რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სვანური კოშკების ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო გავრცელდა. დღეს კი "ფეისბუქზე" გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მამაკაცს, რომელიც სვანეთის ფონზე შიშველი პოზირებდა, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს. ვიდეოს ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ნარსავიძე ავრცელებს.
"დიდი ბოდიში ყველას, ვისაც ამ სურათით შეურაცხყოფა მივაყენე, კერძოდ სვანებს და სვანეთს. ძალიან მიყვარს ეს კუთხე და ცუდი განზრახვით არ გამიკეთებია...",- ამბობს მამაკაცი, რომლის ფოტომ როგორც აღმოჩნდა, სვანები გააბრაზა.
ვიდეოს გადაღების დროს მასთან ერთად სვანი მამაკაციც საუბრობს:
"ამის შემდეგ ყველამ იცოდეს, რომ სვანეთში და კავკასიის რეგიონში ასეთი რაღაცეები არ ხდება და ყველა კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ჩვენი ადათ-წესები დგას. ასე რომ, როდესაც ასეთ ადგილას ჩადიან, ქცევის ეტიკეტები ყველამ უნდა იცოდეს. მსგავსი საქციელები აკონტროლეთ...", - ამბობს ის. სოციალურ ქსელში წერენ, რომ სვანებმა ფოტოს ავტორს ბოდიში მუქარით მოახდევინეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
"თუ პირი, რომელიც ვიდეოში ფიგურირებს, მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენგან იქნება მყისიერი რეაგირება", - ამბობენ უწყებაში.