სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" ე.წ. ოქროს ბირჟის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, გასაყიდი პროდუქცია ბანკის ვალებით ჰქონდათ ნაყიდი და შესაბამისად, ზარალი ათეულობით ათას დოლარს შეიძლება შეადგენდეს. მოვაჭრეები ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სეიფები, სადაც ოქრო ინახებოდა, გადარჩენილია, ხოლო დახლზე დატოვებული პროდუქცია - არა.
"ღამის 4 საათზე გაჩნდა ხანძარი. ბანკში აღებული ვალებით გვქონდა ნაყიდი პროდუქცია. ზოგს ეს ნივთები დახლში ჰქონდა, ზოგს - სეიფებში. ძალიან განერვიულებულები ვართ, ბანკის ვალები გვაქვს, რომ ოჯახები გვერჩინა. იმედი გვაქვს, რომ კომპენსაციას მოგვცემენ, რათა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. იმედს გვაძლევენ, რომ გადარჩენილია სეიფები, თუმცა ნაწილობრივ. საუბარია ძალიან დიდ თანხებზე", - აცხადებენ მოვაჭრეები.
ვიდეო: რა მდგომარეობაა ოქროს ბირჟის სეიფში ხანძრის შემდეგ
"ერთადერთი რაზეც იმედს გვაძლევენ, ის სეიფი სადაც ვინახავდით ამ ნივთებს ხელშეუხებელი და დაცულიაო. დამთავრდება ხანძარი, ჩაქრება ცეცხლი და ეტაპობრივად გამოიტანთ გადარჩენილ ნივთებსო. ნახევარი დარბაზი ზის კრედიტებით, თუ დახმარება არ გაგვიწიეს, სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით" - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
"მე პირადად 50 000 დოლარის საქონელი მქონდა. არის მაღაზიები, სადაც მილიონამდე საქონელი იყო. მთელი ცხოვრება რაც ვიშრომეთ, მაგ შენობაში იყო და რამენაირად უნდა დაგვეხმარონ", - აცხადებენ ოქროს ბირჟის მოვაჭრეები.
რა დარჩა "ბავშვთა სამყაროდან" - ფოტოები მასშტაბური ხანძრის ადგილიდან ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ