ე.წ. ციანიდის საქმეზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომელშიც საქმის დღემდე უცნობ არაერთ დეტალზეა ლაპარაკი. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მკვლევარი: "უკვე ბევრმა გაიგო სატელეფონო ჩანაწერების ამბავი, საიდანაც, ჩემი ინფორმაციით, დგინდება, რომ სავარაუდოდ, მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის მოკვლა იგეგმებოდა. როგორც ვიცი, არც ერთ მათგანს დღესაც ახლოს არ აკარებენ პატრიარქს...
საპატრიარქოს კულუარებში ამბობენ, რომ საოპერაციოდ წასვლის წინ პატრიარქის მდგომარეობა ძალიან დამძიმებული იყო. პროკურატურის ხელთ არსებულ სატელეფონო საუბრებში, ჩემი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძესთან ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი ამბობს, რომ პატრიარქი, შესაძლოა, ოპერაციის დროს დაიღუპოს... ამ ინფორმაციას არ ახმაურებდნენ, რათა პანიკა არ ამტყდარიყო. დღეს უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რადგან, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. როგორც ვიცი, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. როგორც ამბობენ, უნდა შედგენილიყო წერილი, რომელიც საზოგადოებას უწმინდესის გაყალბებული ხელმოწერით წარედგინებოდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში. წერილში ნათქვამი იქნებოდა, რომ დაქვრივებულ საეკლესიო ტახტს 40 დღის განმავლობაში უხელმძღვანელებდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და ის მოამზადებდა მომავალი პატრიარქის არჩევნებს. სწორედ ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ!" - ამბობს ინტერვიუში თეოლოგი.