც მას დაბადების რეგისტრაციისას ენიჭება. პირადი ნომერი მითითებულია ისეთ დოკუმენტებზე, როგორიცაა პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა და ა.შ. იმის გამო, რომ ორი იდენტური პირადი ნომერი არ არსებობს, იგი პირის იდენტიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მონაცემია და მისი გამოყენებით მონაცემთა ბაზებში ბევრი სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ პირადი ნომრის შემცველ დოკუმენტებს განსაკუთრებული გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
ჟესტიკულაცია - არავერბალური კომუნიკაციის გამომხატველი ფორმა, რომელიც თითოეული ადამიანის მახასიათებელი ნიშანია. ჟესტიკულაციამ შესაძლებელია იმაზე მეტი ინფორმაცია გასცეს ჩვენ შესახებ, ვიდრე გვგონია. კვლევებით დასტურდება, რომ კომუნიკაციის 60-80% ხდება არავერბალურად. ჟესტიკულაციით შესაძლებელია მოხდეს ადამიანის ამოცნობა, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა და ქცევითი მახასიათებლების განსაზღვრა, დადგინდეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა კონკრეტულ მომენტში. ჟესტიკულაციას ითვალისწინებენ ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენისას.
წაიკითხეთ გაგრძელება: თქვენი 33 პერსონალური მონაცემი, რომელიც სხვებისგან უნდა დაიცვათ (ნაწილი მეორე)