დღეს კრის კაილის სახელს მთელი მსოფლიო იცნობს. მისი ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანი „ამერიკელი სნაიპერი“ გამოსვლიდან ძალიან მალევე იქცა ბესტსელერად. წიგნი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიყიდა და ითარგმნა, მათ შორის საქართველოშიც. გამომცემლობა პალიტრა L-მა ის მისი პროექტის- „წლის ბესტსელერის“ ფარგლებში გამოსცა.
კრის კაილის ბიოგრაფია 1974 წელს იწყება. ის ტეხასის შტატში, სკოლის პედაგოგისა და სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. 8 წლის ასაკში მამა კრისს თოფს ჩუქნის, რომლითაც შემდეგში ხშირად დადიოდა კრისი სანადიროდ. ბიჭის მომავალი პროფესიაც იარაღის უზადო ფლობასთანაა დაკავშირებული.
1999 წლიდან 2009 წლამდე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა, სნაიპერმა კრის კაილმა, ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ისტორიაში. მისმა თანამებროლებმა, მას "ლეგენდა" შეარქვეს, მტრებმა კი "ალ-შაითანი", ანუ ეშმაკი უწოდეს და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს 20 ათასი დოლარის ოდენობით.
2009 წელს კრის კაილი სამხედრო-საზღაო ფლოტს ემშვიდობება და ცოლ-შვილთან ერთად ტეხასის შტატში იდებს ბინას, პარალელურად მუშაობას იწყებს ერთ-ერთი კომპანიის ხელძღვანელად, რომელიც სნაიპერებსა და დაცვის თანამშრომლებს წვრთნის.
2012 წელს კრის კაილი გამოსცემს ავტობიოგრაფიული ჟანრის წიგნს „ამერიკელი სნაიპერი“, რომელშიც დოკუმენტური სიზუსტით აღწერს ომის საშინელებას – მათ შორის, თავისი ორი მეგობრის სიკვდილს. მისი მეუღლე, ტაია კი გულახდილად გვიყვება, თუ რა მძიმე დაღი დაასვა ომმა მათ ოჯახსა და პირადად, კრისს.
წიგნის გამოსვლიდან 1 წელიც არ იყო გასული, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კრის კაილი მოკლეს. 2013 წლის 2 თებერვალს კრისი მის ბავშვობის მეგობარ ჩედ ლიტფილდთან და ახლადგაცნობილ ედი რუტთან ერთად სასროლ ბაზაზე იმყოფებოდა. მოულოდნელად რუტი ცეცხლს უხნის კრის კაილს და ჩედ ლიტფილდს და შემთხვევის ადგილიდან იმალება. რამდენიმე საათის შემდეგ კრისის და ჩედის გვამებს პოულობენ.
დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რა მოტივით დახოცა რუტმა ისინი. ცნობილია ის, რომ ედი რუტი ერაყის ომის ვეტერანი იყო, რომელსაც პოსტტრავმული ფსიქიკური აშლილობა სჭირდა. რუტს 2015 წლის 24 თებერვალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
„ამერიკაში მოკლეს ქვეყნის საუკეთესო სნაიპერი“, „თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული სნაპერი მოკლულია ერაყის ომის ვეტერანის ტყვიით“ ასე გამოეხმაურნენ კრისის მკვლელობას სხვადასხვა მსოფლიო გამოცემები.
2014 წელს ოსკაროსანმა რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა კრის კაილის „ამერიკელი სნაიპერის“ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ბრედლი კუპერი ანსახიერებს. 2015 წლის "ოსკარის" დაჯილდოვებაზე ფილმი ოსკარის 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და მათგან ერთში გაიმარჯვა კიდეც.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის გამოსვლიდან უკვე 4 წელი გავიდა, წიგნი მაინც არ კარგავს პოპულარობას და კვლავ ინარჩუნებს ბესტსელერის პოზიციას.
თინათინ შავლაძე